23:20 | 2021-03-25 ავტორი: თამარ ბუჩუკური

სტიქიური კატაკლიზმების კერები თბილისსა და რეგიონებში – რამდენჯერ გააქტიურდა წელს მეწყერი საქართველოში

სტიქიური კატაკლიზმების კერები თბილისსა და რეგიონებში – რამდენჯერ გააქტიურდა წელს მეწყერი საქართველოში

სტიქიური კატაკლიზმები საქართველოს მასშტაბით ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემა გახდა. სტიქიურად სახიფათო უბნებიდან მოსახლეები სახლებს ტოვებენ და უსაფრთხო საცხოვრებლებს ეძებენ. მიმდინარე წელს, ამ სამ თვეში არაერთი მეწყრულმა ზონამ “გაიღვიძა” და მოსახლეობა ამან დააშინა. დედაქალაქში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელი მეწყერსაშიში ზონის შესასწავლად და პრევენციური ზომების მისაღებად უცხოელი სპეციალისტების მოწვევაც კი გახდა საჭირო.

 

 

პრაიმტაიმმა ბოლო სამი თვის განმავლობაში გააქტიურებული ბუნებრივი სტიქიის უბნებზე ფოტო-რეპორტაჟი მოამზადა:

 

წყნეთის გზატკეცილი

 

 

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო გადაადგილება დროებით შეიზღუდება. (25 მარტი, 2021)

 

 

 

 

“თბილისის მერიის მიერ, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება.” – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

 

ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის მეწყრული ზონა 

 

 

იქ მცხოვრებლების გარკვეულმა ნაწილმა საცხოვრებლები და საშიში ტერიტორია უკვე დატოვა. რამდენიმე კი უახლოეს პერიოდში აპირებს ერთადერთი საცხოვრებლიდან წასვლას. (18 მარტი, 2021)

 

 

 

“ძალიან მეშინია და ალბათ სადმე გადავალ. ყველას ეშინია, ზოგმა უკვე გაიტანა ჩანთები. რამდენიმე ოჯახი უკვე ქირით გადავიდა. კიდევ ბევრი ამბობს, საცხოვრებლად სხვაგან გადავალთო. ხალხი არის შიშში. გუშინ წვიმა რომ დაიწყო, ვლოცულობდით…“ – უთხრა “პრაიმტაიმს” იქ მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქალბატონმა.

 

მეწყერი გუდამაყარში

 

 

 

გუდამაყარში ჩამოწოლილმა მეწყერმა გარე სამყაროს 22 სოფელი მოწყვიტა. (24 მარტი, 2021)

 

ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები, რომლებიც ცდილობენ დაადგინონ, რა გახდა მიწის ჩამოშლის მიზეზი და არსებობს თუ არა ისევ სტიქიის განმეორების საფრთხე. 

 

 

 

 

მეწყერი ცაგერში

 

ცაგერის მუნიციპალიტეტში ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა. (23 მარტი, 2021)

 

ხანგრძლივი, გადაუდებელი წვიმის გამო გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა ჩამოშალა დიდი მოცულობის მასა, რამაც დააზიანა საავტომობილო გზა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.

 

რიონის ხეობის მეწყერი

 

რიონის ხეობაში, სადაც გიგანტური ჰესი უნდა აშენდეს, ცოტა ხნის წინ მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ ინფორმაციას რიონის ხეობის „მცველები“ ავრცელებდნენ. მომხდარის შედეგად ჩაიკეტა საავტომობილო გზა. (8 თებერვალი, 2021)

 

 

“ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, როცა ვამბობთ, რომ არ შეიძლება აქ გიგანტური ჰესის მშენებლობა. ბუნებამაც დაადასტურა ეს დღეს. სამწუხაროა, რომ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს არ ესმით ეს და ჯიუტად ცდილობენ გააგრძელონ ის ქმედებები, რასაც ახორციელებენ.

 

 

 

სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ქუჩაში და ვუპირისპირდებით იმიტომ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ვიცით, რა საფრთხეებს გულისხმობს რიონის ხეობის ეს კონკრეტული მონაკვეთი. მეტი რაღა უნდა მოხდეს? ბუნება ამბობს თვითონ, რომ არ შეიძლება აქ ჰესების მშენებლობა”, – ამბობდა მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ვარლამ გოლეთიანი.

 

მეწყერი ონში 

 

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაჯიხევის მისასვლელ გზაზე, ფსორი-ბაჯიხევის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა. (12 თებერვალი, 2021)

 

 

 

“თაბაშირის კარიერთან ჩამოსულია დიდი ზომის მეწყერი, გრუნტისა და კლდის მასა, დაახლოებით 2 000 კუბური მეტრი. ამასთან, ფერდობზე შეინიშნება მეწყრული ნაპრალი, რომელიც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, ახალი მასის ჩამოსაშლელად.” – ამბობდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწუნებული, პარმენ მარგველიძე.

 

 

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის მეწყერი

 

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 45-ე კმ-ზე ფერდობიდან მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგად გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა. (13 თებერვალი, 2021)

 

 

ინფორმაციას ამის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისივე ცნობით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოძრაობა უმოკლეს დროში აღდგება.

 

 

 

მეწყერი ქედაში 

 

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გუნდაურში მეწყრული პროცესი განვითარდა. დაზიანებულია საავტომობილო გზა და ელექტროგადამცემი ხაზები. ელექტროენერგია არ მიეწოდება 40 აბონენტს. (1 თებერვალი, 2021)

 

 

 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გეოლოგიური სამსახურის მიერ ადგილმდებარეობის შესწავლის შემდეგ მოხდება გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება. მანამდე კი ადგილობრივი მოსახლეობა შემოვლითი გზით ისარგებლებდა. 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X