10:53 | 2020-06-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სრულყოფილად საერთაშორისო ფრენები ჯერ არცერთ სახელმწიფოს არ აღუდგენია – საგარეო უწყება

სრულყოფილად საერთაშორისო ფრენები ჯერ არცერთ სახელმწიფოს არ აღუდგენია – საგარეო უწყება

„მსოფლიო მასშტაბით COVID-19 პანდემიის გავრცელების დროს სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა იყო, როგორც ქვეყნაში ვირუსის გავრცელების შეკავება და პროცესების ეფექტიანი მენეჯმენტი, ასევე ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად გამოიკვეთა უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების დახმარება, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

 

ქვეყანაში 13 ათასამდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, ხოლო ადგილზე პირველადი საჭიროების ხასიათის დახმარება გაეწია 22,000-მდე ადამიანს, ამაში შედიოდა ხშირ შემთხვევაში, როგორც თავშესაფრით უზრუნველყოფა, ასევე საკვებით და მედიკამენტებით მომარაგება.

 

„მსოფლიოში დაწესებული უპრეცედენტო შეზღუდვების გათვალისწინებით, როდესაც ჩაკეტილი საზღვრების გამო, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო გადაადგილება, სახელმწიფო დადგა, როგორც მათი სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის აუცილებლობის, ასევე სამშობლოში გამომგზავრებამდე მათთვის ადგილზე დახმარების გაწევის საჭიროების წინაშე.

 

საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საკოორდინაციო საბჭოსთან კოორდინაციით ეფექტიანად მოახერხა აღნიშნული ამოცანების შესრულება და პანდემიის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, როდესაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის საზღვრები იყო ჩაკეტილი და შეზღუდვები იყო დაწესებული საერთაშორისო ფრენებზე, განახორციელდა 73 ჩარტერული რეისი, სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნდა 13,000-მდე საქართველოს მოქალაქე, ხოლო ადგილზე პირველადი საჭიროების ხასიათის დახმარება გაეწია 22,000-მდე ადამიანს, ამაში შედიოდა ხშირ შემთხვევაში, როგორც თავშესაფრით უზრუნველყოფა, ასევე საკვებით, მედიკამენტებით მომარაგება და სხვა.

 

აღნიშნული პროცესი, მსოფლიოში დაწესებული შეზღუდვების ფონზე არ ყოფილა მარტივი და ხშირ შემთხვევაში უკავშირდებოდა მეგობარ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს და მათთან მჭიდრო მუშაობას. უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების ორგანიზებული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით ჩვენ ამ პროცესს წარმატებით გავართვით თავი.

 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ და მას შემდეგ, რაც ზოგადად მსოფლიოში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ეტაპობრივად გაუქმდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფოს ორგანიზებით ჩარტერული რეისების შეჩერების შესახებ, თუმცა ფრენები ევროპის მიმართულებით არ შეჩერებულა და კომპანია „აირზენას“ მიეცა საშუალება ეწარმოებინა კომერციული ფრენები ევროპის მიმართულებით ბაზარზე არსებული საჭიროების გათვალისწინებით და დღეის მონაცემებით, მხოლოდ ივლისის თვეში უკვე დაგეგმილია 12 კომერციული რეისი (კვირაში 3 ფრენა), რაც კარგი შესაძლებლობაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, დაგეგმონ გამომგზავრების მარშრუტები და სურვილის შემთხვევაში ჩამოვიდნენ სამშობლოში, ფრენები რეგულარულად ხორციელდება ევროპის სამ დედაქალაქში (ვენა, ამსტერდამი, ბერლინი) და ისრაელში“ , – განაცხადეს სამინსიტროში.

 

ჯორჯიან ეარვეისი რეგულარულ ფრენებს 1 ივლისიდან იწყებს
2020-05-15ჯორჯიან ეარვეისი რეგულარულ ფრენებს 1 ივლისიდან იწყებს

 

როგორც საგარეო საქმეთა სამინსიტროში გვითხრეს, აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ მაისის, მეორე ნახევარში დაგეგმილ რეისებზე, ვიდრე მიღებულ იქნებოდა გადაწყვეტილება ჩარტერული ფრენების შეჩერების შესახებ, უკვე საგრძნობლად იყო შემცირებული საქართველოში დაბრუნების მსურველთა რაოდენობა.

 

„ბუნებრივია ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ შესაძლოა ყოველთვის არსებობდეს ადამიანების გარკვეული რაოდენობა, ვინც საჭიროებენ სამშობლოში გამომგზავრებას, ყოველ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, ბუნებრივია კვლავ მზად არიან დაეხმარონ ჩვენს მოქალაქეებს გამომგზავრების მარშრუტების დაგეგმვაში.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სრულყოფილად საერთაშორისო ფრენები ჯერ არ აღუდგენია არცერთ სახელმწიფოს. გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიასთან დაკავშირებული სურათი მსოფლიოში კვლავ არასტაბილური და ცვალებადია, საქართველოს სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა შეინარჩუნოს ეპიდგავრცელების მხრივ დღეს ქვეყანაში არსებული სურათი, რაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემისთვის, ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის“, – გვითხრეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X