12:07 | 2020-03-25 ავტორი: Prime Time

თავდაცვის ძალები საკარანტინო ზონაში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს ამკაცრებს

საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე კონტროლს ამკაცრებს.

 

უსაფრთხოების გაძლიერებისა და კიდევ უფრო ეფექტიანი მუშაობის მიზნით აღმოსავლეთ სარდლობამ ხუთივე გამშვებ პუნქტზე ღამის განათების ძლიერი სისტემა დაამონტაჟა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მყარი ბარიერები განალაგა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონი რეგულარულად აკონტროლებს მარნეულის საავიაციო ბაზას და პატრულირებს მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

„მუდმივად ხორციელდება საგანგებოდ მოწყობილ საგუშაგოებზე მორიგეობით შესული პირადი შემადგენლობის აღჭურვილობის, უნიფორმისა და ხელთათმანების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება.

 

მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონაში თავდაცვის ძალების  მიერ ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული მოქმედებები აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ სხვადასხვა ქვედანაყოფის ხელმძღვანელებთან შეაჯამა. მარნეულის საავიაციო ბაზაზე არსებულ მართვის ცენტრში შეკრებილ ოფიცრებს აღმოსავლეთის სარდალმა საკარანტინო ზონაში არსებული მდგომარეობა დეტალურად გააცნო.

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ მეორეხარისხოვან, შემოვლით  გზებზე  პატრულირება და ოპერაციის რაიონის ტექნიკური თვალთვალის საშუალებით 24-საათიანი კონტროლიც ხორციელდება.

 

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო. თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.

 

საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ.

 

მანამდე, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ, 8 050 მოქალაქე გამოიკვლიეს.

 

ასევე დასახელდა სოფელი, სადაც მარნეულელი, კორონავირუსით ინფიცირებული ქალი წლისთავში იმყოფებოდა.

 

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი