13:20 | 2020-03-22 ავტორი: Prime Time

თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექითო – ილია მეორე

თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექითო – ილია მეორე

თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექითო, ეს არის საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა, მთავარია, ჩვენ დავეხმაროთ ერთმანეთს ამ რთულ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

 

„ჩვენთან არს ღმერთი. სახელითა მამისათა და ძისათა, და წმინდისა სულისათა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ჯვრის თაყვანისცემას, ჯვრის ტვირთვას. უნდა ვიტვირთოთ ჯვარი ჩვენი და ეს ჯვარი მიგვიყვანს ჩვენს სასუფეველში. დიდ ხარ შენ უფალო. დიდება და მადლობა უფალს. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ასეთი მოთმინებით მივყევართ სასუფეველში. უფალი მოწყალეა, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მასთან ვართ. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი გზა მივიდეს სასუფეველში. აი თქვენ გეუბნებიან, რომ შორი-შორს დადექითო. ეს არის საშუალება, ეს არის მცირე საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს აი ამ სვლაში, ამ რთულ გზაზე. გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია, ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა, აი ჩვენს სამღვდელოებას ვუთხარით, რომ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ უფალთან და უფალი დაგვაყენებს მარჯვენა მხარეს. გმადლობთ უფალს,რომ უფალი ასეთი მოწყალეა.

 

ჩვენი სახელები ჩაწერილია წიგნსა მართლცხოვრებისა და ეს სახელები სასუფეველია სასუფეველში. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ჯვრის გზაა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გვიადვილებს ამ გზას. საქართველო არის წილხვედრი, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთის განგებით არის ყველაფერი, ჩვენ ვმადლობთ უფალს. ეს რაც ხდება, შორი-შორს დადექით, ეკლესიის გარშემო დადექით, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ დავშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ, აი ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა სასუფეველისა. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, მტკიცედ იდექით, წყალობა და მადლი ღვთისა აღმავალია ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. არ შეგეშინდეთ,უფალი ჩვენთან არს. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით, ჩვენთან არს ღმერთი“ –  აღნიშნა პატრიარქმა.

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს. შეზღუდვა გავრცელდება ეკლესიებში მრევლის შეკრებაზეც.

 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ეკლესია კვლავ გააგრძელებს წირვა-ლოცვებს.

 

საკვირაო წირვა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით ჩატარდება – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

„საკვირაო წირვა ახალი რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩატარდება და ეს რეკომენდაცია მრევლს შორის დისტანციის დაცვაა. ვიზრუნებთ იმაზე, რომ მრევლს ეს ავუხსნათ. ეს ზომა მიღებული არის გარკვეული მიზნის მისაღწევად. სრულიად ალოგიკურია, რომ 20 კვადრატულ მეტრში და ორიათასშიც ერთი რაოდენობის ადამიანზე იყოს საუბარი. მიზანი არის ის, რომ დისტანცია იყოს დაცული და თუ ეს შესრულდება, არც ღვთისმსახურებას შეეშლება ხელი და არც რეკომენდაციას დავარღვევთ“ – განაცხადა მამა ანდრიამ.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X