18:35 | 2020-06-18 ავტორი: Prime Time

ტყუილი შეგნებულად ვთქვი, სინამდვილეში მკვლელი დავინახე და ჩემი ძალებით ვეძებდი მას – დოდო გუგეშაშვილი

ტყუილი შეგნებულად ვთქვი, სინამდვილეში მკვლელი დავინახე და ჩემი ძალებით ვეძებდი მას – დოდო გუგეშაშვილი

„მხედრიონის“ ყოფილი წარმომადგენელი დოდო გუგეშაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ტყუილის თქმა უწევდა, რომ თითქოს თავდასხმის დროს მისი შვილის მკვლელი ვერ დააფიქსირდა.

 

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ვერ დავინახეთქო. ეს იყო ჩემი ტაქტიკა, რადგან მკვლელისთვის ქვეყნის დატოვების საშუალება არ მიმეცა. ტყუილი შეგნებულად ვთქვი, სინამდვილეში მკვლელი დავინახე და ჩემი ძალებით ვეძებდი მას“, – უთხრა „პრაიმტაიმს“ დოდო გუგეშაშვილმა.

 

დღეს სასამართლო პროცესზე დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელის ადვოკატებმა დაზარალებულის ჩვენების საქმიდან ამოღება მოითხოვეს. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ დოდო გუგეშაშვილმა გამოძიების ეტაპზე ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

 

„მრავალშვილიანი დედა საკონტროლო გასროლით მოკლეს და მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს“ - საჩივარი პროკურატურაში
2020-05-13„მრავალშვილიანი დედა საკონტროლო გასროლით მოკლეს და მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს“ - საჩივარი პროკურატურაში

 

„როდესაც ჩემი მისამართით ისროლა თვალთ დამიბნელდა. როცა გონს მოვედი დავინახე რომ თავდამსხმელს ჩემი შვილისკენ ჰქონდა იარაღი მიშვერილი. მე ამ მომენტში დავინახე ის“.

 

ეს არის ამონარიდი დოდო გუგეშაშვილის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან, რომლის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას ითხოვს მკვლელობაში ბრალდებულის, ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი.

 

დაცვის მხარის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილმა გამოძიების პირველ ეტაპზე განაცხადა, რომ მას თავდამსხმელი სახეზე არ დაუნახავს, მოგვიანებით კი ჩვენება შეცვალა.

 

სწორედ ამ მიზეზით მურჯიკნელის ადვოკატები დოდო გუგეშაშვილის ჩვენებას არასანდოდ და გამოძიების ინტერესებზე მორგებულ მტკიცებულებას უწოდებენ.

 

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას, დოდო გუგეშაშვილი ადასტურებს ბოლო ჩვენების ნამდვილობას და ირწმინება, რომ მკვლელი საკუთარი თვალით ნახა. მისივე თქმით, გამოძიებას თავდამსხმელის აღნაგობა თავიდანვე დეტალურად აუღწერა.

 

„მე ჩემი ძალებით ვცდილობდი მის მოძებნას, რადგან თუ ვიპოვიდი, მერწმუნეთ ავალაპარაკებდი. ის დაასახელებდა დამკვეთის ვინაობასაც“, – ამბობს გუგეშშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს მოხდა.

 

დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ზაზა მურჯიკნელი ორი წლის შემდეგ დააპატიმრეს.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X