12:13 | 2020-10-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სოფელი, სადაც დღეს დილიდან საკარანტინე წესები ამოქმედდა

სოფელი, სადაც დღეს დილიდან საკარანტინე წესები ამოქმედდა

დღეს დილიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში საკარანტინე წესები ამოქმედდა. 7 ოქტომბერს, სოფელში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულ პირებს, თითქმის მთელ სოფელთან ჰქონდათ კონტაქტი.

 

ამის გამო, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადაწყვეტილებით, სოფლის შესასვლელ-გასასვლელში, სამედიცინო კარვები განთავსდა. კარვებში მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ. საჭიროების შემთხვევაში კი, მათი PCR ტესტირებაც მოხდება.

 

სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში ახდენენ პატრულირებას. პოლიცია პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად ატარებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას დაწესებული შეზღუდვებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში, მათ მაქსიმალურად ეხმარებიან.

 

კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, კარვების განთავსების მიზეზი ეპიდემიოლოგიური ვითარების ცვლილებაა.

 

„ამ ღონისძიების მიზეზი გახდა ვირუსის შემთხვევების დაფიქსირება. უპირველესი მოქალაქეთა უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობაა, რის გამოც სხვა შეზღუდვებთან ერთად, სოფელ ერისიმედის საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციური მეთოდით გაგრძელდება“,- განაცხადა შიოშვილმა.

 

დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში, კორონავირუსით დაინფიცირების 74 შემთხვევაა დადასტურებული.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები