20:58 | 2020-10-17 ავტორი: Prime Time

თელავში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა

თელავში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ინგრევა

თელავში, ქისტი განმანათლებლისა და მისი შთამომავლის, 9 აპრილს დაღუპული გმირის, ისტორიული სახლი ინგრევა.

 

სახლი, რომელშიც „ქისტი ჩობანის” ფსევდონიმით ცნობილი, განმანათლებელი, მათე ალბუთაშვილი, სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა,
თელავში, ყოფილი რემედასის ქუჩაზე მდებარეობს.

 

დანგრევის პირას მყოფი შენობა, ახლა კერძო პირს ეკუთვნის, ხოლო ქუჩას 9 აპრილის გმირის, ზაირა კიკვიძის სახელი აქვს მინიჭებული.

 

9 აპრილს გარდაცვლილი ზაირა კიკვიძე, მათე ალბუთაშვილის შვილიშვილის, ალექსანდრე ალბუთაშვილის მეუღლე, ტიციან ტაბიძის დისშვილი და ისტორიკოს აბელ კიკვიძის ქალიშვილი იყო.

 

სახლი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რამდენჯერმე გაიყიდა და მისი ბოლო მესაკუთრე, საპატრიარქოს ჩოხოსანთა თელავის სადროშოს მეთაური, გოგიტა ტალიურია.

 

„პრაიმტაიმთან” საუბარში, მესაკუთრემ განაცხადა, რომ შენობა ეზოს გაფართოების მიზნით შეიძინა.

 

„მე დაინტერესებული ვიყავი ეზოს გაფართოებით. შენობისთვის პროექტი გავაკეთებინე, სადღაც 800 ლარამდე თანხა გადავიხადე, მაგრამ არ მიმტკიცებენ. წინა მესაკუთრეს აივანზე კედელი ამოუყვანია, რომელიც ჩამონგრეულია და სახლი ცუდ მდგომარეობაშია. არც მე მაკეთებინებენ, პროექტს იწუნებენ, ვერც თვითონ აკეთებენ, დიდი თანხა უნდაო..მხოლოდ გადახურვაზე იყო საუბარი და რა იქნება, არ ვიცი” – განაცხადა ტალიურმა.

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილებაში დაადასტურეს, რომ ტალიურმა პროექტი მართლაც წარადგინა, მაგრამ ის დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამებოდა.

 

ძეგლთა დაცვის განყოფილების გამგე, ლიკა მებონია ამბობს, რომ შენობის მესაკუთრეების საკითხიც გასარკვევია და არც პროექტი შეესაბამებოდა ისტორიული ძეგლისათვის დადგენილ სტანდარტს.

 

“პროექტი, რომელიც მესაკუთრემ წარმოადგინა, არ შეესაბამება სტანდარტს. ეს არის, კერძო პირის მიერ შესრულებული პროექტი, რომელიც გამოდგება ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლისათვის. მესაკუთრეს არ აქვს შესაბამისი დასკვნები, რაც ასეთ შემთხვევაში აუცილებელია. გარდა ამისა, ვერ ხერხდება ამ სახლის ყველა მესაკუთრის დადგენა. შენობა მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონეა, თუმცა საჭირო თანხები, ამ ეტაპზე, ჩვენ არ გაგვაჩნია” – განაცხადა მებონიამ.

 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თენგიზ სიმაშვილი, რომელიც ქალაქის ისტორიას სწავლობს, “პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ საჭიროა, ასეთი მნიშვნელობის მქონე სახლების აღწერა მოხდეს.

 

VIDEO: დაზიანებული ფრესკები გელათში - რეაბილიტირებული სახურავიდან წვიმა ჩადის
2020-07-16VIDEO: დაზიანებული ფრესკები გელათში - რეაბილიტირებული სახურავიდან წვიმა ჩადის

 

„ძალიან პრობლემატურია, რომ ასეთ სახლები აღწერილი არ არის. ეს პირველი რიგის საქმეა. შესაძლოა, კერძო მესაკუთრემ, არც კი იცოდეს, რა სიმდიდრის მფლობელია და არც დაინტერესებული იყოს, მისი იერსახის შენარჩუნებით. სახელმწიფო აქტიურად უნდა იყოს ჩართული, რომ ასეთი სახლები არა მხოლოდ შენარჩუნდეს, არამედ ქალაქის სახედ იქცეს, როგორც მისი ისტორიის ნაწილი” – განაცხადა სიმაშვილმა.

 

საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” 30- ე მუხლი განმარტავს, რომ თუ „ძეგლის ინტერესები გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, ან ძეგლის მესაკუთრის დადგენა ან მიგნება ვერ ხერხდება, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მესაკუთრის თანხმობის გარეშე, უშუალოდ, ან მესამე პირთა მეშვეობით, ჩაატაროს ძეგლზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები”.

 

შეძლებს თუ არა, მუნიციპალიტეტი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას და დანგრევის პირას მყოფი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენას, ჯერ გაურკვეველია.

 

სახლში, რომელიც დანგრევის პირასაა, მათე ალბუთაშვილი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ალბუთაშვილი ქართული პრესის პირველი ქისტი თანამშრომელი, პანკისის ხეობის შესახებ, ისტორიულ- ეთნოგრაფიული ნარკვევებისა და მოთხრობების ავტორი იყო. ის მეგობრობდა ვაჟა- ფშაველასთან და საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდა, იაკობ გოგებაშვილთან.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები