fbpx
15:14 | 2021-01-13 ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

თბილისში, ამ მკვლელობისთვის ნახევარი მლნ დოლარი გადაიხადეს – ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი ცნობილია

თბილისში, ამ მკვლელობისთვის ნახევარი მლნ დოლარი გადაიხადეს – ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი ცნობილია

ფოტოზე: მკვლელობაში ბრალდებული ემინ ახმედოვი და გუსეინ ისკანდეროვი

 

თბილისის ცენტრში, კერძოდ აბანოთუბანში მომხდარ ამ მკვლელობაში ნახევარი მილიონი დოლარი გადაიხადეს.

 

ამის შესახებ საუბარია საქმის მასალებში, რომელიც ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში ინახება, თუმცა საქმის არსებითი განხილვა გაურკვეველი ვადით არის გადადებული. ალბათ იკითხავთ – რატომ?

 

საქმე ის გახლავთ, რომ 2017 წლის 11 სექტემბერს რესტორან „მასპინძელოსთან“ მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებული რუსეთის ორი მოქალაქე – ემინ ახმედოვი და გუსეინ ისკანდეროვი იმავე დანაშაულისთვის მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უკვე გაასამართლა.

 

„პრაიმტაიმს“ ბრალდებულების ადვოკატმა, ნიკა სადრაძემ დაუდასტურა, რომ რუსეთში, ნაფიც-მსაჯულთა ვერდიქტით, ორივე ბრალდებულს 15-15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა და ამჟამად საქმე მეორე ინსტანციაში განიხილება.

 

საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოშიც, რაც ადვოკატის აზრით, ევროკონვენციის დარღვევაა, ვინაიდან ერთსა და იმავე დანაშაულზე ადამიანის ორჯერ გასამართლება დაუშვებელია.

 

ირკვევა, რომ მოსკოვის სასამართლოს განაჩენამდე თბილისში რუსი გამომძიებლები ჩამოვიდნენ, რომლებმაც საქართველოს გენერალური პროკურტურიდან საქმის მასალები წაიღეს. სანამ ამ დეტალებს გაგაცნობთ, შგახსენებთ, ამ გახმაურებული მკვლელობის დეტალებს..

 

42 წლის ელშან მამედოვი ორთაჭალაში „ლენდ კრუიზერის“ მარკის ავტომობილში ჩაცხრილეს. ის ცნობილი „კანონიერი ქურდის“, ნადირ სალიფოვის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენდა.

 

სალიფოვს ქურდულ სამყაროში „ლოტი გულის“ მეტსახელით იცნობდნენ. მან აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წლის 24 ოქტომბერს მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა და როგორც აზერბაიჯანული პრესა წერდა, პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ მისი მეგობრის, ელშან მამედოვის საფლავი მოინახულა და პირობაც დადო, რომ მისი მკვლელობის გამო შურს იძიებდა, თუმცა მიმდინარე წლის 20 აგვისტოს სიცოცხლეს თავად ნადირ სალიფოვიც გამოსალმეს – მკვლელობის დამკვეთად იგივე ჯგუფი მოიაზრება, ვინც 2017 წლის სექტემბერში სალიფოვის მარჯვენა ხელი, ელშან მამედოვი თბილისის ცენტრში ჩაცხრილა.

 

ამავე თემაზე: ეს კადრები მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე ქილერმა თავად გადაიღო

 

ცნობილია, რომ ელშან მამედოვის მკვლელობაში ბრალდებული ორივე პირი – გუსეინ ისკანდეროვი და ემინ ახმედოვი, ნადირ სალიფოვთან დაპირისპირებულ კლანს წარმოადგენდნენ და მამედოვის მკვლელობით მათ შური იძიეს ასევე ცნობილი „კანონიერი ქურდის“ როვშან ჯანიევის (ლენკორანსკი) მკვლელობის გამო.

 

ჯანიევი 2016 წლის სექტემბერში სტამბულში მოკლეს. მკვლელობის შემკვეთად იმ დროისთვის აზერბაიჯანის ციხეში მყოფი ნადირ სალიფოვი, უშუალო შემსრულებლად კი სწორედ ელშან მამედოვი სახელდებოდა.

 

რაც შეეხება აბნოთუბანში მამედოვის ჩაცხრილვას, დადასტურებული ინფორმაციით, 2017 წლის 11 სექტემბერს მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ის რესტორანში ნადირ სალიფოვის უახლოეს გარემოცვასთან ერთად იმყოფებოდა. მოულოდნელად მან ყავის დალევა შეწყვიტა, რესტორნიდან გავიდა და „ტოიოტა ლენდ კრუიზერის“-ის მარკის ავტომობილში (სანომრე ნიშნებით GO-360-OO) ჩაჯდა, რა დროსაც გაისმა გასროლის ხმა.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მკვლელები ელშან მამედოვს რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ. რესტორან „მასპინძელოს“ მიმტანებმა ორივე ქილერი ამოიცნეს და თქვეს, რომ მამაკაცები, რომლებიც მამედოვის მისამართით ისროდნენ, მანამდე მათ რესტორნაში, სამიზნის შორიახლოს იმყოფებოდნენ და ჩაის სვამდნენ.

 

მამედოვს სამი ტყვია თავის არეში ესროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ორი ქილერი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და როგორც გაირკვა ქვეყნის დატოვებაც ოპერატიულად მოახერხეს.

 

სისხლის სამართლის საქმეში, ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად დევს ტაქსის მძღოლის ჩვენება, რომელმაც ისკანდეროვი და ახმედოვი საზღვრამდე მიიყვანა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მამედოვის მკვლელობის ფინანსური მხარე 2016 წელს მოკლული „კანონიერი ქურდის“ როვშან ჯანიევის ოჯახმა უზრუნველყო. კერძოდ, საუბარია როვშან ჯანიევის ცოლისძმაზე, ზაურ ახმედოვზე, რომელიც გახლავთ მოსკოვის ერთ-ერთი უმსხვილესი აგროსაწარმოს, „ფუდ სიტის“ აქციონერი.

 

დასახელდა კონკრეტული თანხაც, რომელიც ზაურ ახმედოვმა მამედოვის მკვლელობაში გადაიხადა. საუბარია 500 ათას დოლარზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ელშან მამედოვის მკვლელობაში მხილებული ერთ-ერთი პირი, ემინ ახმედოვი ზაურ ახმედოვის ძმა გახლავთ.

 

ახლა კი რაც შეეხება გამოძიებას: ელშან მამედოვის მკვლელებმა ქვყნიდან გასვლა იმავე დღეს მოახერხეს. პროკურატურამ ემინ ახმედოვს და გუსეინ ისკანდეროვს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოშიც გადააგზავნა, თუმცა მალევე მამედოვის მკვლელობის გამოძიება რუსეთის ფედერაციამაც დაიწყო, მკვლელობაში მხილებული ძებნილები სანკტ პეტერბურგში დააკავეს, თუმცა მათ შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ბრალს ვერ უმტკიცებდნენ.

 

ირკვევა, რომ ეს მტკიცებულებები რუს კოლეგებს ქართველმა სამართალდამცველებმა გადასცეს. ამ მიზნით, საქართველოს პროკურატურას სანკტ პეტერბურგის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლები – ივან ბალაკირევი და გენადი იაშინი სტუმრობდნენ.

 

მათ თბილისიდან სისხლის სამართლის საქმის მასალები წაიღეს, რის საფუძველზეც ისკანდეროვს და ახმედოვს 15-15 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.

 

როგორც ჩანს, საქართველოში მათი ექსტრადირება შეუძლებელი იყო, ვინაიდან რუსეთის ფედერალური კანონით, საკუთარი ქვეყნის მოქალაქის უცხო ქვეყნისთვის გადაცემა აკრძალულია, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა.

 

შეიძლება ითქვას, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში ეს გახლავთ პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის სამართლებრივი დახმარების შესახებ შეთანხმება შედგა.

 

 

„ასეთი რამ საკმაოდ იშვიათია. საქართველოში მოხდა მკვლელობა. რუსეთის მოქალაქე ელშან მამედოვი საკუთარ მანქანაში მოკლეს. ეჭვმიტანილები ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან, აზერბაიჯანული წარმოშობის. ისინი საქართველოდან გაიქცნენ აზერბაიჯანის გავლით და აქ დავაკავეთ სანკტ-პეტერბურგში, ფრუნძის რაიონში ცეცხლსასროლი იარაღით. შემდეგ ვიღებთ ინფორმაციას, რომ ისინი იმყოფებიან საერთაშორისო ძებნილთა სიაში მკვლელობის ბრალდებით… გადავწყვიტეთ, რომ პეტერბურგში არ გვჭირდებოდა ასეთი რამ, ამიტომ დავიწყეთ მუშაობა საერთაშორისო არხებით… ჩვენ გავხსენით სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ არც ექსპერტის მოსაზრება გვქონდა და არც მნიშვნელოვანი პირების დაკითხვის ოქმი. ერთადერთი, მოკლული მამედოვის ძმა იყო, რომელმაც დანაშაულის გარემოება მოგვიყვა და საქართველოდან ჩამოიტანა რამდენიმე მტკიცებულება, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

 

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიმოქმედოთ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. საერთაშორისო საკოორდინაციო კომისარიატის ოფისმა მოამზადა პეტიცია საქართველოს გენერალურ პროკურატურისადმი. მინსკის კონვენციის შესაბამისად მომზადდა ბრძანება. ჩვენ წავედით საქართველოში, გამოვეცით ბრძანება და მივიღეთ შესაბამისი ნებართვა. საქართველოში ყოფნის დროს საქმე უკვე სასამართლოში იყო გადაგზავნილი. ჩვენ დავკითხეთ მთავარი მოწმე და დავბრუნდით დანაშაულის დიდი მტკიცებულებით“, – ამბობს სანკტ პეტერბურგის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი გენადი იაშინი.

 

„პრაიმტაიმს“ მთავარ პროკურატურაში განუმარტეს ის მიზეზები, რის საფუძველზეც ელშან მამედოვის მკვლელობის საქმის მასალები რუსეთის ფედერაციას გადაეცა.

 

„რუსეთისათვის გადაცემული სისხლის სამართლის საქმე შეეხებოდა 2017 წლის 11 სექტემბერს თბილისში, რესტორან „პურის სახლთან“ ელშან მამედოვის მკვლელობის ფაქტს.

 

რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურიდან 2018 წელს მიღებული ინფორმაციის თანახმად, ისკენდეროვი და ახმედოვი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. შესაბამისად, რუსეთის კანონმდებლობით მათი რუსეთიდან საქართველოში ექსტრადიცია დაუშვებელი იყო.

 

იმის გათვალისწინებით, რომ გუსეინ ისკენდეროვი და ემინ ახმედოვი საქართველოში ბრალდებულები იყვნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის – მკვლელობის ჩადენისათვის,  მათი  მოქალაქეობის გამო  ექსტრადიციის შესაძლებლობის არქონის პირობებში, რუსეთის ფედერაციას მათ  წინააღმდეგ საქართველოში შეკრებილი მტკიცებულებები გადაეცა.

 

ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მიხედვით, როდესაც პირის ექსტრადიცია არ არის შესაძლებელი მისი მოქალაქეობის გამო, მოქალაქეობის ქვეყანა ვალდებულია თავად გაასამართლოს  პირი იმ დანაშაულისათვის, რომელიც მას ექსტრადიციის მომთხოვნ ქვეყანაში აქვს ბრალად წარდგენილი“, – განგვიმარტეს მთავარ პროკურატურაში.

 

ბრალდებულების ადვოკატი მაგამედ ისმაილოვი კი ამტკიცებს, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციას საქმის მასალები უკანონოდ გადასცა.

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი


X