19:30 | 2021-02-25 ავტორი: თამარ ბუჩუკური

თინა ბოკუჩავა მელიაზე: გადახდა და ვაჭრობაში შესვლა, რომ სდომებოდა, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდა

თინა ბოკუჩავა მელიაზე: გადახდა და ვაჭრობაში შესვლა, რომ სდომებოდა, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდა

ნიკა მელიას საქმეზე, პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაფასებლად “პრაიმტაიმი” ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს თინა ბოკუჩავას დაუკავშირდა.

 

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული შეთავაზება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას პროცესების დეესკალაცია არ სურს. კითხვაზე, გადაიხდის თუ არა მელია გირაოს თანხას, ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის.

 

“პროკურატურის განცხადებით და სააპელაციო სასამართლოს პოზიციით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლებას პროცესების დეესკალაცია არ სურს, არ ითვალისწინებენ იმ მოწოდებებს, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორებისგან ისმის. ერთადერთი, ვინც ხელისუფლებას ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებისკენ მოუწოდებს, რუსეთი და დუმის დეპუტატებია, მათ შორის არის გავრილოვიც. ხელისუფლება ესკალაციას აგრძელებს იმ საერთაშორისო წნეხის ფონზე, რომელიც ყოველდღიურად მათი მისამართით გვესმის.

 

დღევანდელმა ბრიფინგმა გვიჩვენა ის, რომ ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები არ შეისმინა. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიტიკა კიდევ უფრო გამწვავდება. შესაძლოა, საქმე იქამდე მივიდეს, რასაც კულუარებში უკვე საუბრობენ, ალაპარაკდნენ პერსონალურ სანქცირებაზეც. 

 

რაც შეეხება ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის საკითხს, მას გადახდა და ივანიშვილთან გარიგება, ვაჭრობაში შესვლა რომ სდომებოდა, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდა. ნიკა მელიამ თავისი გადაწყვეტილება მიიღო, რა თქმა უნდა, მარტივი არაა ფიზიკური თავისუფლების დათმობა, მაგრამ კიდევ უფრო რთულია მენტალური და სახელმწიფოებრივი თავისუფლების დათმობა. მისი თავგანწირვა ძალიან დასაფასებელია და სწორედ ამ თავგანწირვამ ივანიშვილს ის ნიღაბი ჩამოხსნა, რომელსაც გარკვეულწილად წარმატებით ის ამ 8 წლის განმავლობაში ირგებდა – თითქოს პროდასავლური იყო. მან გამოაჩინა ნამდვილი სახე – ატარებს ამ ქვეყანაში პუტინის ხაზს.” – ამბობს თინა ბოკუჩავა.

 

ცნობისთვის, დაცვის მხარის მიერ მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

 

ნიკა მელიას ედავებიან ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას. საქმე ეხება 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს. მაშინ აქციაზე ნიკა მელიამ იქ შეკრებილ ადამიანებს მიმართა, რომ მათი ადგილი პარლამენტს გარეთ არ იყო და ისინი პარლამენტის შენობაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდეგ სიტუაცია დაიძაბა და იქ შეკრებილები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ.

 

2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, ნიკა მელიას აღკვეთის სახით 30000-ლარიანი გირაო შეეფარდა, მაშინ პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი პირველად მოუხსნა და სასამართლოს განჩინება აღსრულდა. მან პირველ ჯერზე გადაიხადა 30000 ლარი, თუმცა მას შემდეგ რაც, 2020 წლის 1-ელ ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა, გენერალურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ მიმართა სასამართლოს, რათა ნიკა მელიას გირაოს სახით 100 000 ლარი შეფარდებოდა, თუმცა სასამართლომ 40 000 ლარი განუსაზღვრა, რომელიც მან არ გადაიხადა.

 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. მეორე დღეს, 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს, 25 თებერვალს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი, რომლებიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X