21:47 | 2020-04-07 ავტორი: Prime Time

სპეცოპერაცია ჭიათურაში – რომელი „კანონიერი ქურდი“ ფიგურირებს საქმეში

სპეცოპერაცია ჭიათურაში – რომელი „კანონიერი ქურდი“ ფიგურირებს საქმეში

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჭიათურაში სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დაკავებულნი არიან 1973 წელს დაბადებული ჯ.ი და 1986 წელს დაბადებული გ.წ.

 

შსს-ში არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ბრალდებულები ცნობილი „კანონიერი ქურდის“ რომან ბარბაქაძის გარემოცვას წარმოადგენენ. მათ 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

ბრალდების დეტალები

 

გამოძიების ინფორმაციით, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 მარტს, ჭიათურაში მოაწყვეს „ქურდული შეკრება“ და მანგანუმის მადნის მომპოვებელი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს აიძულებდნენ საწარმოს მოგების 30%-ის გადახდას.

 

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები ზეწოლის შედეგად მისაღები თანხის ნაწილის კრიმინალური ავტორიტეტებისთვის განაწილებას აპირებდნენ. სწორედ ამ კონტექსტში გაიჟღერა რომან ბარბაქაძის სახელმაც.

 

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს უკავშირდებოდნენ.

 

გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

 

შსს-მ გაავრცელა ფარული ჩანაწერიც, რომელიც საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.

 

 

დაკავებულია პოლიციელიც

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ამავე საქმეზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჭიათურის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს.

 

მ.ბ.-ს ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

 

ვინ არის „რემენა“?

 

ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდი“ რომან ბარბაქაძე წარმოშობით ჭიათურიდან არის, თუმცა ის დიდი ხანია საქართველოში არ იმყოფება. 56 წლის ბარბაქაძეს კრიმინალურ წრეებში „რემენას“ მეტსახელით იცნობენ. მისი პერსონა ფიგურირებს არაერთ ქურდულ გარჩევაში. ბოლოს „რემენას“  სახელმა გაჟღერა 2018 წელს, როდესაც სტამბულში მის  საცხოვრებელ სახლთან ასევე ცნობილი ქართელი „კანონიერი ქურდი“, ქუთაისური კლანის ერთ-ერთი ლიდერი გაიოზ ზვიადაძე ჩაცხრილეს.

 

კრიმინალური კარიერის განმავლობაში „რემენა“ არაერთხელ არის ნასამართლევი. ეს ვიდეო კი 1998 წელს, როსტოვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაღებული.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X