16:28 | 2020-05-04 ავტორი: ლიზი მეტრეველი

TIKTOK ბავშვებს პედოფილების პირისპირ ტოვებს – კომპანია 5,7$ მილიონს გადაიხდის

მოკლე ვიდეოებით პოპულარული აპლიკაცია TikTok 5,7$ მილიონს გადაიხდის.

 

მიზეზი 13 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ პირადი ინფორმაციის

 

(ვინაობა, ელექტრონული ფოსტა, ადგილმდებარეობა) უკანონო შეგროვების გამო, მისთვის წაყენებული ბრალდებების მოაგვარებაა.

 

TikTok 75 მილიარდიან სტარტაპს, ByteDance-ს ეკუთვნის.

 

მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნახევარი მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. შარშან აგვისტოში, კომპანიამ TikTok-ს პოპულარული აპლიკაცია Musical.ly შეუერთა.

 

სწორედ ამ უკანასკნელს ეხება ბავშვებთან დაკავშირებული ინფორმაციის უკანონო გავრცელება.

 

FTC-ის განცხადებით, იგი Musical.ly-ში არსებულ პრაქტიკებს იძიებს, მათ შორის – მცირეწლოვანი ბავშვების ადგილმდებარეობის დადგენისა და ამ ინფორმაციის შეგროვების პრაქტიკას.

 

მიუხედავად მშობლების მხრიდან წამოსული ათასობით საჩივრისა, კომპანია ყურადღების მიღმა ტოვებდა არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციის წაშლის მოთხოვნებს და ამ მონაცემებს გაცილებით ხანგრძლივად ინახავდა, ვიდრე ეს საჭირო იყო.

 

TikTok-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი ისწრაფვის, „შექმნას ზომები“ მომხმარებელთა დაცვის მიზნით, მათ შორის – მშობლებისთვის, მათი ბავშვების დასაცავად.

 

Musical.ly-ს აშშ-ში 65 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა. TikTok-თან შეერთების შემდეგ, მან მშობლებისგან ათასობით საჩივარი მიიღო, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათი არასრულწლოვანი ბავშვები მათ უკითხავად ქმნიდნენ ანგარიშებს.

 

როდესაც მშობლები ხმას იმაღლებდნენ კომპანიის წინააღმდეგ, Musical.ly მათი ბავშვების ანგარიშებს ხურავდა, მაგრამ, FTC-ის მონაცემებით, იგი თავისი სერვერებიდან არ შლიდა ბავშვების ვიდეოებს და მათი პროფილების მონაცემებს.

 

„ეს ერთადერთი სოციალური მედიაპლატფორმა იყო, რომლის გამოყენების უფლებაც ბავშვს მივეცით, მაგრამ, რაც იქ ვნახე, ჩემთვის სრული შოკი იყო:

ჩემს შვილთან მოდიოდა შეტყობინებები კაცებისგან, ისინი მასთან საუბრის გაბმას ცდილობდნენ

და ეს იმ მოცემულობაში, როდესაც ბავშვს ქსელში არათუ რაიმე სახის ვიდეო, არამედ პროფილის ფოტოც კი არ ჰქონია ატვირთული“ – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

 

გასულ ოთხშაბათს, კომპანიამ ცალკე აპლიკაცია წარადგინა აშშ-ში მცხოვრები არასრულწლოვანი მომხმარებლებისთვის, რომელშიც მათ შესაძლებლობა აღარ ექნებათ, TikTok-ზე გააზიარონ თავიანთი ვიდეოები, დააკომენტარონ სხვისი ატვირთვები, ეკონტაქტონ დანარჩენ მომხმარებლებს და მშობლების მალულად გახსნან ანგარიშები.

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X