16:18 | 2020-07-29 ავტორი: რუსა ღვანიძე

სტიქიის შედეგად, უწერაში მისასვლელი საავტომობილო გზა ჩამოინგრა – სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს

სტიქიის შედეგად, უწერაში მისასვლელი საავტომობილო გზა ჩამოინგრა – სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს

გუშინ ღამით განვითარებულმა სტიქიამ, ონის რაიონის 12 სოფელი დააზიანა. სტიქიის ზონაში, დაახლოებით 2000- მდე ადამიანი იმყოფება.

 

დაზიანებულია საავტომობილო გზები ონი-ნაკიეთის, ონი-უწერის და ონი-შოვის მონაკვეთზე, დაზიანებული ან წაღებულია 10 -მდე ხიდი. ამ ეტაპზე, დაწყებულია, შემოვლითი გზების მშენებლობა და მოსახლეობისთვის საჭირო დახმარების გაწევა, მობილიზებულია ვერტმფრენი.

 

პრემიერ-მინისტრის დავალებით, რაჭაში, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

 

რამდემიმე ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სტიქიამ, კურორტ უწერაში მისასვლელი სატრანსპორტო გზა, გარესამყაროს მოწყვიტა. ამასთან დაკავშირებით, სოფელ უწერას ერთ-ერთი დამსვენებელი და თვითმხილველი ნანა მეტრეველი „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ესაუბრა:

 

„გვიან ღამით, გადაუღებელი წვიმა დაიწყო, რასაც საშინელი ჭექა-ქუხილი მოჰყვა. ამას წინ უძღვოდა კვერცხის ფორმის და სიდიდის სეტყვა, რომელიც მალე შეჩერდა და რამდენიმე წუთში, წვიმამაც გადაიღო. ღამე ისევ გაწვიმდა, რასაც კვლავ ჭექა-ქუხილი მოჰყვა.

 

 

 

დილით გვითხრეს, რომ უწერაში მისასვლელი გზა ჩამოინგრა და სოფელი სრულიად მოწყვეტილია გარესამყაროს. როგორც გავარკვიეთ, უწერაში წაღებულია სავალი გზის რამდენიმე მონაკვეთი, ჩანგრეულია მდ. მუშუანის ხიდის ნაწილი.

 

 

მიწის რღვევა იზრდება და შესაძლებელია, გზის რამდენიმე მონაკვეთი, ისევ ჩამოინგრეს. წაღებულია, სამი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, შუქი როდის აღდგება, ამ ეტაპზე უცნობია. რამდენიმე სახლს, ძირიც კი გამოაცალა.

 

 

განადგურებულია, ვენახების დიდი ნაწილი. სრულიად პარალიზებულია, რაიონულ ცენტრთან მისასვლელი გზები. სატრანსპორტო გზები, მდ. რიონის ადიდების შედეგად, წყლით არის დაფარული. მთელი მთავრობა ჩართულია, ტექნიკაც მოგვაშველეს, მაშველები უკვე უწერაში არიან და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ.

 

 

რამდენიმე საათის წინ, საგზაო დეპარტამენტს დავუკავშირდით და შეგვპირდნენ, რომ დროებითი გზა გაკეთდება და გადაადგილება შესაძლებელი იქნება. მიმდინარეობს, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის აღიცხვა.

 

მოგეხსენებათ, რომ კურორტ უწერაში, უამრავი ტურისტია. რამდენიმე წუთის წინ, უკვე გამოჩნდა პირველი ვერტმფრენი და იმედია, მალე ხალხის ევაკუაცია დაიწყება. ონის რაონის გამგეობიდან გვაცნობეს, რომ დაზარალებული ოჯახების სიები შედგდა და ველოდებით, საჭირო მედიკამენტებს და პროდუქტებს.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები