fbpx
02:28 | 2020-04-17 ავტორი: ანეტი მიქელაძე

სხვა ვირუსები COVID-19-თან შედარებით საბავშვო ბაღი იყო – ინტერვიუ სამხრეთ კორეის წამყვან ეპიდემიოლოგთან

სხვა ვირუსები COVID-19-თან შედარებით საბავშვო ბაღი იყო – ინტერვიუ სამხრეთ კორეის წამყვან ეპიდემიოლოგთან

სამხრეთ კორეის მედიცინის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა, პროფესორმა ვუ ჯუ კიმმა, ახალი კორონავირუსის შემადგენლობასა და მის ქცევაზე საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა. მას ცნობილი YouTube-ბლოგერი, Asian Boss-ი ესაუბრა.

 

გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე, სამხრეთ კორეის წამყვანი სპეციალისტის განმარტებების ქართულ თარგმანს:

 

რა სიახლე გვაქვს დღეს კოვიდ-19-თან დაკავშირებით?

 

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ქცევასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ყველაფერი არ ვიცით, კვლევებით ცოტ-ცოტას ვიგებთ.

 

ამერიკაში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში ჩატარებული კვლევებით, აღმოვაჩინეთ, რომ ინკუბაციის პერიოდში, სანამ რაიმე სიმპტომი გამოვლენას დაიწყებს, შენ ხდები ინფექციის გამავრცელებელი 2 დღით ადრე – სანამ იტყვი, რომ ინფექცია გაქვს, აგიწევს სიცხე ან რაიმე სხვა სიმპტომი გამოვლინდება. ეს კვლევით დამტკიცდა. ყველაზე საოცარი სწორედ ეს არის.

 

მანამდე ფიქრობდნენ, რომ გამავრცელებელი ხარ ინკუბაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, ზოგიც ამბობდა, რომ საერთოდ არ ხარ გამავრცელებლი ამ დროს, მაგრამ ახლა ბევრმა კვლევამ დაადასტურა ის, რაც ზემოთ ვთქვი. ეს ძალიან შემაშფოთებელია.

 

ამერიკის წამყვანი ეპიდემიოლოგი, ენტონი ფაუჩი დარწმუნებულია, რომ არ შეიძლება მეორეჯერ დაინფიცირდე კოვიდ 19-ით, თუ უკვე გადაიტანე ვირუსი. რას იტყვით ამასთან დაკავშიღებით?

 

დღეს კორეაში დაახლოებით 10,400 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და დაახლოებით 7 000 უკვე გამოჯანმრთელდა. ასევე გაქვს უკვე ოფიციალური 65 შემთხვევა იმისა, რომ ადამიანებს გაუმეორდათ კოვიდ-19. პაციენტების პასუხები მოდის დადებითი, მერე უარყოფითი, მერე ისევ დადებითი. ამის ორი მიზეზია. ეს არის ან Relapse (გამეორება), ან Reinfection (თავიდან დაინფიცირება). მე როგორც მივხვდი, ექიმი ფაუჩი რეინფექციაზე ლაპარაკობდა. ეპიდემიოლოგიაში ჩვენ ამას ორად ვყოფთ, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს ერთი და იგივეა.

 

One more reason to be impressed with Dr. Anthony Fauci | MinnPost

ფოტო: აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი

 

 

რა განსხვავებაა ამ ორს შორის?

 

„რელაფსი“ ანუ გამეორება ხდება, როდესაც პაციენტზე მიმდინარეობს მკურნალობა, სიმპტომები ქრება და პაციენტს ნეგატიური პასუხი უდასტურდება, მაგრამ რჩება ვირუსის ასლები, რომლებიც ისეთი პატარაა, რომ კოვიდ-19-ის ტესტი ვერც ხედავს. როგორც წესი, 3,000-დე ვირუსული ასლი გჭირდება იმისათვის, რომ დაგიდასტურდეს დადებითი პასუხი. ამაზე ნაკლები თუ გაქვს, ტესტი უარყოფითი მოდის, მიუხედავად იმისა გაქვს თუ არა ვირუსი. როდესაც ასეთ პაციენტს გაწერ, ვირუსმა შეიძლება დაიწყოს რეპლიკაცია და როდესაც ისევ გადასცდება 3,000-ს, გამოვლინდება სიმპტომიც.

 

„რეინფექცია“ ანუ თავიდან დაინფიცირება, ხდება როდესაც შენი სხეული მთლიანად თავისუფლდება ვირუსისგან, მაგრამ ისევ ინფიცირდები კოვიდ 19-ის მქონე სხვა ადამიანისგან.

 

ვირუსის გადატანის შემთხვევაში, ადამიანი ანტისხეულებს გამოიმუშავებს. ნუთუ ეს არ დამიცვას იმისგან, რომ არ გამიმეორდეს ვირუსი და არც სხვისგან დავინფიცირდე თავიდან?

 

ეს საკითხი ბოლომდე ნათელი არ არის, თუმცა არსებობს კვლევა, რომელიც აჩვენებს , რომ როდესაც დაინფიცირდები კოვიდ-19-ით, შენი სხეული კვირის ბოლოსკენ გამოიმუშავებს ანტისხეულებს. არსებობს გამონაკლისებიც, მაგრამ ადამიანების 90%-ის შემთხვევაში, ანტისხეულები იქმნება, თუმცა ამას გადამოწმება სჭირდება, არის თუ არა ეს ნეიტრალიზირებადი ანტისხეულები, რომელიც ინფექციის პრევენციას აკეთებს. რადგანაც სხვადასხვა სახეობის ანტისხეულები არსებობს, გვჭირდება კონკრეტულად ის ანტისხეული, რომელიც თავს ესხმის ვირუსის ცილებს, მის ნეიტრალიზებას ახდენს და მხოლოდ მას შეუძლია თქვენი სხეულის დაცვა თავიდან დაინფიცირებისგან.

 

სიკვდილი იზოლაციაში! - იტალიაში COVID-19-ის მსხვერპლებს პანაშვიდის და ახლობლების გარეშე ასაფლავებენ
2020-03-25სიკვდილი იზოლაციაში! - იტალიაში COVID-19-ის მსხვერპლებს პანაშვიდის და ახლობლების გარეშე ასაფლავებენ

 

რამდენ ხანს რჩება ვირუსი შენს სხეულში? ზოგმა ქვეყანამ არ იცის, როგორ მოექცეს ინფექციით გარდაცვლილი ადამიანების ცხედარს. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

 

ერთი რამე ზუსტად ვიცით, რომ ვირუსი არამხოლოდ ფილტვებში იჭრება, არამედ ზემოქმედებას ახდენს მთელს ორგანიზმზე, ამიტომ არსებობს აზრი, რომ ცხედარზე ხელით შეხებით დაინფიცირდები. კორეაში ჩვენ კრემაციას ვუკეთებთ ყველა სხეულს. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩვენ ცხედრებზე ტესტს ვერ ჩავატარებთ, მაგრამ ყველაზე ცნობილი შემთხვევა რაც ვნახეთ იყო, როდესაც ვირუსი ადამიანის სხეულში გარდაცვალების შემდეგ, 26 დღე დარჩა.

 

როდესაც ადამიანი კვდება, მასში მცხოვრები ბაქტერია თანდათანობით სხეულის დაშლას იწყებს, ამიტომ თუ ბაქტერია უფრო სწრაფია, ვიდრე ვირუსი, ვირუსი ვერ გაძლებს, რადგან ცოცხალი უჯრედების გარეშე დიდხანს არსებობა არ შეუძლია. თუ ეს ასე არ მოხდა, ცოცხლები მაინც საფრთხის წინაშე ვრჩებით, ამიტომაც კრემაცია ასეთ შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ვარიანტია.

 

ჩვენ ხშირად გვესმის რომ 20 და 30 წლის ადამიანებიც იღუპებიან კორონავირუსით. რა შეგიძლიათ გვითხრათ ახალგაზრდების შემთხვევებთან?

 

ახალგაზრდებიც შეიძლება დაიღუპონ ვირუსის გამო. რაც უფრო ადრეულ ეტაპზე დაიწყებენ მკურნალობას, მით უფრო მეტია შანსი გადარჩენის. არის ასეთი რამე, რასაც ჰქვია „ციტოკინური შტორმი“ – როდესაც 20 წლის ასაკის ადამიანებს, რომლებსაც ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ და არ აქვთ თანმდევი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა, უცებ ეჯახებიან ვირუსს, მათ იმუნურ სისტემას გადაჭარბებული რეაქცია აქვს და პნევმონიის გამო ანთებითი პროცესი მთელს სხეულზე ვრცელდება. მესმის, რთული გასაგებია, როგორ შეიძლება ახალგაზრდა და სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, კოვიდ-19-ის გამო კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდეს ან დაიღუპოს. ამისათვის არსებობს იმუნოლოგიაში ეს ფენომენი, „ციტოკინური შტორმი“.

 

რეალურად ეს სიახლე არ არის. იმუნური სისტემის არსებობის საფუძველი და მიზანია, რომ დაიცვას შენი სხეული უცხო აგენტებისგან, როგორებიცაა ბაქტერიები და ვირუსები. წარმოიდგინე, რომ ციტოკინი არის ტყვიები. ლიმფური სისტემა და იმუნური სისტემა ესვრიან ამ ტყვიას ვირუსს. თუ მიზანში მხოლოდ ვირუსი ხვდება, ეს იდეალური სიტუაციაა, მაგრამ შეიძლება ამ დროს შენს სხეულსაც მოხვდეს. ეს არის გადაჭარბებული რეაქცია, როდესაც ზიანდება არამხოლოდ ვირუსი, არამედ შენი ფილტვის ქსოვილები და სხეულის სხვა ნაწილები. ამიტომ გამოდის, რომ ახალგაზრდების იმუნური სისტემა, ხანდახან საკუთარ თავს ებრძვის.

 

 

ბევრი ვირუსის მოსვლა და წასვლა მახსოვს, მაგრამ კოვიდ-19 მათ შორის ყველაზე მზაკვრულია – პროფესორი ვუ ჯუ კიმი

 

 

ამბობენ, რომ რეზუს დადებითი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებს უფრო ემართებათ კორონავირუსი, ვიდრე უარყოფით ჯგუფს. მართალია ეს ინფორმაცია?

 

რაც ამ ვირუსის აფეთქება დაიწყო, ყოველდღიურად იდება სხვადასხვა კვლევები და ნაშრომები სამეცნიერო ჟურნალებში ათასობით ვებგვერდზე. ამას „თეზისურ პანდემიას“ ვეძახი. ამ ნაშრომების უმეტესობა გადამოწმებული არ არის და ჟურნალისტები ამას ხედავენ, როგორც გადამოწმებულ კვლევას. რეალურად კი გამოდის, რომ ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ.

 

თქვენ ადრე თქვით, რომ პირდაპირ კანიდან ვირუსი ვერ შემოიჭრება სხეულში, თუ ვირუსი არ გადავიდა პირის ან თვალის არესთან. რა მოხდება, თუ სხეული გაკაწრული გაქვს. შეიძლება ჭრილობიდან შემოიჭრას ვირუსი?

 

ჯერჯერობით ასეთი შემთხვევები არ გვქონია. როდესაც გაქვს ღია ჭრილობა, შენი სისხლძარღვები აღარ არის დაცული და ღიაა. ჩემი აზრით, ვირუსს შეუძლია ამას ჩაეჭიდოს. რადგანაც თქვენს სისხლძარღვებს რეცეპტორები აქვს, დაინფიცირების ვარიანტი ამ გზით ძალიან მცირეა, თუმცა თეორიულად შეიძლება დაინფიცირდე. როდესაც ასეთი სიტუაციაა, ჯობია მალევე მოხდეს ჭრილობის დეზინფექცია და დაფარვა ბინტით.

 

შეუძლია თუ არა ადამიანს ცხოველის დაინფიცირება?

 

ახლახან ჰონგ-კონგში პომერანიანი ძაღლი დაინფიცირდა და გარდაიცვალა. ხშირად მოდის ასეთი ინფორმაციები, რომ ადამიანებთან ერთად, მათი საყვარელი ცხოველები ინფიცირდებიან, ძირითადად ძაღლები და კატები. მაგრამ მაგალითად გვქონდა ასევე ნიუ-იორკში ვეფხვის დაინფიცირების შემთხვევა ზოოპარკში. ისინი ყველანი ჩვენსავით ძუძუმწოვრები არიან. ასეთი გადადება ჩვეულებრივი გრიპის დროსაც ხდება. როდესაც ადამიანს გრიპი აქვს, მათ შინაურ ცხოველსაც ემართება ხოლმე გრიპი.

 

რამდენ ხანს დაგვჭირდება კიდევ სოციალური დისტანცია, მიუხედავად იმისა გამოგვივლინდება სიმპტომი თუ არა?

 

ეს ვირუსი სულ რაღაც 100 დღისაა. ჩვენ მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვები გვაქვს. არ ვიცით, რამდენი თვე დასჭირდება, სანამ ვირუსი ბოლომდე არ გაქრება. კორეაში ყველაზე დიდი ხანი, როდესაც პაციენტს ვუვლიდით დიაგნოზის დასმიდან 52 დღე იყო. 2003 წელს, SARS-ის აფეთქების დროს, იყო პაციენტი, რომელსაც ვირუსი 5 თვის განმავლობაში ჰქონდა, მაგრამ ამ პაციენტს კიბო ჰქონდა და დასუსტებული იმუნური სისტემა, ამიტომაც ვირუსისგან განკურნების პროცესმა უფრო დიდი დრო წაიღო. ის პაციენტები, რომლებიც ვირუსს დიდი ხანი ატარებენ, სუსტი იმუნური სისტემა აქვთ.

 

 

ხშირად გვესმის სიტყვა – იმუნური სისტემა. მის გასამყარებლად ადამიანებმა უფრო ხშირად დაიწყეს ვიტამინების მიღება, ჟენშენის ჩაის დალევა, ასევე გრიპის ვაქცინების გაკეთებაც. ეს დაგვიცავს კოვიდ-19-სგან?

 

არა. უმეტესობა ადამიანს ჰგონია, რომ ძლიერი იმუნური სისტემა ნიშნავს, უბრალოდ ჯანმრთელად ყოფნას და თუ ჯანმრთელად ხარ, შესაბამისად მაგარი იმუნიტეტი გაქვს. იმუნიტეტის ქონა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ სპეციფიკური, გამანეიტრალიზებელი ანტისხეულები გაქვს, კონკრეტულად კოვიდ-19-ის წინააღმდეგ. თუ გაქვს ეს ანტისხეულები, ეს ნიშნავს, რომ გაქვს კოვიდ-19-ის მიმართ იმუნიტეტი. უმრავლესობა ადამიანს, ეს არ აქვს. მხოლოდ იმათ, ვინც ბოლომდე გამოჯანმრთელდა კოვიდ-19-სგან ან ახლაც ებრძვის ვირუსს. ამიტომაც არის მარტივი ყველა ადამიანის დავირუსება.

 

 

იმუნიზაცია მოხდება, მხოლოდ ვაქცინის შექმნის შემდეგ

 

 

ახლახან აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჰიდროქლოროკინი არის უნივერსალური წამალი. რა განსხვავებაა ქლოროკინსა და ჰიდროქლოროკინს შორის. გამოვიყენოთ ის? დამტკიცდა მისი ეფექტურობა?

 

ქლოროკინი არის მალარიის სამკურნალო წამალი. არსებობს პროდუქტი, რომელსაც ჰქვია ქლოროკინ ფოსფატი და მეორეს ჰქვია ჰიდროქლოროკინი, მაგრამ როდესაც აღწევენ ორგანიზმში, იქცევიან როგორც უბრალოდ ქლოროკინი. საფრანგეთში ცდილობდნენ, რომ კოვიდ-19-ით დაინფიცირებული პაციენტებისთვის ემკურნალათ ქლოროკინით. ისინი ქლოროკინის და აზითრომიცინის ანტიბიოტიკის კომბინაციას აკეთებდნენ და მიხვდნენ, რომ ამან პაციენტებზე დადებითად იმოქმედა.

 

ქლოროკინი ეს არის წამალი, რომელიც უნდა დაგინიშნოს ოფიციალურად ექიმმა. ადამიანი თუ თავისი ნებით შეიძენს და იყიდის მას, შესაძლოა გადაჭარბებული დოზა მიიღოს. ექიმი ზუსტად გეტყვის რამდენი მიიღო, რომ ეფექტურად იმოქმედოს შენზე და არ მოიწამლო. აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვების შემდეგ, ქლოროკინის წამლით მოწამვლის და შემდგომ გარდაცვალების შემთხვევა, როგორც ჩანს, ქლოროკინის ზედოზირებამ გამოიწვია. წამალმა გამოიწვია გულის აჩქარება. ძალიან სამწუხაროა. ამას თავიდან ავიცილებდით, ინფორმაცია მასთან სწორი ინსტრუქციით მისულიყო.

 

დღეს ექიმები ჰიდროქლოროკინს კოვიდ-19-ის პაციენტებზე იყენებენ, როდესაც ეს საჭიროა. მისი ეფექტურად მუშაობის 100%-იანი გარანტია რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არ გვაქვს. არ არსებობს წამალი, გვერდითი მოვლენების გარეშე.

 

 

ქლოროკინი - წამალი, რომელსაც კორონავირუსის წინააღმდეგ ქართველი ექიმები იყენებენ, ფრანგმა მედიკოსებმაც აღიარეს
2020-03-23ქლოროკინი - წამალი, რომელსაც კორონავირუსის წინააღმდეგ ქართველი ექიმები იყენებენ, ფრანგმა მედიკოსებმაც აღიარეს

 

 

თქვენი აზრით, არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მომავალშიც დავეჯახოთ ასეთი მასშტაბის ეპიდემიას?

 

2003 წელს, გვქონდა SARS-ი, 2009 წელს ღორის გრიპი – ეს 6-წლიანი შუალედია. 2015 წელს, კორეას MERS-Cov-მა დაარტყა. დღეს, 2019-2020 წლებში, ანუ ხუთი წლის შემდეგ, COVID-19 გვაქვს. 6 წელი, კიდე 6 წელი და 5 წელი. შუალედი მცირდება. ვფიქრობ, შემდეგი უფრო მალე მოვა. წარსულში, სხვადასხვა ვირუსები ფეთქდებოდა ყოველ 2-3 წელიწადში, მაგრამ ახლა ორი ან სამი ინფექციური დაავადება, ყოველ წელს ჩნდება.

 

რადგანაც კოვიდ-19-ის მასშტაბი აღმოჩნდა დიდი, ჩვენ ის შევნიშნეთ, მაგრამ ჩვენ სხვა ვირუსებიც გვაქვს, მაგალითად ზიკას ვირუსი სამხრეთ ამერიკაში, ჩიკუნგუნიას ვირუსი, ნიპას ვირუსი. მათ შესახებ ადამიანებმა არ იციან, რადგან ისინი პანდემიად არ გადაქცეულან. როდესაც ღორის გრიპმა დაგვარტყა 2009 წელს, გვეგონა, რომ ასეთი პანდემია აღარ დაგვემართებოდა. როდესაც 2015 წელს გამოვლინდა MERS-ი კორეაში, ნამდვილი შოკი მქონდა. ისევ გვეგონა, რომ MERS-ზე უარესი ეპიდემია აღარ დაგვემართებოდა.

 

5 წელი გავიდა და ისევ დიდ პანდემიაში ვართ. 3 თვეა, რაც კოვიდ-19-თან ბრძოლაში ვარ, მაგრამ ჩემი კარიერის განმავლობაში რა ვირუსებიც მინახავს, სხვა ვირუსები, ახალ კორონავირუსთან შედარებით, საბავშვო ბაღი იყო. ადრე იყო რთული, მაგრამ მოკლევადიანი ბრძოლა, მაგრამ ეს უბრალოდ მარათონია და არ ვიცით, როდის დასრულდება.

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

კორონავირუსი ჰაერში რამდენიმე საათი ცოცხლობს, ზედაპირზე კი რამდენიმე დღე;

 

რას ნიშნავს კორონავირუსი და რა აერთიანებს სხვადასხვა სახის ვირუსს ამ სახელწოდების ქვეშ;

 

შეაჩერებს თუ არა ზაფხულის სიცხე კორონავირუსს? – რას ამბობენ მკვლევარები; 

 

ეს არ არის პარაცეტამოლი, ეს არის ვაქცინა და დაჩქარება საშიშია – გაეროს ექსპერტი; 

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

X