fbpx
17:39 | 2020-12-23 ავტორი: ამუკა ქორიძე

თბილისის მერიამ მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველთათვის 1 200 000 ლარი გამოყო

თბილისის მერიამ მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველთათვის 1 200 000 ლარი გამოყო

თბილისის მერიამ მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეების დასახმარებლად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1.2 მილიონი ლარი, ხოლო თბილისის საკრებულოდან 200 000 ლარი გამოიყო.

 

თბილისის მერიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფომაციის მიხედვით, ამ ეტაპისთვის შეძენილი 500 ათასი ლარის ღირებულების საკვები პროდუქტები, ტკბილეული და პირველადი მოხმარების ნივთები, თბილისის 10-ვე გამგეობას გადაეცა, რის შემდეგაც, გამგეობების თანამშრომლები შეძენილ პროდუქტებს ისეთ ოჯახში გადაანაწილებენ, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.

 

 

აღსანიშნავია, რომ ნობათის დაფასოებასა და მისი განაწილების პროცესს, თბილისის რაიონების გამგებლებთან ერთად, დღეს დედაქალაქის მერი – კახა კალაძეც დაესწრო.

 

„ვაგრძელებთ ჩვენ მიერ წამოწყებულ დახმარების პროგრამას. ძალიან კარგი პლატფორმა შეიქმნა. ჯერ კიდევ პანდემიის პირველი ტალღის დროს გვქონდა ანალოგიური პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო ბიზნესსექტორი და რიგითი მოქალაქეები, რისთვისაც მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. დღეს აქ ხედავთ პროდუქტებს, რომელთა დაფასოება და გადანაწილება ხდება. შემდეგ კი უკვე გამგეობის თანამშრომლები ინდივიდუალურად მიიტანენ პროდუქტს იმ ოჯახებში, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუჭირდა და ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა ჭირდება. მინდა, ასევე ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მოხალისეებად არიან ჩართულები და ეხმარებიან დედაქალაქის მერიისა და გამგეობის თანამშრომლებს პროდუქტების დაფასოებასა და დარიგებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ წინასაახალწლოდ ყველა გამგეობა, მუნიციპალიტეტი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემს ნობათებს. ამას დაემატება ყველაფერი ეს, რასაც აქ ხედავთ და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომა იქნება“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქის მერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამოყოფილი თანხის ფარგლებში, თბილისის მერია ახლო მომავალში, მოქალაქეებს კიდევ, 700 ათასი ლარის საკვები პროდუქტებითა და პირველადი დახმარების ნივთებით დაეხმარება.

ავტორი: ამუკა ქორიძე
X