14:44 | 2020-03-17 ავტორი: Prime Time

ტაძრები არ დაიკეტება! – სინოდმა არ გაითვალისწინა სახელმწიფოს მოთხოვნა (საბერძნეთი)

საბერძნეთში მუდმივმოქმედი წმინდა სინოდის გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომა მთლიანად კორონავირუსის თემას და მისი პრევენციისათვის გასატარებელ ზომებს დაეთმო. სხდომას, გარდა ძირითადი წევრებისა, ესწრებოდნენ ატიკის რეგიონის მიტროპოლიტები (სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულთა ყველაზე მეტი რიცხვია) და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ინფექციოლოგი სოტირიოს ციოდრასი. მან მღვდელმთავრებს მოახსენა შექმნილი მდგომარეობის სირთულე და ურჩია, უსაფრთხოების რა ზომები უნდა მიეღო ეკლესიას, ამის შემდეგ მან დატოვა სხდომა.

 

წმინდა სინოდმა არ გაითვალისწინა სახელმწიფოს მოთხოვნა ტაძრების დაკეტვასთან დაკავშირებით.

 

მღვდელმთავართა აზრით, თუ ამგვარი რამ საჭირო გახდება, ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და არა ეკლესიამ.

 

ეკლესია ვერ დაკეტავს თავის ტაძრებს. ეს შექმნის ცუდ პრეცედენტს. არავინ იცის, მომავალში როგორ გამოიყენებენ ამ შემთხვევას.

 

წმინდა სინოდმა განაჩინა: ტაძრები ღია იქნება პირადი ლოცვებისთვის.

 

მოუწოდა ყველას, განსაკუთრებით – მოხუცებსა და ჯანმრთელობის მხრივ ადვილად მოწყვლად ჯგუფებში შემავალ ადამიანებს, დარჩეს სახლში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი ახლო კავშირი სხვა ადამიანებთან. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ შეიძლება ვირუსის მატარებელი იყოს და გაფრთხილდეს, რათა არ გადასდოს ის თავის მოყვასს.

 

საღვთო ლიტურგიები 22 მარტიდან ლაზარეს შაბათამდე აღსრულდება მხოლოდ კვირაობით და ხარების დღესასწაულზე, ჩვეულებისამებრ დილის 07:00 – 08:00 საათებში.

 

ყველა სხვა საზოგადო ღვთისმსახურების აღსრულება დროებით შეჩერდება. გადაიდება ამ პერიოდში წინასწარ დაგეგმილი ნათლობისა და ქორწინების საიდუმლოებების აღსრულებაც. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ზემოხსენებული საიდუმლოებანი აღესრულება მხოლოდ მშობლების, ნათლიისა და მეჯვარეების თანდასწრებით.

 

წესის აგებები გაიმართება ტაძარში, რომელსაც მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან. ასევე მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან პანაშვიდებსაც, რომლებიც საფლავებზე უნდა გაიმართოს.

 

მონასტრებში ყველაფერი შესრულდება ჩვეულებისამებრ, ტიპიკონის მიხედვით, მაგრამ ამ მსახურებებს მხოლოდ მონასტრის საძმოს წევრები დაესწრებიან, მომლოცველები არ დაიშვებიან.

 

წმინდა სინოდი იზიარებს ყველა ზომას, რომლებიც სახელმწიფომ გაატარა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცლებლად.

 

ყველას ურჩევს, შეინარჩუნის სიმშვიდე, თავშეკავება და ნდობა სახელმწიფოს შესაბამიდი უწყებების მიმართ, არ აჰყვეს პანკას და არ შეიქმნას დაუცველობის შეგრძნება.

 

აფასებს სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის მიმართ გამოხატულ პატივისცემას და აღნიშნავს, რომ თუ უახლოეს მომავალში საჭირო გახდება უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება, კვლავაც შეიკრიბება ამ საკითხის განსახილველად.

 

ყველა ქრისტიანს მოუწოდებს, ყოველ საღამოს, 22:00–იდან 22:15–მდე ერთად ილოცონ საკუთარ სახლებში ამ განსაცდელისა და სენისგან გასათავისუფლებლად, და ექიმების, მედიკოსებისა და მეცნიერ-მკვლევარების შეწევნისათვის (მათ მიმართ წმინდა სინოდი დიდ მადლიერებას გამოხატავს და ლოცავს).

 

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი