21:42 | 2020-03-27 ავტორი: თეონა აბესაძე

თელაველი მოხალისეების დახმარებით, უსინათლო მოხუცს თვალის ოპერაცია ჩაუტარდება

თელაველი მოხალისეების დახმარებით, უსინათლო მოხუცს თვალის ოპერაცია ჩაუტარდება

თელავში ახალგაზრდა მოხალისეების ჯგუფი, ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება. ახალგაზრდები შემოწირულობას აგროვებენ და შეგროვილი თანხით, შეჭირვებული ოჯახებისათვის აუცილებელ საყოფაცხოვრებო ნივთებსა და საკვებს ყიდულობენ.

Xatuna Guliashvili-ს ფოტო.

მოხალისეთა ჯგუფის ლიდერი, მიშა გულიაშვილი ამბობს, რომ იდეა, დღეს საქართველოში შექმნილმა ვითარებამ შთააგონა.

 

„ახლა ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა. განსაკუთრებულად მოხუცებსა და ინვალიდებს გაუჭირდათ. სოციალურ ქსელში, ჩემი ინიციატივის შესახებ დავწერე. ძალიან ბევრი ადამიანი გამომეხმაურა და თანხაც ნელ- ნელა შეგროვდა. პარალელურად, ვეძებთ ადამიანებს, ვისაც დახმარება სჭირდება და თან ვეხმარებით, მათ, ვისზეც ინფორმაცია უკვე გვაქვს“, –  გვიყვება მიშა გულიაშვილი.

 

მოხალისე ახალგაზრდები მეგობრები არიან. გაჭირვებული ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში, მათ მეგობარი გოგონაც ეხმარება.

Xatuna Guliashvili-ს ფოტო.

„ხუთი ბიჭი ვართ, რომლებიც მაღაზიებში დავდივართ, აუცილებელ პროდუქტსა და პირველადი მოხმარების ნივთებს ვყიდულობთ, გოგონა კი, რომელიც თელავში ჟურნალისტადაც მუშაობს, ინფორმაციის შეგროვებაში გვეხმარება“, – ამბობს მოხალისე.

 

სწორედ ასე მიაგნეს ახალგაზრდებმა უსინათლო, სოციალურად დაუცველ, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ მოხუც ქალს, რომელსაც დახმარება აღმოუჩინეს და თვალის ოპერაციისათვის ექიმიც უპოვეს.

Xatuna Guliashvili-ს ფოტო.

„მოხუცი, უსინათლო ქალი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მისი ერთადერთი მარჩენალი ავარიაში მოყვა და მძიმე მდგომარეობაშია. ორი წელია, სოციალურ დახმარებას ვერ იღებს. ჩვენი საშუალებით, მის შესახებ ექიმებმა შეიტყვეს და თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ოფთალმოლოგმა, ზაზა სეხნიაიძემ, საჭირო შესწავლის შემდეგ, მისთვის ოპერაციის გაკეთების სურვილი გამოთქვა. აი, ხომ ხედავთ, სიკეთე მართლაც გადამდებია“, – გვეუბნება მოხალისეების ლიდერი.

 

ამ მცირე ხნის განმავლობაში, ახალგაზრდებმა 30- მდე გაჭირვებულის დახმარება უკვე შეძლეს. ინფორმაციას ფლობენ, კიდევ რამდენიმე ოჯახის შესახებ, რომლებსაც წამალი და პროდუქტი სჭირდება.

 

დახმარების ადრესატებდე მიტანაში, მოხალისეების ჯგუფს, თელავში მოქმედი ერთ-ერთი ტაქსოპარკი, უსასყიდლოდ ეხმარება.

 

„როგორც კი ინიციატივა გავაჟღერეთ, იმ საღამოს დამიკავშირდნენ და გამოგვიყვეს ორი ავტომანქანა, რომლებიც უსასყიდლოდ გვემსახურებიან. ჩვენ თვითონ ტრანსპორტი არ გვყავს და ამის გარეშე, ძალიან გაგვიჭირდებოდა“, –  ყვება ახალგაზრდა მოხალისე და იმედი აქვს, რომ ამ რთულ ვითარებაში, გაჭირვებული ადამიანების დახმარების სურვილით, თელაველი მოხალისეების ჯგუფს, კიდევ ბევრი ადგილობრივი შეუერთდება.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: თეონა აბესაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები