13:51 | 2020-03-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

თელავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა. დღეს დილიდან კერძო ტაქსების მფლობელები მგზავრებს თითქმის გაორმაგებულ საფასურს სთხოვენ.

 

ერთ-ერთი მგზავრის ინფორმაციით, მან დღეს დედაქალაქის მიმართულებით მგზავრობა ვერ მოახერხა.

 

„აუცილებელი საჭიროება მქონდა, მაგრამ ჩამეშალა წასვლა, რადგან მგზავრობისათვის საჭირო თანხა არ აღმომაჩნდა. 15 ლარის ნაცვლად, 25 მთხოვეს. გათვლილი მქონდა, რა უნდა დამეხარჯა, საჭირო დოკუმენტის ასაღებად მივდიოდი“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“.

 

კერძო ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ მგზავრობის გაძვირების გადაწყვეტილება შექმნილი ვითარების გამო მიიღეს.

 

„სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში ვმუშაობთ, ფაქტობრივად. თანაც, ორი-სამი ადამიანის მეტის წაყვანის უფლებას არ გვაძლევენ. გაწეულ ხარჯს სხვაგვარად ვერ ავინაზღაურებთ“, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი, ჯემალ დაღელიშვილი.

 

მგზავრობა თელავი-თბილისის მიმართულებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, უკვე მესამედ გაძვირდა.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X