00:20 | 2020-06-20 ავტორი: თამარ გონგაძე

“თავისას მიაღწია, ჩემი საყვარელი გახდა!” – ზურაბ ცინცქილაძის “აღიარება”

“თავისას მიაღწია, ჩემი საყვარელი გახდა!” – ზურაბ ცინცქილაძის “აღიარება”

“აჭარის ტელევიზია” სერიალს იღებს. “ერთხელ ბათუმში” ასე ჰქვია ახალ სერიალს, რომელსაც ნუგზარ ერგემლიძის ნოველების მიხედვით ირაკლი კიკვაძე იღებს. პანდემიის დროს დაწესებული მთავარი შემზღუდველი რეგულაციების მოხსნისთანავე ჯგუფმა გადაღება განაახლა და რვა სერია გადაიღო.

 

მოქმედება თანამედროვე ეპოქის ბათუმში ვითარდება. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ახალ სატელევიზიო პროდუქტში ჩვენი დროის სხვადასხვა აქტუალურ თემებს ვიხილავთ.

 

სერიალში სცენარის ავტორიც თამაშობს. ნუგზარ ერგემლიძეს მეთევზის როლი აქვს, რომელიც მოგონებების სახით ისტორიებს იხსენებს.

 

2020-05-19"ამ ყველაფრიდან "ამახვევინეს", თუმცა დახვრეტას გადავრჩი" - რას იხსენებს "პრაიმტაიმთან" ზურაბ ცინცქილაძე

 

მთავარ როლში ზურაბ ცინცქილაძეა. მსახიობი მილიონერი ბიზნესმენის როლშია. როგორც მსახიობი “პრაიმტაიმთან” ამბობს, მის გმირს, ლევანს, სამშენებლო ბიზნესი და რესტორნების ქსელი აქვს და “გრიალებს”. სერიალში ცინცქილაძის მეუღლე, მსახიობი თამრიკო დათუაშვილი ლევანის საყვარლის როლშია.

 

ზურაბ ცინცქილაძე: – თამუნია დამიძახეო, მეუბნება, აღმატებით ხარისხში დაძახებული “თამარი” არ მოსწონს. თამარი უფრო ცოლს უხდება, თამუნია საყვარელს (იცინის). მოკლედ, თავისას მიაღწია – ჩემი საყვარელი გახდა! რამდენს ხანს უნდა იყოს ცოლი?! აგერ 40 წელიწადზე მეტია ჩემი ცოლია და საყვარელი გავხადე (იცინის). მომწონს, კარგია ცოლი რომ საყვარელს თამაშობს.

 

და როგორია თამაში თამუნიასთან?

 

– ცოლ-ქმრად თავს სულ არ ვგრძნობ. სამსახიობო გამოცდილება ხელს მიწყობს, რომ ჩემი ცოლი საყვარლად აღვიქვა. მინდა გითხრათ, თამრიკო თამუნიაზე ეჭვიანობს. ვინ არ ყოფილა ჩემი ცოლი – ფილმში, სერიალში, სპექტაკლში, არავისზე არ უეჭვიანია. ახლა თვითონ რომ არის საყვარლის როლში, ეჭვიანობა დაიწყო: შენ რაღაც სხვანაირად მელაპარაკები, ესე იგი, საყვარლის ყოლის გამოცდილება გაქვსო. არადა, მე ლევანის როლში ვარ. ეტყობა, იმდენად დამაჯერებელი ვარ, რომ თამრიკო ეჭვიანობს. აქედან გამომდინარე, მე ჩემი სამსახიობო ოსტატობა მომეწონა.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები