fbpx
14:14 | 2020-10-04 ავტორი: Prime Time

„სიტყვა ვერ შევასრულე… დაგაღალატე… მალე წამოვედი“ – მეწყერის დროს დაღუპული 15 წლის ბიჭის მასწავლებლის ემოციური მიმართვა

„სიტყვა ვერ შევასრულე… დაგაღალატე… მალე წამოვედი“ – მეწყერის დროს დაღუპული 15 წლის ბიჭის მასწავლებლის ემოციური მიმართვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპული 15 წლის მურმან თედორაძის შესახებ ერგეს სკოლის ყოფილი დირექტირი ნუგზარ ზოსიძე სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს.

 

„სისხლი რომ გეყინება. გულისგულში რომ ტკივილით გტკივა. სახელს რომ ვერ დაარქმევ. სიტყვები რომ გეკარგება. ჩემო ჩემპიონო ბიჭო, ასე მოგმართვადი სამი წლის წინ…. ჯერ კიდევ მე-7 კლასში, ერგეს საჯარო სკოლაში… მხურვალე ზაფხულის ცარიელ სკოლაში სიხარულით შემოჯირითდი კაბინეტში: – დირექტორმასწავლებელო (შენ ხომ ასე მომართვადი), საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე, ჩემპიონი გავხდი ძალოსნობაშიო, – და ამაყად მომაჩეჩე თასი, მედალი და დიპლომი.

 

დირექტორმასწავლებელო, კიდევ რაღაც გადმომცესო. – რა, ჩემო ოქროკაცო-მეთქი? – ფულადი პრიზი… და ორმაგად გამიხარდა… შემდეგ არ დააყოვნე და აჭარის ჩემპიონი გახდი, ჩემპიონო ოქროკაცო.

 

 

და კიდევ, ჩვენ ხომ ერთად მივიპარებოდით გაკვეთილებიდან სპორტულ დარბაზში ქაზიმ მაწავლებელთან სავარჯიშოდ… შენ ხომ მსოფლიო ჩემპიონად გამზადებდი… …ისიც მახსოვს, რომ შემეკითხე: – დირექტორმასწავლებელო, ხომ არ წახვალ ჩვენი სოფლიდან… – არა, ჩემო ოქროკაცო, მანამ არ წავალ, სანამ შენ მსოფლიო ჩემპიონი არ გახდები… სანამ დიპლომს არ მომიტან წარწერით: მურმან თედორაძე – მსოფლიო ჩემპიონი-მეთქი, და მძლავრი მკლავებით გულში ჩამიკარი..

 

მაგრამ სიტყვა ვერ შევასრულე… დაგაღალატე… მალე წამოვედი… ახლა კი, შენ დამაღალატე, ჩემო ოქროკაცო, ჩემო მურმან…. ერგეს ტკივილით ტკივა დღეს სრულიად საქართველოს… გისამძიმრებთ, ჩემო ტკივილიანო ერგელებო… ახლა კი მე გავაკეთებ წარწერას: მურმან თედორაძე – მსოფლიო ჩემპიონი ოქროკაცი…”- წერს ნუგზარ ზოსიძე.

 

შეგახსენებთ, 1 ოქტომბერს სოფელ ქვედა ჯოჭოში განვითარებულმა მეწყერმა ერთი ოჯახის სამი წევრი, მათ შორის არასრულწლოვანი მურმან თედორაძე იმსხვერპლა. მისი ცხედარი მაშველებმა გუშინ, ორდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

 

იმ ღამით სახლში არ იმყოფებოდა - როგორ გადარჩა მეწყერის ქვეშ მოყოლილი ოჯახის ერთი წევრი, არასრულწლოვანი გოგონა
2020-10-02იმ ღამით სახლში არ იმყოფებოდა - როგორ გადარჩა მეწყერის ქვეშ მოყოლილი ოჯახის ერთი წევრი, არასრულწლოვანი გოგონა
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X