19:39 | 2021-05-27 ავტორი: თამარ გონგაძე

სულისშემძვრელი „ჰერიო ბიჭებო“ სამშობლოს მონატრებულ გმირს უკანასკნელ გზაზე – რას ამბობს სოლისტი ისტორიულ წუთებზე, რომელმაც მთელი საქართველო აატირა

სულისშემძვრელი „ჰერიო ბიჭებო“ სამშობლოს მონატრებულ გმირს უკანასკნელ გზაზე – რას ამბობს სოლისტი ისტორიულ წუთებზე, რომელმაც მთელი საქართველო აატირა

შეუძლებელია, რომ სამშობლოში დაბრუნებულ გენერალ კვინიტაძეს 26 მაისს “შავნაბადას” მიერ შესრულებული “ჰერიო, ბიჭებო” არ მისწვდა იქ, სადაც მისი სული განისვენებს… ყანჩელის ეს სიმღერა ხომ ისედაც მარადისობას ერთვის და მით უფრო, როდესაც ის ზუსტად იმ კონტექსტით სრულდება, როგორითაც არის დაწერილი…

 

სამების ტაძრიდან გენერლის გამოსვენების დროს მიშო ჯავახიშვილის შესრულებულმა ამ სიმღერამ სრულად ასახა სიხარული, ტკივილი, ცრემლი, პატრიოტული სულისკვეთება, იმედი…  დაშვებული დროშები, ტაძრის ეზო, სისადავე და უკანასკნელ გზაზე მიმავალი სამშობლოს მონატრებული ეროვნული გმირი – საოცარ სანახაობას ქმნიდა.

 

ღონისძიების დამდგმელი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი გახლდათ. საერთო დრამატურგიაში მისი ხელწერა იგრძნობოდა კიდეც…

 

რაც შეეხება დაუვიწყარი ტემბრისა და შესრულების ავტორს, მიშო ჯავახიშვილს, “ჰერიო, ბიჭებო”, პირველად, გია ყანჩელის შეთავაზებით მის საიუბილეო ღონისძიებაზე, 2015 წელს შეასრულა. როგორც ამბობს, შეთავაზების მიღება გაუჭირდა.

 

მიშო ჯავახიშვილი: – დამირეკა და მითხრა, “ჰერიო, ბიჭებო” უნდა იმღერო შენო! გავოგნდი. ეს არის სიმღერა, რომელიც სხვა ყველა სიმღერის მსგავსად არ სრულდება. მას გაგება და თავისებური გააზრება სჭირდება. ჯანსუღ კახიძეს შეუდარებლად აქვს ნამღერი. ისე უნდა შეასრულო, როგორც არის დაწერილი. სხვა სითამამეა საჭირო. მე გავბედე.

 

მაშინ ლიზა ბაგრატიონთან და ნატო მეტონიძესთან ერთად შევასრულე. ნიკოლოზ რაჭველი იყო დირიჟორი. ეს შესრულება საეტაპო იყო ჩემთვის, რადგან ამ შესრულების შემდეგ სხვანაირად წავიდა ჩემი, როგორც მუსიკოსის და შემსრულებლის ჩამოყალიბება.

 

„ქართულ ხალხურ სიმღერას, არ ჭირდება გამდიდრება, ისედაც მაღალ მწვერვალზეა!“ -  მიშო ჯავახიშვილი და ეთნოჯაზბენდ „ირიაოს
2020-07-14„ქართულ ხალხურ სიმღერას, არ ჭირდება გამდიდრება, ისედაც მაღალ მწვერვალზეა!“ - მიშო ჯავახიშვილი და ეთნოჯაზბენდ „ირიაოს" უნიკალური რეპერტუარი

 

ბატონმა გიამ პირდაპირ კონცერტზე მოისმინა ჩემი შესრულება. შემდეგ ჩამიხუტა და მომეფერა. მადლობა რომ გადამიხადა, ეს უკვე ყველაფერს ნიშნავდა ჩემთვის. მითხრა, ჩემი ყველა ნაწარმოების შესრულება შეგიძლია შენ და ანსამბლებს – “ირიაოს” და “ბარაკასო”.

 

 

მიშო მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას გენერალ გიორგი კვინიტაძის ჩამოსვენებისთვის და ასეთი პატივის მიგებისთვის. და განსაკუთრებულ მადლობას უხდის 26 მაისის ღონისძიების დამდგმელ რეჟისორს, ბასა ფოცხიშვილს, რომლის იდეაც იყო მიშოს მიერ “ჰერიო, ბიჭებოს” შესრულება.

 

მიშო: – ბასას სურდა მხოლოდ აკაპელით შესრულება, უინსტრუმენტოდ. არანჟირება ჩვენ – “შავნაბადას” წევრებს გვეკუთვნის. შევეცადეთ უფრო გამარტივებული ყოფილიყო და 26 მაისის დღეს და იმ ემოციას მორგებოდა, რაც გუშინ მივიღეთ.

 

 

იქ მყოფთათვის კიდევ უფრო ემოციური ფონი იყო. ამაღელვებელი განწყობა სუფევდა, მნიშვნელოვანია სად ასრულებ ამ სიმღერას. ეს შესრულება ყოველთვის ძალიან ამაღელვებელ მომენტშია. ეს არის სიმღერა, რომელსაც სჭირდება შესაფერისი მდგომარეობა, განცდა, ეს ყველაფერი ზუსტად იყო დაცული.

 

ბასა ფოცხიშვილს დიდი მადლობა გადავუხადე ამის გამო, შენ ყველაფერს ხატავ-მეთქი, ვუთხარი… სიმღერა სწორედ იმ დროს ჩასვა, როდესაც სამების ტაძრის კიბიდან დაიწყო ჩამოსვენება.. სიმბოლური კადრი იყო.

 

ის, რაც გია ყანჩელმა და მორის ფოცხიშვილმა ჩადეს ამ სიმღერაში, ამით ცხოვრობს ქართველი კაცი. ამ სიმღერის შესრულება ყველანაირად სიმბოლური იყო.

 

გულში ისეთი განცდა ტრიალებდა, რა გამოვარჩიო, არც ვიცი. აქ იყო ცრემლიც, რომელიც მომერია. ჩემს უკან იდგნენ ბიჭები და მათაც ზუსტად ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ. ყველა ერთ მუშტად ვიყავით შეკრული, ყველას გვქონდა ცრემლის, სიხარულის, ტკივილის, გამარჯვების, ერთად დგომის და ჩვენი ერის მომავლის დიდი იმედი.

 

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ნამღერით გაერთიანდა ემოციური წრე, ეს იყო იქ მყოფთა თუ ტელევიზორთან მსხდომები და მისი მონაწილე ვიყავი.

იმედი მაქვს, მომავალშიც ბევრჯერ შევასრულებთ “ჰერიო, ბიჭებოს” ჩვენი ქვეყნისა და ერის სადიდებლად.

ანსამბლმა “ერისიონმა” “შენ ხარ ვენახი” შეასრულა, სამების საპატრიარქოს გუნდმა – საქართველოს ძველი ჰიმნი, “დიდება”, “ბასიანი” და “რუსთავი” კი ასრულებდნენ “ჩაკრულოს”.

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!