fbpx
17:52 | 2020-08-07 ავტორი: თამარ გონგაძე

“თამაზის შემდეგ სცენაზე უარი თქვა” – მესამე წელია “ღამის სერენადები” ლიანა ისაკაძის გარეშე ტარდება

“თამაზის შემდეგ სცენაზე უარი თქვა” – მესამე წელია “ღამის სერენადები” ლიანა ისაკაძის გარეშე ტარდება

2 აგვისტოს ლიანა ისაკაძე 74 წლის გახდა. ფესტივალი, რომელიც მევიოლინის სახელთან ასოცირდება, მის მიერ აფხაზეთში, 1982 წელს არის დაარსებული. “ღამის სერენადებმა” 90-იანი წლების წყვეტის შემდეგ, 12 წლის წინ, ისევ შავი ზღვისპირეთში, ამჯერად – ბათუმში განაახლა არსებობა. პოსტ პანდემიური პერიოდის გამო ფესტივალმა ფორმატი შეიცვალა. სტარტს 27 აგვისტოს ბათუმში აიღებს, 2 და 4 სეტემბერს კი თბილისში გაგრძელდება. რეგულეციების გათვალისწინებით, ბათუმის კონცერტს, პირდაპირ ეთერში “აჭარის ტელევიზია” გაუშვებს, თბილისის კონსერვატორიაში ჩატარებულ კონცერტებს კი “ლენო რეკორდსი” ლაივსტრიმით გაუშვებს.

 

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსმა, ნანა დოლიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფესტივალის ფარგლებში ორი საიუბილეო საღამო იგეგმება, ბეთჰოვენის 250-ე და სულხან ცინცაძის 95-ე იუბილესთან ღონისძიებები.

 

Vuoden 1970 voittajat Pavel Kogan ja Liana Isakadze | Jean Sibelius -viulukilpailu | Klassinen | yle.fi

 

ნანა დოლიძე: – ფესტივალი ბათუმის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე გაიხსნება. მისი პირდაპირ ეთერში გადაცემა “აჭარის ტელევიზიით” მოხდება. ანუ წელს მეტი მსმენელი და მაყურებელი ეყოლება ფესტივალს, ვიდრე ოდესმე ჰყოლია. ჩვენი სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება ხელი შეუწყოს პანდემიამდე დაგეგმილ ფესტივალებს. ბუნებრივია, ხდება ფესტივალების ფორმატის გადააზრება, თუმცა ყველა კულტურული ღონისძიება აუცილებლად შედგება და მაყურებელს საშუალება ექნება დატკბეს ღონისძიებებით. სახელმწიფო უწყებები მუდმივად არიან ამ “ღამის სერენადების” მხარდამჭერები.

 

ფესტივალის დირექტორმა ნინა ცაგარელმა აღნიშნა, რომ რეგულაციების გამო ფესტივალის პროგრამის შეცვლა რამდენჯერმე მოხდა. პროგრამასთან ერთად შეიცვალა ბიუჯეტიც და სოლისტების სუსხაც.

 

 

ნინა ცაგარელი: – ფესტივალს გავხსნით სულხან ცინცაძის საიუბილეო კონცერტით, რომელზეც დაუკრავს არაერთი საერთაშორისო და ეროვნული კონკურსების ლაურეატი, პიანისტი თათა ლიჩელი. ასევე მოუსმენთ გია ყანჩელის სახელობის კვარტეტს. სულხან ცინცაძის გარდა პროგრამაშია შუმანის კვინტეტი ფორტეპიანოსთვის და რაველის ვალსი.

 

პროგრამის შედგენა- გადაკეთებაში მონაწილეობდა დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი.

 

ვახტანგ მაჭავარიანი: – ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი გენიოსით, ლიანა ისაკაძით. ბევრ ქვეყანას არ ჰყავს, ასეთი მასშტაბის მუსიკოსი. ფესტივალს რაც შეეხება, პირველად შესრულდება გენიალური ჩეხი კომპოზიტორის, ლეოს იანეჩეკის უნიკალური სიუტა სიმებისათვის. მამაჩემის, ალექსი მაჭავარიანის დიდი მეგობრის, ვიტორ ლუტოსლავსკის ქმნილებაც პირველად აჟღერდება. მაყურებელი მოისმენს ბეთჰოვენის ფუგას, ჰაიდნის, შუბერტს… შესრულდება ქართველი კომპოზიტორების ფორტეპიანოსთვის დაწერილი სამი ნაწარმოები.

 

No description available.

 

სპეციალურად ფესტივალისთვის სანდრო ნებიერიძემ დაწერა ნაწარმოები და მე მოტივირებული ვარ ის შევასრულოთ. გიორგი შარაზაშვილის საფორტეპიანო კონცერტი, რომელსაც მისი ქალიშვილი, ელენე შეასრულებს და ჩემი საფორტეპიანო კონცერტი “კონცერტინიო”, რომელსაც ლიზა ჩხაიძე შეასრულებს. ასევე შესრულდება ჯიმშერ ჩხაიძის “სენტიმენტები”. ასე, რომ თბილისში, ოთხი ქართული კომპოზიცია გაიჟღერს.

ამ პირობებში დიდი ტვირტი ასწიეს ფესტივალის ორგანიზატორებმა, მადლობა კულტურის სამინისტროს, მერიას და ენთუზიასტ სოლისტებს.

 

მაკა ნასრაშვილი, მერიის კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური: – თბილისის მერია მეთორმეტედ უჭერს მხარს ამ ფესტივალს. კლასიკური ფესტივალების კუთხით, “ღამის სერენადები” ერთ-ერთი უმთავრესია. საოცრად დადებითი აურის მატარებელი ფესტივალია. ეს ორგანიზატორების დამსახურებაა. მადლობა ვახტანგ მაჭავარიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფესტივალი წლიდან წლამდე განვითარდეს. წარმატებას ვუსურვებ ფესტივალს.

 

 

თათა ლიჩელი: – განსხვავებული გრძნობები მაკავშირებს ქალბატონ ლიანა ისაკაძესთან. 2007 წელს  პირველად დავუკარი ამ ფესტივლზე ბათუმში. წელს მახარებს ის, რომ 2 სეტემბერს სულხან ცინცაძის ნაწარმოებს შევასრულებ. საზღვარგარეთაც არაერთხელ დამიკრავს და ძალიან დიდი მოწონებით უსარგებლია.

 

სანდრო ნებიერიძე: – 4 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ვუკრავ საკუთარ მეორე საფორტეპიანო კონცერტს. ეს ნაწარმოები ამ ფესტივალის დაკვეთით დაიწერა. ვახტანგ მაჭავარიანმა შარშან მთხოვა, თუ დაწერ ნაწარმოებს “ღამის სერენადებისთვის”, 2020 წელს დაუკრავო. მიხარია ამ ფესტივალში მონაწილეობა. წელს მეორედ ვუკრავ “ღამის სერენადებში”.

 

No description available.

 

“ღამის სერენადების” სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძის ძმისშვილი, მუსიკოსი გიორგი ისაკაძე გახლავთ. დიდმა მევიოლინემ უკვე სამი წელია უარი თქვა სცენაზე. ეს მისი ცხოვრების ტრაგიკულ მონაკვეთს უკავშირდება. სამი წლის წინ, “ღამის სერენადების” დროს, როდესაც მევიოლინემ პირველი ნაწარმოების შესრულება დაამთავრა და დარბაზი ოვაციებისგან აგუგუნდა, მოულოდნელად, მისმა მეუღლემ, თამაზ ჩაჩავამ ინფარქტი მიიღო და სასწრაფოს მისვლამდე იქვე გარდაიცვალა.

 

ნინა ცაგარელი, “ღამის სერენადების” დირექტორი: – მას შემდეგ სცენაზე კატეგორიული უარი თქვა. 18 წლიდან ერთად იყვნენ, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება და თამაზის გარეშე, რომელიც კონცერტის დროს გარდაიცვალა, წარმოუდგენელი გახდა მისთვის კარიერის გაგრძელება. უზომოდ დიდი სტრესი გადაიტანა.

 

ბუნებრივია, ახლა უხარია, რომ “ღამის სერენადები” აგრძელებს სიცოცხლეს. რომ არა კოვიდი, გვსურდა კონცერტის სასაზღვრო ზოლთან, ზუგდიდთან მდებარე რუხის ციხესთან ჩატარება. იმედია, გაისად მოვახერხებთ ამ იდეის განხორციელებას.

 

კვირის პალიტრა - 45-წლიანი თანაცხოვრების ტკივილიანი დასასრული - ლიანა ისაკაძის მეუღლე თამაზ ჩაჩავა კონცერტის მიმდინარეობისას გარდაიცვალა

 

შარშანწინ აფხაზეთის მთავრობამ ქალბატონი ლიანა ლამაზი პრიზით დააჯილდოვა. პრიზი რომ მივუტანე, ისე გაუხარდა… მათ იციან, რომ აფხაზეთში დავაარსე ეს ფესტივალიო? გულწრფელად იკითხა. იმდენი ჯილდო და პრიზი აქვს აღებული, მაგრამ დიდი სიხარული გამოხატა. მისთვის ყურადღება და საქმის გაგრძელება ძალიან დიდი სიხარულია. სხვათა შორის, ფესტივალზე, მის მიერ საფესტივალოდ შექმნილი კამერული ორკესტრი, “საქართველოპს ვირტუოზები” დაუკრავს.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

X