17:19 | 2021-02-27 ავტორი: თამარ გონგაძე

„სცენარი მოეწონა, ანთებული ხარ და უფლება არ მაქვს, ჩემი გამოცდილება არ მოგახმაროო” – თემურ ბაბლუანი ლაშა კანკავას ფილმის კონსულტანტია

„სცენარი მოეწონა, ანთებული ხარ და უფლება არ მაქვს, ჩემი გამოცდილება არ მოგახმაროო” – თემურ ბაბლუანი ლაშა კანკავას ფილმის კონსულტანტია

ლაშა კანკავა, რომელსაც საზოგადოება მსახიობობით იცნობს, ახალი პროექტის შემდეგ, სულ სხვა ამპლუით წარსდგება აუდიტორიის წინაშე. მსახიობმა ფილმისთვის დაწერა სცენარი და მისი გადაღება სურს. ეს მისი რიგით მეორე სცენარის ეკრანიზაცია იქნება და თავად პროდიუსერის რანგშიც მოგვევლინება. ბუნებრივია, საკუთარ ფილმში ითამაშებს კიდეც.

 

ამ ეტაპისთვის ფილმისთვის მთავარი საბიუჯეტო თანხის მოძიებით არის დაკავებული.

 

„მეგრული Day Off-ები” – ასე დაარქვა რომანტიკული, კომედიური ჟანრის სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს (დრამის ელემენტებით), რომელიც სამეგრელოს ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, სამზარეულოსა და სხარტ იუმორზე მოგვითხრობს.

 

 

როგორც ლაშა გვიყვება, ფილმში წარმოჩენილი იქნება სამეგრელოს შვიდივე რაიონსა და ასევე ფოთში არსებული, ისტორიულად და ტურისტულად მნიშვნელოვანი, ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადგილები, კუთხური თავისებურებები და ბევრი სხვა საინტერესო დეტალი.

 

 

ასევე ფილმში ნაჩვენები სხვადასხვა ობიექტები, გადასაღები ლოკაციები და პროდუქტები (რეკვიზიტების სახით), ყველაფერი ქართული წარმოების უნდა იყოს.

 

 

ლაშა კანკავა: – ეს იდეურად მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ფილმი, საზღვარგარეთ, მთლიანი საქართველოს და მისი ერთ-ერთი ლამაზი კუთხის, სამეგრელოს მხატვრული ფრომოუშენი უნდა გახდეს.

 

 

ფილმში აფხაზეთის, ემიგრაციის, სოფლის მეურნეობის თემებსაც იხილავთ. ბევრი საინტერესო მესიჯია ამ მიმართულებებით…

 

No description available.

 

სცენარს წელიწადი და ორი თვე ვწერდი. ჯერ ისევ ვხვეწ. წარმოშობით მარტვილიდან ვარ და კარგად ვიცნობ სამეგრელოს. შეიძლება ითქვას, ფეხით მაქვს მოვლილი. ზაფხულს სოხუმში ვატარებდი ხოლმე. ომის შემდეგ კი მარტვილში, სენაკში, ფოთში და ასე შემდეგ… დღემდე მჭიდრო კონტაქტში ვარ სამეგრელოსთან.

 

ამდენად, ბევრი კარგი, საინტერესო, სევდიანი და მხიარული ისტორიებია ჩემს მეხსიერების ბარათზე. აქიდან გამომდინარე, მინდოდა, რომ ჩემი, როგორც კამერის მეორე მხარეს მყოფი ადამიანის, პირველი პროექტი სწორედ სამეგრელოზე ყოფილიყო.

 

ფილმის კონსულტანტი თემურ ბაბლუანია. მასთან საუბარში აღმოვაჩინე, რომ თურმე მისი ბაბუა, დედის მხრიდან, ილია მეორემდე, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპლიტი, ლეონიდე ჟვანია გახლდათ.

 

ბატონ თემურს სცენარი წავაკითხე, მოეწონა, – დიდ პოტენციალს ვხედავ ამ სცენარშიო. გარკვეული რჩევები და შენიშვნები მომცა. ანთებული და მონდომებული ხარ და უფლება არ მაქვს, ჩემი გამოცდილება არ მოგახმაროო, მითხრა.

 

No description available.

 

ფილმისთვის მუსიკას (საუნდთრეკს) ნიაზ დიასამიძე დაწერს. ფილმში ითამაშებენ: რეზო ჩხიკვიშვილი თავის მეუღლესთან, ხათუნა ჩარგეიშვილთან ერთად. ეკა მჟავანაძე, ზურა ინგოროყვა, ბაჩო ქაჯაია, გიორგი ცაავა, ჯანო იზორია და სხვები…

 

მაქსიმალურად გამოვიყენებ ადგილობრივ რესურსსაც – ფოთის, ზუგდიდის, სენაკისა და ხობის თეატრებისა და ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების სახით.

 

No description available.

 

როგორც ლაშა გვარწმუნებს, ეს არ იქნება პაპსა და ერთჯერადად სანახავი ფილმი. სურს, რომ ის ისევე შეიყვაროს მაყურებელმა, როგორც ჩვენი კინოკლასიკები.

 

ლაშა: – იმის ამბიცია გვაქვს, რომ ეს იყოს დახვეწილი ფილმი, რომელსაც დღესასწაულებზე აჩვენებენ. მაგალითად, როგორც „რაჭა ჩემი სიყვარული”, „სიყვარულ ყველას უნდა” და ა.შ.

 

ყველა დეტალს სკურპულოზულად ვუდგები. ახლა ვაკეთებთ მთელი ფილმის ეგრედ წოდებულ “რასკადროვკას”. ამაში მხატვარი მალხაზ დათუკიშვილი მეხმარება.

 

რაც შეეხება დაფინანსებას, ჯერჯერობით, პატარ-პატარა ფინანსური მხარდამჭერები გვყავს, რომლებმაც შეგვიძინეს მინივენი და მიმდინარე მოსამზადებელ ხარჯებს გვიფარავენ. პარტნიორი სასტუმროების თემა მოგვარებულია, ლოკაციები – მოძიებული. ფინანსურად გვეხმარებიან ამერიკაში მყოფი ჩვენი თანამემამულეებიც – მზია წულიკიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ჩემმა მეგობარმა, ასევე ემიგრანტმა, თამარ ზოიძემ გამაცნო. ახლა ჩემს ასისტენტ, თამარ სურმავასთან ერთად ვმუშაობთ ბიუჯეტის მთავარი ნაწილის მოძიებაზე. ყველა ბიზნესმენთან მივდივართ. ძირითადად, მაინც მეგრელებთან.

 

ლაშა, მეგრული გათვლა გაქვს, არა?

 

– იცით, მეგრელმა ხომ უკეთ იცის, ამ კუთხის ხასიათი. ამიტომაც ვცდილობ, მეტწილად მათ მივმართო. დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები სახელმწიფო სტრუქტურებთან და კერძო კომპანიებთანაც. ეს არ იქნება მხოლოდ მეგრელებისთვის გასაგები ფილმი, არანაირად. პრემიერის შემდეგ ფილმის ჩვენებები მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება. ასევე უკვე დაგეგმილი გვაქვს საზღვარგარეთ ჩვენებები.

 

„ქართული დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” ხელმძღვანელთან, ქალბატონ თიკა სვანიძე ვენკოსთან დავდეთ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პრემირის შემდეგ ეს ფილმი ევროპის, აზიის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდ ქვეყნებს ტურნეს სახით მოივლის.

 

No description available.

 

გასულ წელს ამერიკაში მაიკლ დუგლასისა და დენი დე ვიტოს მასტერკლასს დავესწარი, სადაც ისინი საუბრობდნენ თემაზე, რამდენად დიდი წვლილის შეტანა შეუძლია კინოს ტურიზმის განვითარებაში.

 

ამ ფილმის სცენარიც ზუსტად ამ თემას ემსახურება, კონკრეტულად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. პანდემიის შემდეგ, ნებისმიერ ქვეყანაში, ამ ფილმის ჩვენება, საქართველოს ტურიზმის განვითარების კუთხით, ერთი პატარა აგური იქნება.

 

No description available.

 

ავტორი: თამარ გონგაძე


X