fbpx
15:54 | 2020-05-01 ავტორი: Prime Time

ტირილი მინდება ამ ყველაფერზე – ქართველი ემიგრანტის ემოციური ისტორია ბარსელონადან

ტირილი მინდება ამ ყველაფერზე – ქართველი ემიგრანტის ემოციური ისტორია ბარსელონადან

კორონავირუსის გამო, საზღვარგარეთ ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდებიან.

 

საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩვენი ქვეყნის მიმართულებით სპეც-რეისები ყოველ კვირეულად ხორციელდება.

 

ერთ-ერთი ასეთი რეისი 30 აპრილს, მადრიდიდან შესრულდა, რომლითაც სამშობლოში 176 მოქალაქე დაბრუნდა.

 

„პრაიმტაიმი“ ერთ-ერთ მგზავრს მაია ლაზარიაშვილს დაუკავშირდა, რომელიც 14 წელია ბარსელონაში ემიგრაციაში იმყოფება.

 

ქალბატონმა მაიამ საკუთარი ისტორია გვიამბო და ესპანეთში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.

 

„უკვე 14 წელია რაც ბარსელონაში ვცხოვრობ ჩემს შვილებთან ერთად. ვწვალობთ, ისევე როგორც ყველა ემიგრანტი, იქ დალხინებული ცხოვრება არავის აქვს.

 

პანდემიის გამოცხადება და ყველაფრის ჩაკეტვა ერთი იყო. გამოგვიშვეს სამსახურებიდან. მე და ჩემი გოგო სიძესთან ერთად 2 თვის განმავლობაში ვიყავით ბინაში გამოკეტილები. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.

 

როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, ბარსელონაში ადგილობრივი ქართველების ინიციატივით კრიზის-ჯგუფი შეიქმნა, თუმცა ჩემზე გაჭირვებულებიც იყვნენ და გაწევრიანებაზე უარი ვთქვი.

 

შვილები იქ მყავდა და სხვებთან შედარებით მყარად იყვნენ. ყველაფერი გააკეთეს, რომ გაჭირვება არ მეგრძნო. იყვნენ პატარა ბავშვიანები, ფეხმძიმეები და ტურისტები, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ“, – ამბობს მაია.

 

53 წლის ქალს 3 წლის წინ მძიმე ოპერაცია აქვს გადატანილი და რისკ-ჯგუფშიც შედიოდა, ამიტომ მისთვის საქართველოში გამომგზავრება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

 

„საქართველოში დასაბრუნებლად ჩემით ვიბრძოდი. 3 წლის წინ უმძიმესი ოპერაცია გადავიტანე და რისკ-ჯგუფში შევდიოდი. ბარსელონას საკონსულოში ჩავეწერე სპეც-რეისში, მაგრამ გამომგზავრება ვერ მოხერხდა.

 

პრიორიტეტი ბავშვიანებს, ფეხმძიმეებს, ასაკიანებს და რისკ-ჯგუფში შემავალ ხალხს მიანიჭეს და ისინი გამოემგზავრნენ.

 

მეშინოდა იქ დარჩენა, რადგან დაინფიცირების საკმაოდ დიდი შანსი იყო. უმძიმესი მდგომარეობა იყო და ბოლომდე ეხმარეობდა ქართველებს კრიზის-ჯგუფი.

 

სახლში მიჰქონდათ საჭმელი და ყველანაირი პირველადი დახმარება, რომელიც იმ დროს სჭირდებოდათ ჩვენს თანამემამულეებს.

 

მე შვილები მყავდნენ და ისინი მეხმარებოდნენ, მაგრამ არის ბევრი, რომლებსაც ბინის ქირის და საჭმლის ფულიც არ ჰქონდათ.

 

ამის შემდეგ მადრიდის საელჩოს დავუკავშირდი და მათ გამიწიეს დიდი დახმარება.

 

ნასესხები ფულით წამოვედი. ჩემი დანაზოგი 200 ევრო გავითვალისწინე სპეც-რეისისთვის თუმცა გაუთვალისწინებელი ხარჯები დაემატა და იძულებული გავხდი ფული ჩემი ახლობელისთვის გამომერთმია.

 

ჩემს შვილებს მთელი დანაზოგი კვებაზე ჰქონდათ გადანაწილებული, როგორმე თვიდან თვემდე რომ მიეღწიათ. ისინი დარჩნენ, რადგან საბუთების განახლებაზე ჰქონდათ განცხადება შეტანილი და პასუხი ახლა მოუვიდათ. მარტივად ვერ გამოემგზავრებიან, რადგან ბინის ქირის გადასახადი მოუხსნეს“, – გვიყვება ქალბატონი მაია.

 

ჩვენმა რესპონდენტმა სხვა ქართველების მდგომარეობაზეც ისაუბრა და განსაკუთრებულად, ერთმანეთის მიმართ თანადგომა გამოარჩია.

 

„სხვა ქართველების შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-სივრციდან ვიგებდი. გარეთ გასვლა შეუძლებელი იყო. პარალელურად კრიზის-ჯგუფის წარმომადგენლები გვაფრთხილებდნენ, რომ სახლიდან არ გავსულიყავით.

 

საკმაოდ კარგი ხალხია გაწევრიანებული კრიზის ჯგუფში. შორიდან რაც მესმოდა, მართლა ძალიან ღირსეულ საქმეს აკეთებენ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

 

უნდა ნახოთ როგორ ეხმარებიან ერთმანეთს ამ გაჭირვებაში თვითონ გაჭირვებული ქართველები. ტირილი მინდება ამ ყველაფერს რომ ვუყურებ. ყველანაირად ამხნევებენ და გვერდში უდგანან ერთმანეთს.

 

საკუთარ ჯანმრთელობას რისკავენ, გამოდიან ქუჩაში ერთმანეთს ლუკმა-პური რომ მიაწოდონ.

 

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს საელჩოს ესპანეთში და მადრიდის საკონსულოს წარმომადგენელს“, – ამბობს მაია ლაზარიაშვილი.

 

ქალბატონმა მაიამ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არსებული მდგომარეობაც გაიხსენა.

 

„აეროპორტში ისეთ დღეში იყო პოლიცია და დაცვის სამსახური, რომ ერთ ადამიანს ცხრა კაცი აკონტროლებდა, სამგზავრო ჩანთაც კი არ ამაღებინეს. ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს.

 

მედპერსონალმაც საკმაოდ დიდი ყურადღება მოგვაქცია, თავიდან ბოლომდე გამოგვიკვლიეს.

 

ამ ყველაფერს თუ მოახერხებდა ჩემი გაჭირვებული საქართველო და ამხელა ყურადღებას მოგვაქცევდა ემიგრანტებს, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი“, – იხსენებს მაია ლაზარიაშვილი.

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, სამშობლოში 9 486 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა. ამასთან, დახმარება გაეწია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ 18 646 მოქალაქეს.

 

ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

 

5 მაისი – ათენი-თბილისი; 7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი; 9 მაისი – ბერლინი-თბილისი. ასევე, 6 მაისს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან იორდანიიდან და საუდის არაბეთიდან.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X