fbpx
13:48 | 2020-10-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

თეა წულუკიანის ახლობელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თეა წულუკიანის ახლობელს კორონავირუსი დაუდასტურდა

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის მე-4 ნომერმა თეა წულუკიანმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მის ახლობელს კორონავირუსი აქვს და იგი კოვიდ-კლინიკაში მკურნალობს.

 

მისი თქმით, ცესკო მაქსიმუმს აკეთებს, რომ კოვიდინფიცირებულებმა არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ.

 

„რასაც ვხედავ ცესკო მაქსიმუმს აკეთებს, რომ ყველა ამომრჩეველმა შეძლოს ხმის მიცემა. რა თქმა უნდა ყველას გვყავს, მათ შორის მეც, იმედია თქვენ არა მაგრამ, ყველას გვყავს ალბათ მაინც ახლობლები ვინც არიან კოვიდ-კლინიკებში ან არიან ცხელების ცენტრებში, ყველანი ვნერვიულობთ მათ ჯანმრთელობაზე და იმედი გვაქვს, რომ ისინი ამ კლინიკებს არჩევნების დღემდე დატოვებენ და ვინც ზოგიერთი ვიცით წინასწარ, რომ ვერ დატოვებს, რადგან მათი მდგომარეობა მძიმეა მათთვის ცესკო ქმნის მაქსიმალურ პირობებს იმისთვის, რომ მათ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

2020-10-27"მეხსიერებას პირდაპირ ურტყამს! ისეთი დეტალები მავიწყდება, გადარეული ვარ..." - ტელე-ჟურნალისტი კლინიკიდან კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს

 

ცნობისთვის, ცესკოს დადგენილების თანახმად, არჩევნების დღეს საკარანტინო სივრცეებში, სტაციონარებში, თვითიზოლაციაში [მათ შორის ბინაზე მკურნალობის დროს] მყოფი ადამიანებისთვის და ასევე სტაციონალური სამკურნალო დაწესებულებისა და საკარანტინო სივრცის ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო ყუთს მოქალაქეებთან ადგილზე მიიტანენ.

 

იმ ამომრჩევლების დასადგენად კი, ვინც ხმას ამ წესით მისცემს, შეიქმნება სპეციალური სიები, რომელსაც ცესკოს სხვადასხვა უწყებები, მათ შორის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიაწვდიან. ცესკო სპეციალურ სიაში ავტომატურად გადაიყვანს ყველა იმ ადამიანს, ვინც 31 ოქტომბერს, კორონავირუსის მიზეზით, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და საკარანტინო სივრცეში იქნება მოთავსებული.

 

სპეციალურ სიებში ასევე მოხვდებიან სპეცჯგუფში მყოფი ცესკოს, საარჩევნო სუბიექტების და პრესის წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი დამკვირვებლები, რათა მათ იქვე მისცენ ხმა.

 

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე უწევთ თვითიზოლაციაში ყოფნა, ისინი სპეციალურ სიებში მოხვდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე მიმართავენ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ნომერზე +995 32 251-00-51; შიდა ნომერი „0“.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X