fbpx
15:51 | 2020-06-25 ავტორი: თამარ გონგაძე

“თონეთიდან გაქცეულ ვაჟას, ისევ დავაბრუნებ” – ნანგრევებად ქცეული ისტორიის გაცოცხლება

“თონეთიდან გაქცეულ ვაჟას, ისევ დავაბრუნებ” – ნანგრევებად ქცეული ისტორიის გაცოცხლება

თბილისთან ახლოს, წყნეთთან, სოფელ თონეთში წმინდა გიორგის საყდრის გვერდით, ჩვენ საამაყო მგოსანს, ვაჟა-ფშაველას, მედუქნეებმა სკოლა აუშენეს. ორ თვლიან სკოლაში მგოსანი მასწავლებლად მუშაობდა, თონეთელ და მიმდებარე სოფლებიდან მოსულ ბავშვებს ასწავლიდა, მეორე ოთახში კი თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ლევან რაზიკაშვილი თონეთში დაბადებულა.

 

ამჟამად ვაჟას სკოლის ნანგრევები მოტიტვლებულ ბექობზეა, უპატრონოდ, მიტოვებული, მხოლოდ ისტორიის ამარა. ახალგაზრდა თონეთელ მწერალს, დათია ბადალაშვილს რაც თავი ახსოვს, ამ ნანგრევების აღდგენა სურს. იდეა გიორგი კეკელიძეს გაანდო, რომელიც მანამდე სოფლის ბიბლიოთეკის გაკეთებაში დაეხმარა.

 

გიორგის აქტიურობისა და ფხიანობის ამბავი სიახლე არ არის. ყოველდღე ახალ-ახალ ამბებს ეჭიდება. დღეს კი სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

 

არ წავშლით ვაჟას ნაკვალევს თონეთში ...

“ერთი კარგი თონეთელი ბიჭია, დათია ბადალაშვილი – ბევრი იცნობთ. მან მაჩვენა ამ სკოლის ნანგრევები. გორაკზე დგას, საქონლის შესაფარად ქცეული.

 

ახლა, მე და დათიამ გადავწყვიტეთ, ვაჟა თონეთში დავაბრუნოთ და ეს ორი ოთახი აღვადგინოთ – ბიბლიოთეკად და სახელოვნებო სივრცედ ვაქციოთ. ასე ვფიქრობ – ვაჟას სკოლა დავარქვათ.

 

სივრცე, ,”ნაშენობარი” თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს არ ეკუთვნის, მათგან სურვილი და თანხმობა გვაქვს. მალე სახელმწიფოს შესაბამის წერილს წარვუდგენთ, დროებით გადმოგვცეს და იმედი გვაქვს, თანხმობა იქნება.

 

ათწლეულებია ასე დგას და ვაჟას ელოდება. ის ფშაველი გენიოსი კიდევ თონეთში კი არა, მთელ საქართველოშია დასაბრუნებელი. ამისთვის დიდი ომი გვჭირდება.
ამ მცირე ბრძოლას კი დღეიდან ვიწყებთ” – წერს გიორგი სოციალურ ქსელში.

 

რისი მოწყობა გადაწყვიტეს გომურში ბესიკ ხარანაულმა და გიორგი კეკელიძემ
2020-06-19რისი მოწყობა გადაწყვიტეს გომურში ბესიკ ხარანაულმა და გიორგი კეკელიძემ

 

დათია ბადალაშვილმა შარშან წინანდლის პრემია აიღო წლის საუკეთესო პროზაული კრებულისთვის – “ფიჭვები შორს იყო”. დათია “პრაიმტაიმთან” ვაჟას სკოლის იტორიას იხსენებს.

 

დათია ბადალაშვილი: – ეს სკოლა ვაჟას ოჯახისთვის აიგო და ეს საქმე მედუქნეებმა ითავეს. მრავალრიცხოვანი სოფელი იყო თონეთი და გარშემო ბევრი სოფელი და ნასოფლარები ერტყა. უნდოდათ საერთო სკოლა ჰქონოდათ. სოფელში მიწის გადანაწილება ახალი დაწყებული იყო.

 

თონეთში იმ დროს მღვდლები სიძე-ცოლის ძმა ყოფილა, რომლებიც სოფლის ბობოლებთან ერთად ღარიბ გლეხებს ავიწროვებდნენ. ვაჟა ის კაცი არ იყო, რომ მსგავს რამეს შერიგებოდა. უბრალო ოჯახის შვილი იყო და მუდამ ესარჩლებოდა უბრალო ხალხს. მღვდელთან ღია კონფლიქტში ვერ შედიოდა, თავად მღვდლის შვილი იყო. მამასახლისს კი ყველანაირად უშლიდა ხელს ხალხისთვის მიწა წაერთვა.

 

ერთხელაც დუქანში, სადაც ვაჟაც იყო, რუსმა ოფიცერმა ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა. იქ პოეტს სამი კაცი გაულახავს, მასაც მოხვედრია მუშტი. იმ დროს რუსი ოფიცრის ცემას არავინ აპატიებდა. ამიტომ ვაჟას თონეთიდან გამოგდების ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო.

 

მანამდე მამასახლისის პირველ საჩივარზე თონეთში ამოსულა ნეკო მარსიტაშვილი, რომელიც წერდა, რომ ბევრ სკოლაშია ნამყოფი და ისეთი თვალებგაბრწყინებული ბავშვები, როგორიც ვაჟას სკოლაშია, არსად უნახავს. მამასახლისს მიწის თემაზე ხალხის ჩაგვრაში ისეთ წინაღმდეგობას უწევდა, რომ მამასახლისი უკვე ღიად ემუქრებოდა ვაჟას – მოგკლავო. მოკლედ, პოეტს ურჩიეს, რომ დაეტოვებინა თონეთი.

მერე ამ სკოლაში წერა-კითხვის საზოგადოებამ სხვა მასწავლებელი გამოგზავნა.

 

2020-06-11"ნიღაბს შეიძლება ამოეფარო, პირბადეს - ვერა" - რა შეცვალა პირბადით ცხოვრებამ

 

როგორც გიორგი კეკელიძე “პრაიმტაიმთან” აცხადებს, სკოლის აღსადგენად ბევრი ადამიანი შემოწირულობისთვის მზადაა.

 

გიორგი კეკელიძე: – ფონდი “გურული დღიურები” აპირებს ეს საქმე თავის თავზე აიღოს. ეს არ იქნება კომერციული დატვირთვის ადგილი. მოვაწყობთ ცოცხალ სახელოვნებო სივრცეს, სადაც საღამოები და წიგნის წარდგენები გაიმართება. შშმ პირებისთვისაც ადაპტირებული გარემო იქნება. მივწერ ეკონომიკის სამინისტროს, რომ ეს ნანგრევები უზუფრუქტით უსასყიდლოდ დროებით მფლობელობაში გადმოგვცეს, ავამუშავებთ და სახელმწიფოს დავუბრუნებთ.

 

დათია კი თავს ვალდებულადაც მიიჩნევს, რომ მისი სოფლიდან გაქცეული მსოფლიო დონის პოეტი, ისევ სოფელში დააბრუნოს.

 

დათია ბადალაშვილი: – ვაჟა ჩემი სოფლიდან ჩემი და ჩემნაირი ადამიანების გამოსარჩლების გამო გააქციეს, ამიტომ მე მას თავისი ტოლერანტული და ჰუმანური იდეებით ისევ დავაბრუნებ თონეთში. მინდა აქ ლიტერატორები, აგრონომები, ფერმერები, სპოსრტმსნები შეიკრიბონ. იყოს საკვირაო სკოლა, სადაც ყველა თანაბარი იქნება. მინდა, ვაჟასთვის დამახასიათებელი ჰუმანიზმით იყოს გამსჭვალული ყველა, ვისაც ამ სივრცესთან ექნება შეხება.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X