20:05 | 2020-06-24 ავტორი: Prime Time

თეა და მისი ძმა ბიძამ თავშესაფარში ჩააბარა – დამგლაგებელი ქალის ისტორია

თეა და მისი ძმა ბიძამ თავშესაფარში ჩააბარა – დამგლაგებელი ქალის ისტორია

36 წლის თეა ადუაშვილს გორში თითქმის ყველა იცნობს. ის სახლებს ალაგებს და გამომუშავებული თანხით სამ არასრულწლოვან შვილს ზრდის. მძიმე ბავშვობა ჰქონდა. პირველ კლასში იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. თეა და  მისი ძმა კი ბიძამ თავშესაფარში ჩააბარა. ბავშვობის პერიოდი მისთვის მტკივნეული გასახსენებელია, ყველაფრის მიუხედავად დღეს ის ბედნიერია, შეძლო და აისრულა ოცნება, რაც მას და მის შვილებს ქონდათ.

 

„სამწუხაროდ, ისეთი ბავშვობა არ მქონია, როგორც ყველას აქვს. პირველ კლასში ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ. დედა წავიდა, მამას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და იმ პერიოდში საავადმყოფოში მკურნალობდა, დავრჩით მე და ჩემი პატარა ძმა მარტო. ბებოს (მამის დედა) ჩვენი მოვლა არ შეეძლო, ამის გამო ბიძებმა წაგვიყვანეს და ბავშვთა თავშესაფარში დაგვტოვეს.

 

ისე გავიზარდე არ მიგვრძნია მშობლების სითბო, არც არავის უთქვამს არასდროს შვილო, რამე ხომ არ გჭირდება. არასოდეს ახალი ტანსაცმელი არ მცმია, ყოვლთვის ნაჩუქარი სამოსით დავდიოდი, ახლაც ასეა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშთა თავშესაფარში კარგად მექცეოდნენ, მაინც სულ დედას ველოდებოდი.

 

ონკოლოგიური დაავადების დასამარცხებლად, თელაველმა ქალმა, მუშაობა ტაქსის მძღოლად დაიწყო
2020-06-22ონკოლოგიური დაავადების დასამარცხებლად, თელაველმა ქალმა, მუშაობა ტაქსის მძღოლად დაიწყო

 

მინდოდა ჩემთანაც მოსულიყო და მეც მომფერებოდა დედა, როგორც სხვა ბავშვებს ეფერებოდნენ. თავშესაფართან მატარებელი როცა გაჩერდებოდა, ფანჯარასთან მივრბოდი და იმედი მქონდა, რომ ერთ დღეს მეც მომაკითხავდა ვინმე, მაგრამ სამწუხაროდ არავინ მოდიოდა, გარდა დედაოსი, რომელმაც მომნათლა და ბევრი კარგი რამ მასწავლა. თავშესაფარში ყველა მასწავლებელს ვუყვარდი, მადლობა უფალს, რომ კარგ გარემოცვაში მოვხვდი.

 

როდესაც ბავშვთა სახლი დავტოვე, გადავწყვიტე მონასტერში წავსულიყავი. იქ თავს მშვიდად ვგრძნობდი, ყველას ვუყვარდი, უფალთან ვიყავი ახლოს. ორი წელი ვიცხოვრე მონასტერში. ბედნიერი ვიყავი იქ.

დამლაგებელი ქალის ისტორია

ერთ დღესაც გავიგე, რომ დედაჩემს სიმსივნე ჰქონდა და ცუდად იყო. მაშინ 16 წლის ვიყავი. მეუფემ მითხრა წადი დედას მოუარე და მერე თუ ისევ გენდომება დაბრუნდი მონასტერშიო. წამოვედი გორში, დედა ქირით ცხოვრობდა. მარტო ვუვლიდი ლოგინად ჩავარდნილს. პარალელურად თონეში დავიწყე მუშაობა, ქუჩაში ხაჭაპურებსაც ვყიდდი, რომ დედაჩემისთვის წამლების ფული შემეგროვებინა.

 

მალე ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა და დაიღუპა. მიცვალბულთანაც მარტო ვიყავი. მახსოვს მეზობლები დამეხმარნენ და ასე დავკრძალე დედა. უსახსრობის გამო საფლავი ვერ შემოვღობე, ვერც ქვა დავადგი და მის საფლავს ვეღარ ვპოულობ. გორში, კვერნაკის სასაფლაოზეა დაკრძალული, დაახლოებით ვიცი ადგილი, თუმცა ვერ ვპოულობ. მინდა ვიპოვო და ჯვარი დავადგა.

„გამუდმებით ვეძებდი ისეთ წამალს, რაც პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარებოდა“ - კისისხეველმა ქალმა მეფუტკრეობა მეუღლის ავადმყოფობის გამო დაიწყო
2020-06-17„გამუდმებით ვეძებდი ისეთ წამალს, რაც პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარებოდა“ - კისისხეველმა ქალმა მეფუტკრეობა მეუღლის ავადმყოფობის გამო დაიწყო

დედის დაკრძალვის შემდეგ გავიდა ცოტა დრო და გავთხოვდი. მეყოლა სამი ბიჭი და ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა. ვიგრძენი, რომ ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა დედა ხარ. არ მქონდა სახლი. ჩემს მშობლიურ სოფელ კარალეთში ქირით ვიცხოვრე 9 წელი . გაუსაძლის პირობებში ვიყავით, ბევრჯერ მშივრები დამიძინებია შვილები. უამრავი ნაცნობი და უცნობი ადამიანი მეხმარებოდა. ვოცნებობდი პატარა სახლი მქონოდა, სადაც შვილებთან ერთად ვიცხოვრებდი. საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარეს ჩვენს დასახმარებლად, რომ ჩვენი ოცნება აგვხდენოდა. შეგროვდა თანხა და ოცნების პატარა სახლი ავაშენეთ.

დამლაგებელი ქალის ისტორია

ახლა ვშრომობ, დავდივარ სახლებს ვალაგებ და ამით ვარჩენ შვილებს. პირველად, რომ სახლის დალაგებაში 30 ლარი გადამიხადეს, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო. მილიონზე მეტი იყო ის თანხა ჩემთვის. დღეს ბედნიერი ვარ, იმით რომ სახლი მაქვს.

 

ვუყვარვარ ადამიანებს, როგორც პოზიტიური, წკრიალა გოგო. ძალიან დამღლელია სახლების დალაგება, მაგრამ ასეთია ალბათ ჩემი ჯვარი, რომელიც უნდა ვზიდო. მადლობა უფალს იმისთვის, რაც მომცა. ბოლო დროს მიჭირს ხოლმე მუშაობა, გული მაწუხებს და მალე ვიღლები. ჩემი ოცნება ახდა უკვე, დანარჩენი რაც გასაკეთებელია სახლში, ვიშრომებ და ჩემით გავაკეთებ.

დამლაგებელი ქალის ისტორია

სახლის წინ პატარა ნაკვეთი მაქვს, ბოსტნეული მაქვს. სახლში დაბრუნებული იმ ნაკვეთში ვმუშაობ. როცა დრო მაქვს მამაჩემის მოსანახულებლად მივდივარ, ჩემს სოფელში ცხოვრობს, გული მწყდება, რომ ხშირად ვერ ვნახულობ.

დამლაგებელი ქალის ისტორია

ყველაზე მეტად მიხარია, რომ ჩემი შვილები ჩემით ამაყობენ. უფროსი შვილი სტიქაროსანია, შუათანას ხატვა უყვარს. ხშირად ხატავს ზღვას. იმედია ოდესმე წავიყვან ზღვაზე და ვაჩვენებ სამივეს, არც მე მინახავს ზღვა არასოდეს“.

დამლაგებელი ქალის ისტორია

ავტორი: თათია გოლოშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X