13:51 | 2020-01-07 ავტორი: Prime Time

სურამში დაბადებული ქართველი ებრაელი, რომელმაც რუსი ჯაშუშები და ცნობილი ტერორისტები გაანადგურა

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ისრაელის დაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსან ავთანდილ წიწუაშვილთან, იგივე იცხაკ ილანთან. უსაფრთხოების სააგენტოში 31 წლიანი მუშაობის პერიოდში მან დაკითხა და გამოავლინა არაერთი რუსი ჯაშუში და განსაკუთრებით საშიში ტერორისტი, მათ შორის „ინჟნერის“ მეტსახელით ცნობილი კამიკაძე.

 

ბენი განცთან ერთად (ისრაელის გენშტაბის უფროსი 2011-2015 წწ)

 

იცხაკ ილანი 1995-1997 წლებში ღაზას ზონის კონტრტერორისტული ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი იყო, შემდეგ  მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ისრაელის კონტრტერორიზმისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტებში.

 

ქართველი ებრაელი ავთანდილ წიწუაშვილი სურამში დაიბადა… ის გახლავთ დიდი რაბინების შთამომავალი. დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა… როგორ აღმოჩნდა ისრაელის უშიშროების სააგენტოში? რას ყვება მის ქართულ ფესვებზე და წარმატებულ ანტიტერორისტულ საქმიანობაზე? ამას თავად იცხაკ ილანი მოგვიყვება:

 

– დავიბადე და გავიზარდე სურამში, როგორც ავთანდილ წიწუაშვილი. შინაურები  იცხაკს (ისაკოს) მეძახდნენ. ვარ დიდი ქართველი ებრაელი რაბინების შთამომავალი. პაპაჩემი – რაბინი გაბრიელი, იყო სურამის ებრაელთა ლიდერი და მთავარი რაბინი. პაპაჩემის ძმა, რაბინი მოშე დავარაშვილი იყო საზოგადო მოღვაწე და 1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ერთ-ერთი ხელის მომწერი. პაპაჩემის პატარა ძმა – რაბინი იაკობი, იყო საქართველოს ებრაელთა მთავარი რაბინი გასული საუკუნის 60-70 წლებში. მეოთხე ძმა, რაბინი მიხაელი ჩამოვიდა პალესტინაში (იერუსალიმში) საცხოვრებლად, 100 წლის წინ. 1969-73 წლებში ვსწავლობდი თბილისში, კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატში. ეს სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე და იმ ზაფხულშივე, 1973 წელს, წამოვედით ისრაელში საცხოვრებლად.

 

– როგორ დაიწყო თქვენი კარიერა?

 

– ისრაელში დავიწყე სწავლა იერუსალიმის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. შემდეგ ვიმსახურე ჯარში 4 წელი. ისრაელის საჰაერო ძალებში გავხდი ოფიცერი. ჩემი დივიზიის მეთაურის მოთხოვნით შევიცვალე გვარი: „ილან“ ივრითულად ნიშნავს ხეს და მოხსენიებულია ფსალმუნის პირველი პარაგრაფის ლოცვაში, როგორც კარგი ნაკვეთის მომცემი… ჯარის მერე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი, მაგრამ როგორც კინოში ხდება, ზუსტად ისე, ერთმა ტელეფონის ზარმა შეცვალა ჩემი ცხოვრება: 1981 წელს დარეკა ტელეფონმა სახლში და შემომთავაზეს, მივსულიყავი „საინტერესო შეხვედრაზე“…  ასე დაიწყო ჩემი სამსახური ისრაელის უშიშროების სააგენტოში (ISA), რომელიც გაგრძელდა 31 წელიწადს. 4 წელი ვიმსახურე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში. შემდეგ ვისწავლე არაბული ენა და ვმსახურობდი თითქმის 9 წელი ტერორისტების დამკითხველად, რამალლას რეგიონში (5 წელი როგორც დამკითხველი, 3 წელი – დამკითხველთა ჯგუფის უფროსი და 1 წელი – დამკითხველთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე).

 

1995-1997 წლებში ვიყავი ღაზას ზონის კონტრტერორიზმისა და ოპერაციების განხორციელების დეპარტამენტის უფროსი. შემდეგ ვიყავი იეჰუდას რეგიონის დამკითხველთა დეპარტამენტის უფროსი. 2000 წელს გავხდი სამარიის რეგიონის უფროსი ბრიგადირ-გენერლის წოდებით, სადაც ვიმსახურე 2003 წლის ბოლომდე, ეგრეთ წოდებულ „მეორე ინტიფადას“ პერიოდში. 2004-2006 წლებში ვიყავი ისრაელის უშიშროების სააგენტოს დაკითხვების განყოფილების უფროსი. 2006-2008 წლებში – არაბულ/ირანული კონტრტერორიზმისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი. 2008-2010 წლებში – არა არაბულ/ირანული კონტრტერორიზმისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი. 2010-2011 წლებში – ისრაელის უშიშროების სააგენტოს უფროსის მოადგილე.

 

– რუსული აგენტურის გამოვლენის საქმეში თქვენი წვლილის შესახებ რას გვეტყვით?

 

– ამ კითხვაზე ვერ გაგცემთ პასუხს. აგიხსნით კიდეც, რატომ: რაც უფრო ნაკლები ეცოდინებათ რუსებს ჩემზე, მით უკეთესია. ერთ რამეს კი გაგიმხელთ: მე დავკითხე შაბთაი კალმანოვიჩი, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის ჯაშუში ისრაელში. დღემდე რუსები არ აღიარებენ იმ ფაქტს, რომ კალმანოვიჩი იყო მათი ჯაშუში, მიუხედავად იმისა, რომ მან 6-წლიანი ციხე მოიხადა ისრაელში (9-ის მაგივრად), დაბრუნდა რუსეთში და მოკლეს მოსკოვში.

 

– დაკითხვების დეპარტამენტში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდით. საინტერესოა, საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები, ტერორისტები, სხვა სახის დამნაშავენი თუ მოხვედრილან თქვენს ხელში?

 

– ამ კითხვაზეც ვერ გაგცემთ პასუხს: ბევრს ცნობილ ადამიანს გაუვლია ჩემ ხელში, ოღონდ რაც საიდუმლოა, ის საიდუმლოდ რჩება დღესაც.

 

– მაშინ გკითხავთ, თუ შეგიძლიათ, სერიული მკვლელის, ჯეკ ტიტელის დაკავების შესახებ მოგვიყევით?

 

– ჯეკ ტიტელი იყო ებრაელი ნაძირალა ტერორისტი, რომელზეც ლაპარაკიც ზედმეტია. ის დასავლეთის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ ყველაზე შორეულ დასახლებაში ცხოვრობდა.  მოკლა ორი არაბი, უდანაშაულო მოქალაქე და დაჭრა რამდენიმე ებრაელი უდანაშაულო მოქალაქე, ძირითადად პოლიტიკური და ჰომოფობიის იდეოლოგიიდან გამომდინარე. მისი აღმოჩენა და დაპატიმრება დიდ ხანს გაგრძელდა, რადგან ძალიან ფრთხილად იქცეოდა. ბოლო-ბოლო, 2009 წელს დავაპატიმრეთ და სასამართლომ მიუსაჯა ორჯერ სამუდამო ციხე და კიდევ – 30 წელი.

 

– ღაზას სექტორში მუშაობისას მნიშვნელოვანი როლი გქონდათ ტერორისტის, მეტსახელად „ინჟინერის“ – ლიკვიდაციაში. თუ შესაძლებელია, გვიამბოთ ამის შესახებ?

 

– აჰია აბდ ალ-ლატიფ აიაში  ეგრეთ წოდებული „ინჟინერი“, პალესტინელი ტერორისტი იყო, რომელმაც პირველმა დაიწყო თვითმკვლელობის ტერაქტების განხორციელება. ისრაელის ასობით მოქალაქე გახდა მისი მსხვერპლი. 1995 წელს, როცა იგრძნო, რომ მის ირგვლივ ალყა ვიწროვდებოდა, გაიქცა ღაზას სექტორში და გააგრძელა აქტიურობა ტერაქტებში. მისი ლიკვიდაციის ბრძანება იცხაკ რაბინმა გასცა, ოღონდ ამის გამო ღაზაში შესვლა, ან „ხელის ანაბეჭდის“ დატოვება აკრძალა. მე ვიყავი ამ ძალიან რთული ოპერაციის უფროსი, რომელიც ნახევარ წელიწადს გაგრძელდა: ჩვენ შევძელით ხელის ტელეფონის გადაქცევა ბომბად, შევძელით ამ ტელეფონის შეტანა აიაშის ახლო გარემოცვაში და „ვაიძულეთ“, რომ ამ ტელეფონით ელაპარაკა მამასთან. ავაფეთქეთ სწორედ საუბრის დროს. აიაში ადგილზევე გარდაიცვალა. სხვა არავინ დაზიანებულა. ეს მოხდა 1996 წლის 5 იანვარს, დილის 8 საათზე. დღემდე ეს ოპერაცია ითვლება ერთ-ერთ გამბედავ და უჩვეულო ოპერაციად.

 

– რას ითვალისწინებდა საიდუმლო ოპერაცია „დამცავი ფარი”, რომლის ხელმძღვანელიც იყავით?

 

– ოპერაცია „დამცავი ფარი“ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2002 წლის გაზაფხულში, მე ვიყავი სამარიის რეგიონის უფროსი, shin bet-ში (ისრაელის სპეცსამსახურის ერთ-ერთი განყოფილება). ამ ოპერაციის შესრულება გადაწყდა ებრაული დღესასწაულის, ფესახის დღეს. იმ ღამით თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი ნათანიაში, სასტუმროს „პარკში“ და 30 ადამიანი მოკვდა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა.

 

ისრაელის ჯარმა ხელახლა დაიპყრო იეჰუდასა და სამარიის რეგიონები. დავიწყეთ ამ ტერიტორიების „გასუფთავება“ ისე, რომ ყველა ტერორისტი დავაპატიმრეთ ან დავხოცეთ და დღემდე ვახორციელებთ ამ რაიონების ოპერატიულ კონტროლს. რომ შევაჯამოთ ეს ოპერაცია, ისრაელმა სასტიკად დაამარცხა პალესტინელი ტერორისტები ამ რაიონებში და დღემდე ინარჩუნებს უპირატესობას, ოპერატიული კონტროლის თვალსაზრისით.

 

– მოგვიყევით დღევანდელ სიტუაციაზე, ისრაელში საომარი მოქმედებების შესახებ. რატომ მოხდა ისლამური ჯიჰადის ლიდერის, ბახუ აბუ ალ-ატუს ლიკვიდაცია ახლა, როცა ამის საშუალება დიდი ხნის წინაც იყო?

 

– ტერორისტების ლიკვიდაციისთვის დროის შერჩევაზე ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. მართალი გითხრათ, რა იყო მიზეზი, რომ მაინც და მაინც ახლა მოხდა ამ კონკრეტული ტერორისტის ლიკვიდაცია, არ ვიცი. shin bet-ში არ არის მიღებული საიდუმლო დეტალების გამჟღავნება პენსიონერებისთვის. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ეგ ვაჟბატონი ალბათ აპირებდა ახლო მომავალში ისრაელზე რაკეტების სროლას. ამიტომაც ისრაელის ჯარმა წინასწარ მოახდინა მისი ლიკვიდაცია, რამაც ქვეყანა კვლავ საომარ მოქმედებებში ჩააბა.

 

– და მაინც, რატომ გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება საუკუნე-ნახევარია? არის თუ არა შესაძლებელი, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას ეს კონფლიქტი, თუ ამის ნება ორივე მხარეს ექნება?

 

– ეს კონფლიქტი  გრძელდება თითქმის 160 წელიწადს, 1860 წლიდან, რადგან არაბები ვერ შეურიგდნენ იმ აზრს, რომ ებრაელები დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში, 2000 წლიანი დიასპორაში ყოფნის შემდეგ და დააარსეს დამოუკიდებელი, ებრაელთა ერის ერთადერთი სახელმწიფო! სანამ არაბები არ დარწმუნდებიან, რომ ისრაელის განადგურება შეუძლებელია, მანამ არ იქნება მშვიდობა. ჩვენთვის საჭიროა, ვიყოთ საკმარისად ძლიერები, რომ დავამარცხოთ არაბული/ირანული/მუსლუმანური ნებისმიერი კოალიცია, თუ იძულებული გავხდებით. იმედი მაქვს, რომ არაბები მალე მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ისრაელის განადგურება შეუძლებელია და მშვიდობა დამყარდება ჩვენ შორის.

 

– როგორია რუსეთის როლი და გავლენა ისრაულ-არაბულ კონფლიქტში?

 

– რუსეთის გადაწყვეტილებები ამ კონფლიქტში გამომდინარეობს მხოლოდ მისი ინტერესებიდან! რუსეთი არ არის ისრაელის მტერი, მაგრამ არც მეგობარია! რუსეთი არის ჩვენი მტრების მეგობარი/მოკავშირე. რუსებს აქვს ორი მთავარი ინტერესი: პირველი – შეინარჩუნოს თავისი არაბი, ირანელი და სხვა მუსულმანი მოკავშირეები, რომ გააგრძელოს მათთვის დიდძალი იარაღის მიყიდვა და მეორე: რადგანაც რუსეთის შემოსავალი მთლიანად დამოკიდებულია ნავთობისა და გაზის ფასებზე, სჭირდებათ მაღალი ფასების შენარჩუნება. ამისთვის კი საჭიროა, რომ ნებისმიერ მომენტში, ამა თუ იმ წერტილში მსოფლიოში იყოს სამხედრო კონფლიქტები, რაც ფასების დაწევის შესაძლებლობას არ მისცემს. ჩემი აზრით, აფხაზეთის, ოსეთისა და უკრაინის (დონბასსა და ყირიმში) კონფლიქტებიც აქედან მომდინარეობს. თუ მოიძებნა ენერგიის სხვა რესურსი, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, რადგან აღარ ეღირება კონფლიქტების გამო ფულის ხარჯვა.

 

იმედი მაქვს, რომ ჩვენი მომავალი თაობა იცხოვრებს მშვიდობიან ეპოქაში, ჩვენს ახლო და შორეულ მეზობლებთან ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ სანამ ეგ მოხდება, მანამ უნდა ვიყოთ ძალიან ძლიერები, რომ დავამარცხოთ ჩვენი მტრები!

 

2000 წლის წინ დაეცა მასადა, რომის იმპერიის დიდძალი ჯარის მიერ!!!

 

მასადა მეორედ არ დაეცემა!!!

 

შალომ!

 

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ღია წყაროებიდან

 

ლიტვის, ისრაელისა და რუსეთის მოქალაქე, მეწარმე და ქველმოქმედი შაბთაი კალმანოვიჩი 2009 წლის 2 ნოემბერს თავის „მერსედესში“ ჩაცხრილეს. საქმის ორწლიანმა გამოძიებამ შედეგი არ გამოიღო. 2011 წელს გამომძიებლებმა ხელი ჩაიქნიეს და საქმე თაროზე შემოდეს. კალმანოვიჩის მკვლელობის შემკვეთის, ორგანიზატორებისა და შემსრულებლების სახელები მისი ცხოვრების ბოლო საიდუმლო გახდა.

 

width=600
შაფთაი კალმანოვიჩი

შაბთაი ამჯობინებდა, რომ მისთვის შაბთაი ფონ კალმანოვიჩი დაეძახათ, რითაც ხაზს უსვამდა თავის მაღალ წარმომავლობას. მას პრეფიქსი „ფონ“ მიანიჭა ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ვალდას ადამკუსმა, ევროპის ჩემპიონატში კალათბურთის გუნდის, „ჟალგირისის“ გამარჯვებისთვის. კალმანოვიჩმა, როგორც გენერალურმა სპონსორმა, „ჟალგირისში“ 6,5 მილიონი  დოლარის ინვესტიცია ჩადო. 1971 წელს, კალმანოვიჩების ოჯახი ისრაელში წავიდა და რეპატრიანტები გახდნენ.

 

შაბთაის ბიზნესი აფრიკაში სწრაფად ვითარდებოდა და მისი საბანკო ანგარიშები უკვე ბევრ მილიონს ითვლიდა, თუმცა, 1987 წელს ის დააპატიმრა ისრაელის კონტრდაზვერვამ. მას წაუყენეს ბრალდებად – საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ შპიონაჟი. ეს დადასტურდა სასამართლო პროცესზე და ჯაშუშს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეები, პუგო და რუცკოი ჩაერივნენ, უშუამდგომლეს სასამართლოსთან და 3,5 წელი მოაკლეს. პატიმრობის დროს მან შეისწავლა არაბული ენა და დაუმეგობრდა პალესტინის  სახელმწიფოს მომავალ ლიდერებს, რომლებიც ტერორიზმის ბრალდებით მასთან ერთად იხდიდნენ სასჯელს. მოგვიანებით, ГРУ-ს ვეტერანებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მათ მიიღეს საინტერესო ინფორმაცია ისრაელის მოქალაქისგან, მაგრამ ამავე დროს, უარყვეს, რომ ამ ადამიანს ჰქონდა აგენტის სტატუსი. იაკოვ კედმი, ისრაელის ერთ-ერთი სპეცსამსახურის ხელმძღვანელი, უარყოფდა კალმანოვიჩის მიერ საიდუმლო ინფორმაციის გაცემას, მაგრამ ძალიან უსიამოვნოდ თქვა: „ის ცხოვრობდა როგორც მაწანწალა ძაღლი და მოკვდა უიღბლო ძაღლივით“. – ავტ. წყარო: ვიკიპედია)

 

width=600
„ინჟინერი“ მშობლებთან ერთად

 

აჰია აბდ ალ ლატიფა იაში ჰამასის ბატალიონის მეთაური და ბომბდამშენი, მეტსახელად „ინჟინერი“ გახლდათ. პალესტინელებისთვის აიაში არის გმირი და მის პატივსაცემად ქუჩებს და სხვა ღირშესანიშნავ ადგილებს მისი სახელი დაარქვეს. ბავშვობაში მან მიიღო ისლამური ფონდის ჯილდო – ყურანის ზეპირად ცოდნისთვის. 1987 წელს ჩაირიცხა ბირზეიტის უნივერსიტეტში და 1991 წელს მიიღო ელექტროტექნიკის მეცნიერების ბაკალავრის წოდება. მას სურდა სწავლის გაგრძელება იორადნიაში, მაგრამ ისრაელმა უარი უთხრა და ის ამ პერიოდში შეუერთდა ჰამასს. აიაშმა შექმნა ბომბი, რომელიც ჰამასმა ბევრ ოპერაციაში გამოიყენა. მეჰოლა ჯანკშენისაფეთქება, აფულის ჟლეტა, რამდენიმე ავტობუსუს აფეთქება ისრაელის სხვადასხვა ქალაქში. ისლამურმა ჯიჰადმა მისი დამზადებული ბომბი გამოიყენა ბიტ-ლიდში, სადაც ნამდვილი ჟლეტა მოაწყო. იმის გამო, რომ ტროტილი და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერება პალესტინის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი არ იყო, აიაში ბომბის შესაქმნელად ხშირად იყენებდა აცეტონისა და სარეცხი საშუალების ნარევს, რომელსაც „სატანის დედას“ უწოდებდნენ. აიაში ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის ყურადღების ცენტრში რამატ ეფალის წარუმატებელი დაბობვის შემდეგ მოექცა, როდესაც პოლიციამ დააპატიმრა ჰამასის სამი ტერორისტი. გამომძიებლებმა აიაშის შესახებ სწორედ ამ სამი დაკავებულისგან შეიტყვეს. იცხაკ რაბინის მკვლელობის შემდეგ, პალესტინის ხელისუფლებამ დაიწყო უფრო მჭიდრო თანამშრომლობა shin bet-თან, რომელმაც გაარკვია, რომ აიაში ზოგჯერ ღამეს ღაზაში, ბავშვობის მეგობართან, უსამა ჰამადთან ათევდა. 1995 წლის ოქტომბერში, shin bet-ის წარმომადგენლებმა კამილა ჰამადი (უსამა ჰამადის ბიძა) გადმოიბირეს. კამილამ მოითხოვა ფული და ისრაელის პასპორტები თავისთვის და თავისი ცოლებისთვის. shin bet-ის აგენტებმა აჩუქეს ჰამადს მობილური ტელეფონი და უთხრეს, რომ მასში ჩამონტაჟებული იყო მოსასმენი მოწყობილობა, რითაც აიაშის მოსმენა სურდათ. მათ არ უთქვამთ ჰამადისთვის, რომ, გარდა მოსასმენი მოწყობილობისა, მასში ჩამონტაჟებული იყო 15 გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება. 1996 წლის 5 იანვარს, 08:00 საათზე, აიაშის მამამ დარეკა ამ ტელეფონზე. ისრაელის მხარემ დააფიქსირა მამა-შვილის საუბარი და სარდლობას გადასცა. როდესაც დაადასტურეს, რომ ეს ნამდვილად იყო აიაში, shin bet-მა დისტანციური აფეთქების ბრძანება გასცა. – ავტ. წყარო: ვიკიპედია).

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

ავტორი: Prime Time

დატოვე კომენტარი