18:22 | 2021-05-04 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ტყუპი გოგონების შემზარავი ამბავი – ერთმა რომ თავისუფლად იცხოვროს, მეორე უნდა მოკვდეს

ტყუპი გოგონების შემზარავი ამბავი – ერთმა რომ თავისუფლად იცხოვროს, მეორე უნდა მოკვდეს

ყველამ იცის, რომ ტყუპებს წარმოუდგენელი თანაგრძნობა აქვთ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ზოგჯერ ეს სიახლოვე შეპყრობილობად გადაიქცევა. ტრაგიკულად დასრულდა ტყუპების ისტორია, რომლებიც მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობდნენ.

 

ჯუნ და ჯენიფერ გიბონსები 1963 წელს, ბარბადოსში, ბრიტანეთის საჰაერო ძალების მექანიკოსის ოჯახში დაიბადნენ. ოჯახი მალე საცხოვრებლად გადავიდა უელსში. მშობლებმა შენიშნეს ქალიშვილების უცნაურობა – ისინი უჩვეულოდ ჩუმად იყვნენ და კონტაქტობდნენ მხოლოდ ერთმანეთთან. თავდაპირველად მშობლებს ეგონათ, რომ ჯუნისა და ჯენიფერს განვითარების შეფერხება ჰქონდათ, მაგრამ ძალიან მალე გაირკვა, რომ ეს ვარაუდი არასწორი იყო.

 

მრავალი სხვა ტყუპის მსგავსად, მათ გამოიგონეს საკუთარი ენა, რომლის გაგება მხოლოდ ორს შეეძლო. ასეთ ენას ეწოდება „კრიპტოფაზია“ – ნიშნების სისტემა, რომელიც შექმნილია ვიწრო წრის ადამიანებისთვის. მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ერთ-ერთმა ფსიქიატრმა სცადა გაეშიფრა მათი საუბარი, რომელიც მაგნიტოფონზე იყო ჩაწერილი, აღმოაჩინა, რომ გოგონები რეგულარულად საუბრობდნენ ინგლისურად, ისეთი სისწრაფით, რომ ხმები უწყვეტ ნაკადად ისმოდა და შეუჩვეველი ყური ვერ იჭერდა.

 

სკოლაში მხოლოდ გიბონსები იყვნენ შავკანიანები და სხვებს მათით აშინებდნენ. ამიტომ მასწავლებლები ადრე უშვებდნენ კლასიდან, რათა თავიდან აეცილებინათ დანარჩენ მოსწავლეებთან შეხება. ცხადია, ტყუპები კიდევ უფრო დაშორდნენ სამყაროს.

 

მხოლოდ თოთხმეტი წლის ასაკში, როდესაც პრობლემამ პიკს მიაღწია, მშობლებმა გადაწყვიტეს, სერიოზულად მოჰკიდებოდნენ მათ მკურნალობას. ჯენი და ჯენიფერი ფსიქოთერაპევტთან მიიყვანეს.

 

დები ოთახში იკეტებოდნენ, ოჯახის დანარჩენი წევრებისგან იზოლირებას ახდენდნენ და იქ დიდხანს ატარებდნენ ერთად.

 

მიუხედავად იმისა, რომ გოგონებს ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ, ეს მათ ყოველთვის არ ახალისებდათ. აი, რას წერდა ჯუნი თავისი დის შესახებ, თავის პირად დღიურში: „მსოფლიოში არავინ იტანჯება ისე, როგორც მე და ჩემი და. მეუღლესთან, შვილთან ან მეგობართან ერთად ცხოვრების დროს არ განიცდიან იმას, რასაც ჩვენ განვიცდით. ჩემი და, გიგანტური ჩრდილივით მპარავს მზის შუქს და ჩემი ტანჯვის წყაროა“.

 

 

 

დებმა დაიწყეს რომანების წერა, რომელსაც ასევე ძალიან საშინელი შინაარსი ჰქონდა. მაგალითად, „პეპსი-კოლური ნარკომანი“ მოზარდზეა, რომელსაც მასწავლებელი აცდუნებს. ამის შემდეგ, მას გზავნიან არასრულწლოვანთა შრომა-გასწორების დაწესებულებაში, სადაც ხდება გეი მცველის მსხვერპლი. ჯენიფერი „მებრძოლში“ აღწერს ექიმის ბედს, რომელიც შვილს გადაარჩენს, ძაღლს კლავს და მის შვილს გულს გადასცემს. ამის შემდეგ ძაღლის სული აწვალებს ბიჭს და იწყებს შურისძიებას.

 

მიუხედავად იმისა, რომ დები ცდილობდნენ თავიანთი რომანების გამომცემლობისთვის მიყიდვას, ყველგან უარით გამოისტუმრეს – მათ რომანებში ძალიან ბევრი სისასტიკე და აგრესია იყო. შემდეგ მათ კიდევ უფრო უცნაური გადაწყვეტილება მიიღეს: გოგონები დამნაშავეებად გადაიქცნენ. გიბონსები თავს ესხმოდნენ გამვლელებს, მაღაზიებს, ძარცვავდნენ და აყაჩაღებდნენ. ბოლოს ისინი დაიჭირეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 11 წელი გაატარეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ გოგონები სხვადასხვა პალატებში ჰყავდათ, ისინი ზუსტად აკოპირებდნენ ერთმანეთის პოზებს. ამ საშინელმა სინქრონულობამ ექიმები შეაშინა. კლინიკაში ყოფნის დროს ტყუპებმა დაასკვნეს, რომ იმისთვის, რომ ერთმა თავისუფლად იცხოვროს, მეორე უნდა მოკვდეს. გადაწყდა, რომ ჯენიფერი მოკვდებოდა.

 

აქ აღსანიშნავია ერთადერთი ადამიანი, ვინც მოახერხა ამ სიჩუმის კედლის გარღვევა. ეს იყო Guardian- ის ჟურნალისტი, მარჯორი უოლესი. დებმა სწორედ მას გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები მომავლის შესახებ. ასე რომ, ჯენისა და ჯენიფერის სხვა კლინიკაში გადასვლის წინა დღეს, ჯენიფერმა თქვა: „მარჯორი, მარჯორი, მე მოვკვდები“. როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რას გულისხმობდა, გოგონამ უპასუხა: „იმიტომ, რომ ჩვენ ასე გადავწყვიტეთ“.

 

როდესაც მათი სხვაგან გადაყვანის დრო მოვიდა, ჯენიფერმა მანქანაში თავი დის კალთაზე დადო და თითქოს ღია თვალებით ჩაეძინა. ის საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად მწვავე მიოკარდიტი დაადგინეს. მოწამვლის ან ძალადობრივი სიკვდილის კვალი არ აღმოჩნდა.

 

 

„დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ჩვენ ახლა თავისუფლები ვართ“, – თქვა ჯენმა დის გარდაცვალების შემდეგ. ჯენიფერი დაკრძალეს და საფლავის ქვაზე დააწერეს: „ადრე ორნი ვიყავით და ერთნი ვიყავით, მაგრამ ჩვენ აღარ ვართ ორნი, ცალ-ცალკე წავიდა ჩვენი ცხოვრების გზები“.

 

ცნობილია, რომ 2008 წლამდე ჯენი მარტო ცხოვრობდა მშობლების სახლიდან მოშორებით. ის ექიმებთან აღარ დადიოდა და საზოგადოებამ მიიღო ისეთი, როგორიც იყო. მან წარსული დაივიწყა.

ავტორი: მარი ჯაფარიძე


X