10:07 | 2021-05-25 ავტორი: Prime Time

თბილისის პიკეტირება, როცა სამებაში ეროვნული გმირი ასვენია – ულტიმატუმი ხელისუფლებას თუ „ბანალური“ ნარცისიზმის უხეში გამოვლინება – ვინ როგორ ეხმიანება გოლეთიანის განცხადებას

თბილისის პიკეტირება, როცა სამებაში ეროვნული გმირი ასვენია – ულტიმატუმი ხელისუფლებას თუ „ბანალური“ ნარცისიზმის უხეში გამოვლინება – ვინ როგორ ეხმიანება გოლეთიანის განცხადებას

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს, 25 მაისს თბილისის ქუჩების პიკეტირებას გეგმავენ. ინფორმაცია მედიას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა მიაწოდა. მისი თქმით, პიკეტი 4 საათზე დაიწყება.

 

 

გუშინდელ დღემდე, გმირად შერაცხული გოლეთიანის მისამართით უკვე სხვადსხვა მოსაზრებები გაჩნდა.

 

 

საქმე ისაა, რომ რესპუბლიკის მოედანზე აქციის იდეოლოგიურად დაპირისპირებულ მონაწილეებს შორის კონფლიქტი ვარლამ გოლეთიანის პატარა გამოცდად იქცა.

 

გოლეთიანის თქმით, უკვე 210-ე დღეა იბრძვიან და იბრძოლებენ მანამდე, ვიდრე შედეგს არ მიიღებენ:

 

„25 მაისს, 16:00 საათიდან ისევ იქნება მსვლელობა, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს, ამიტომ მოვუწოდებთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ არ გავჩერდეთ იქამდე ვიდრე მივაღწევთ შედეგს.

 

მთავარია ბოლომდე მივიყვანოთ ეს ბრძოლა. ხელისუფლება მუდმივად ფიქრობს, როდემდე შეძლებს ეს ხალხი ამ ფორმით იბრძოლოს, ჩვენ უკვე 210-ე დღეა ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს.

 

25 მაისს, 16:00 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას ვიდრე ვართ დღეს წარმოდგენილი. გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით თუნდაც ამ მოედანზე, დავიძრებით მსვლელობით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას და ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომელიც არაერთგზის გავაჟღერეთ.” – თქვა გოლეთიანმა.

აუცილებლად წავიდოდი აღლუმზე. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ხელისუფლებაში - ნანუკა ჟორჟოლიანი გოლეთიანის მოთხოვნას ეწინააღმდეგება
2021-05-24აუცილებლად წავიდოდი აღლუმზე. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ხელისუფლებაში - ნანუკა ჟორჟოლიანი გოლეთიანის მოთხოვნას ეწინააღმდეგება

 

“26 მაისის, ანუ დამოუკიდებლობის დღის პარალიზებაა გეგმაში?!” ,- ასე ეხმაურება ექსპერტი ამირან სალუქვაძე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას.

 

„უკვე გაჟღერებაც კი, მივალთ, ხმას გავაგონებთ, ძირია. თანაც, 11 წლის წინ გავლილი თემაა. აბა, რა გითხრათ?! ისე, ცნობისთვის, სამებაში ეროვნული გმირი ასვენია. ეს რამდენიმე დღე, ერი სხვა დღის წესრიგით უნდა ცხოვრობდეს, წესით…“, – წერს ამირან სალუქვაძე.

 

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გოლეთიანის განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ის შეგნებულად აკეთებს ამას.

 

რა უჯდებათ რიონის მცველებს თბილისში მიმდინარე აქცია - თანხა დათვლილია
2021-05-24რა უჯდებათ რიონის მცველებს თბილისში მიმდინარე აქცია - თანხა დათვლილია

 

„ის ზედიზედ უშვებს მძიმე შეცდომებს. თბილისში ჩამოსვლის პირველივე დღეს დედაქალაქის პარალიზება გამოაცხადა, თითქოს თბილისი მისი სათარეშო საადგილმამულო იყოს. დღეს უკვე სახელმწიფო სიმბოლოებს დაესხა თავს და საკუთარი თავი გააიგივა ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, რომელიც ხალხმა თურმე მასთან უნდა აღნიშნოს და არა საერთო სახელმწიფო აღლუმზე. რატომღაც ჰგონია რომ აქაური საზოგადოება ამ ყველაფერს გაუტარებს

 

გოლეთიანის დიაგნოზს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ბანალური „ნარცისიზმი“ – თითქმის ყველა სიმპტომი სახეზეა. თუმცა, თუ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, შესაძლოა უფრო საფრთხის შემცველი სურათი დავინახოთ – დაგეგმილი მორიგი რევოლუცია.

 

როგორც ვხედავთ ეკოლოგიურმა და სხვა მოთხოვნებმა უკან გადაიწია და წინ უკვე პოლიტიკური მოთხოვნებია. პარტიების და აქტივისტების ასეთი აქტიური მოწვევა აქციაში ჩართვისკენ, უკვე გვაჩვენებს თუ საითკენ მიდის პროცესი”.- წერს ანალიტიკოსი.

 

 

 

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი აღლუმის ჩაშლის მცდელობა

 

 

 

ვარლამ გოლეთიანმა იუსტიციის სახლის წინ აქციის მონაწილეებს მიმართა.

 

“26 მაისი არის ჩვენი დღე, მოვუწოდებთ ყველას 26 მაისს არ მივიდნენ იმ აღლუმზე, არამედ მოვიდნენ ჩვენთან და ვთქვათ რომ ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ”

 

ნახეთ ვარლამ გოლეთიანის განცხადება

 

 

 

„მოვედით ადგილზე, სადაც კანონდება ის უკანონო პროცესი რაც რიონის ხეობაში ხდება, ამიტომ როდესაც ვამბობთ რომ ნამახვანჰესი არის სისტემური პრობლემების სახე ამაში იგულისხმება ბევრი რამ, ერთ-ერთი კი არის სწორედ მიწის კანონი, რომელიც არ გვაქვს მოწესრიგებული და იძლევა საშულებას არასწორად ად არამართლზომიერად განისაზღვროს საერთო რესურსი. მიწის კანონი ებმის ამ პრობლემას და ვნახეთ ჩვენ რომ შესაძლებლობა ეძლევა ხელისუფლებას, რომ თუკი ის ჩათვლის საჭიროდ პრაქტიკულად მთელი ხეობა გააჩუქოს და მიზერულ ფასად გადავიდეს კერძო სექტორის ხელში”- თქვა გოლეთიანმა.

 

 

ძალიან არ მინდა, რომ მათ ნებსით თუ უნებლიეთ შეასრულონ იმ ადამიანების თამაში, ვისთვისაც დამოუკიდებლობა არაფერს ნიშნავს და რომლებსაც პრაქტიკულად ოკუპანტი ან მისი მომხრეები ჰქვიათ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებას.

 

მისივე თქმით, როდესაც ცდილობ, დამოუკიდებლობის დღე ჩაშალო, ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამ წყალს.

 

 

ეს „გადავარდნილი“ ხელისუფლება შეიძლება ვინმეს ჩაუვარდეს ხელში -  ვარლამ გოლეთიანის დედა პოლიტიკურ პროცესებზე
2021-05-24ეს „გადავარდნილი“ ხელისუფლება შეიძლება ვინმეს ჩაუვარდეს ხელში -  ვარლამ გოლეთიანის დედა პოლიტიკურ პროცესებზე

 

„არავის მივცემთ ამის გაკეთების უფლებას და ბუნებრივია, თუ კანონის დარღვევას ეცდებიან, კანონი ამოქმედდება. როდესაც ცდილობ, დამოუკიდებლობის დღე ჩაშალო, ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამ წყალს. არ მინდა, დავიჯერო, რომ ეს ხდება ნებსით. შეიძლება გადაკეტო ერთი ქუჩა. ეს არ ჯდებოდეს კანონის ფარგლებში, თუმცა ზოგჯერ ჩვენ რაღაცაზე ვხუჭავთ თვალს, მეტის უფლებას ვაძლევთ აქციის მონაწილეებს.

 

ჩემი მყარი რწმენაა, რომ კარვის გაშლა მანქანების ან მოქალაქეების სავალ ნაწილზე არანაირად არ ჯდება შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებაში. გზის გადაკეტვის შემთხვევაში, შეიძლება მოვითმინოთ ერთი დღე, ორი დღე, მაგრამ მთლიანობაში ეს არის დაუშვებელი. ამით ისინი დისკომფორტს უქმნიან ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენი ქალაქის სტუმრებს და როცა ასე ძალიან მტრულ განცხადებებს აკეთებენ, რომ ისინი მოახდენენ დედაქალაქის პარალიზებას, მინდა, მეგობრულად ვურჩიო, არც ეცადონ, ვინაიდან არავის მივცემთ ამის უფლებას.

 

 

თბილისის პარალიზების უფლებას არავის მივცემთ, მაგრამ არც იმას გავიმეორებთ, რაც მოხდა 2011 წლის 26 მაისს, როცა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი მომიტინგეები და უსასტიკესად სცემეს თითოეული მათგანი ისე, რომ მათ არ ჰქონდათ გაქცევის საშუალება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა. ელჩმა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების და ასევე ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

„მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება ჰქონდეთ იმ ადამიანებს, ვინც შეშფოთებულები არიან. მთავრობამ უნდა მოახდინოს ამ რთული საკითხის დაბალანსება. ეს რთული საკითხია, მაგრამ გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობამ მოსახლეობას მოუსმინოს.

 

მოქალაქეებს არ უნდა უწევდეთ ელექტროენერგიაზე მაღალი გადასახადის გადახდა. საქართველო კი დამოკიდებულია რუსეთის ელექტროენერგიაზე,” – აღნიშნა კელი დეგნანმა.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს.

 

„ფორმატი, რომელიც მათ შემოგვთავაზეს, რა თქმა უნდა, არაა კონსტრუქციულობის ჩარჩოში, ფიზიკურად შეუძლებელია ამ საკითხების ასობით ადამიანთან განხილვა. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ჩვენ ნამდვილად გვქონდა პრაქტიკა, როდესაც მსგავს პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ყველა ჩვენი შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მათ შორის – Facebook-ლაივით.

 

ეს ვიდეოები დღესაც არსებობს და ყველას შეუძლია ნახოს. რაც ყველაზე მთავარია, ასეთი სამუშაო ჯგუფის საბოლოო შედეგი დასრულდა წარმატებით. ამ შემთხვევაში, ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, ყოფილიყო კომუნიკაცია, გაჩნდეს ნდობა და მომესმინა, რამდენად აქვთ ამ ფორმატით დისკუსიის გაგრძელების სურვილი. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა – თუ მათ სურვილი ექნებათ, შემიძლია, შევხვდე, რამდენი ადამიანიც იქნება, რათა კონსტრუქციული საუბარი შედგეს.

 

თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ფორმატი, რომელსაც შევთავაზებთ, მისაღები იქნება, დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდით ამ პროცესში სრულიად გამჭვირვალედ, ყველა ჩართული მხარის მონაწილეობით საუბარს ნებისმიერი ფორმატით, იქნება ეს პირდაპირი ეთერი, ტელევიზია, Facebook-ი თუ სხვა სოციალური ქსელები.

 

ჩემი შეთავაზება ძალაშია – შედგეს პირველი შეხვედრა და თუ მათი მხრიდან იქნება ინტერესი, რომ ამ ფორმატში გავაგრძელოთ მუშაობა, მიმაჩნია, რომ პარლამენტი საინტერესო შემადგენლობით, მათ შორის – ოპოზიციური პარტიების მონაწილეობითაც ისაუბრებს მათთან ერთად.

 

ეს არ იყო შეხვედრა, რომელზეც მე რაღაც პირობებზე უნდა მესაუბრა, მე არ მქონდა კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. უბრალოდ, ესაა შეთავაზება, მიიჩნევენ თუ არა ისინი საჭიროდ პარლამენტის ძალიან მაღალ დონეზე ჩართულობას, იმისთვის, რომ საკითხი, რომელიც ყველას ადარდებს, გადაიჭრას ყველას ინტერესების გათვალისწინებით და, რაც ყველაზე მთავარია – კონსენსუსის მიღწევით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

ნანიკო ჩხაიძე

ავტორი: Prime Time

X