13:09 | 2020-03-26 ავტორი: თამარ გონგაძე

“ტელესკოლის” გაკვეთილების ჩასატარებლად მასწავლებლებს სერიოზული მომზადება სჭირდებათ” – გია მურღულია

“ტელესკოლის” გაკვეთილების ჩასატარებლად მასწავლებლებს სერიოზული მომზადება სჭირდებათ” – გია მურღულია

30 მარტიდან „პირველ არხზე“ „ტელესკოლა“ იწყება. საგანმანათლებლო პროექტი “მეორე არხის” ეთერში ყოველ დღე გავა. სატელევიზიო გაკვეთილებს მოისმენს პირველიდან თორმეტი კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე. გამოქვეყნდება გაკვეთილების ცხრილი. „სკოლა მოვა შენთან, ყველა გაკვეთილი ისწავლე აქ“ – ასეთია გადაცემის ანონსი.

 

პროექტი ორშაბათიდან ამოქმედდება და, რაც მთავარია, კრიზისის დაძლევის შემდეგაც გაგრძელდება. „მეორე არხი“ მთლიანად განათლებას დაეთმობა.

 

„დღეს ერთი გაკვეთილი ჩავწერე – აკაკი წერეთლის “გამზრდელზე” ვესაუბრე ბავშვებს. ჩემთვისაც საინტერესო იყო, იმიტომ რომ კლასიკა არასდროს ძველდება.

 

რატომ შეასრულა საფარ-ბეგმა ბათუს მოთხოვნა და გამზრდელთან წავიდა?
რატომ მოიკლა თავი ჰაჯი-უსუფმა?
ეთანხმება თუ არა თავად აკაკი გამზრდელს?
მართლა “უნებურად” ეწია საფარ-ბეგი ცოდვას, რომელიც უკვე 122 წელიწადია აღელვებს მკითხველს?

 

“ტელესკოლა” – ადგილი, სადაც საკლასო ოთახი მთელი საქართველოა!“ – წერს ფილოლოგი და 24-ე სკოლის დირექტორი გია მუღულია. ბატონი გია „პრაიმტაიმის“ რესპონდენტია და ის ამ უჩვეულო ფორმის გაკვეთილზე საუბრობს.

 

გია მურღულია: – ასეთი გაკვეთილი ჩემთვის უჩვეულო არ არის, ადრეც ჩამიწერია. თუმცა მთლად ასეთიც არ იყო. ამ შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის სახით, სალექციო ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას გამოსახულების გამოყენება შეგვიძლია. მთავარი პრობლემა გარდა პირდაპირი ურთიერთობების არ არსებობისა, რაც გაკვეთილს არსებითს აკლებს, არის ფიქსირებული დრო – საშუალოდ 15 წუთი. ბადეში ყველა გაკვეთილი უნდა ჩაეტიოს. ეს დროის თვალსაზრისით ითხოვს გარკვეული გათვლების გაკეთებას. ერთი შეხედვით ახსნისთვის 15 წუთი ცოტა არც არის. ამოცანაა, რაც შეიძლება ლაკონური იყოს მასწავლებელი და რაც შეიძლება ზედმიწევნითი სიზუსტით გამოხატოს ყველაფერი, რაც არსებითად არის ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებული.

 

ანუ მასწავლებელს საამისოდ კარგი მომზადება სჭირდება.

 

– რა თქმა უნდა. მე აღარც კი მახსოვს, რამდენი წელია მასწავლებელი ვარ და რამდენჯერ ამიხსნია „გამზრდელი“. მაგრამ ძალიან სერიოზული მომზადება დამჭირდა იმისთვის, რომ აქცენტები სწორად დამესვა და არ გამომჩენოდა რამე ისეთი, რაც ნაწარმოების საფუძვლიანად და სწორად გაგებას შეუშლიდა ხელს.

 

რატომ ჩაწერეთ პირველ გაკვეთილზე წერეთლის „გამზრდელი“?

 

– მე მეთერთმეტე კლასის გაკვეთილების ჩაწერა მხვდა წილად. ამ პერიოდში მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები გადიან “გამზრდელს” და აკაკის ორ ლექსს. გადიან „ხევისბერ გოჩას“, ვაჟას პოემებს – „სტუმარ-მასპინძელს“, „ალუდა ქეთელაურს“ და „ბახტრიონს“. ამ ყველაფრისთვის ათი გაკვეთილი გვაქვს, რაც ბევრი არ არის. ამიტომ იძულებული ვართ ლაკონურები ვიყოთ. ვეცდები, ეს პროგრამა ამ გაკვეთილებში მოვასწრო.

 

– გარემო რამდენად მოგწონთ?

 

– გარემოსაც მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. ლიტერატურაზე საუბარი ყველგან შეიძლება გზაზეც და ავტობუსშიც. მაგრამ როდესაც შესაფერისი განათებული გარემოა, წიგნებით, ეკრანით, მაგიდით, უკეთესია. ვფიქრობ, “პირველმა არხმა” საინტერესო გარემო შექმნა. მე მომწონს.

 

“მეორე არხი” განათლებას დაეთმობა. თქვენი აზრი ამ წამოწყებასთან დაკავშირებით როგორია?

 

– მე ძალიან გახარებული ვარ. საქართველოს საგანმანათლებო არხი დიდი ხანია სჭირდება. ეს არხი მხოლოდ „ტელესკოლისთვის“ არ იქნება, აქ შესაძლებლობა იქნება მოეწყოს კონკურსები, დისკუსიები, შეფასებები, განათლების რეფორმაზე სასაუბრო პლატფორმები… სერიოზული გამოწვევაა, როგორც არხისთვის, ისე საზოგადოებისთვის, პედაგოგებისთვის. ამ არხზე გავა შემეცნებითი ფილმები. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის და ეს ძალიან კარგია.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X