12:07 | 2020-08-01 ავტორი: Prime Time

„სისხლის ღვარში ვყოფილვარ და ვიღაცისთვის ტელეფონი მიმიცია, ჩემები რომ დარეკავენ, უთხარი კარგად არის–თქო“ – 8 აგვისტოს გმირის ისტორია

„სისხლის ღვარში ვყოფილვარ და ვიღაცისთვის ტელეფონი მიმიცია, ჩემები რომ დარეკავენ, უთხარი კარგად არის–თქო“ – 8 აგვისტოს გმირის ისტორია

ერაყის სამშვიდობო მისიისა და რუსეთ–საქართველოს ომის მონაწილე, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცი, უმცროსი სერჟანტი გიორგი მიქელაძე, 2008 წლის 8 აგვისტოს მძიმედ დაიჭრა. მისი გადარჩენის იმედი აღარავის ჰქონდა. თუმცა მებრძოლმა ხასიათმა თავისი გაიტანა და დღეს გიორგი უკვე ნელ–ნელა დამოუკიდებლად გადაადგილებასაც ახერხებს. მისი მთავარი მიზანია, ჯანმრთელობა აღიდგინოს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სრულყოფილად სამსახური შეძლოს.

 

გიორგი მიქელაძე, 40 წლის:„ჯარისკაცობა ბავშვობიდან მინდოდა. მიმაჩნია, რომ ყველა ჯარისკაცმა თავისი მოვალეობა პირნათლად უნდა შეასრულოს და სამშობლო საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვას. ამ გრძნობით წავედი 2005 წლის აპრილში შიარაღებულ ძალებში. იმავე წელს ერაყში გავემგზავრეთ, საიდანაც 2006 წელს დავბრუნდი.

 

 

2008 წელს რეზერვისტებს ვამზადებდი და იმავე წელს ასეულში გადავედი. 8 აგვისტოს სენაკის სამხედრო ბაზაზე ვიმყოფებოდი. ღამის 11 საათზე ბაზა დაიბომბა. რაციით გადმოსცეს, რომ აეროპორტში ბომბი რეზერვისტებს დაეცათ. სასწრაფოდ წავედით მანქანით და ოთხი დაჭრილი რეზერვისტი ავიყვანეთ. დაჭრილები საავადმყოფოში მიგვყავდა. ჭურვები ვერტმფრენებიდან შეუჩერებლად ცვიოდა. ერთი ჭურვი ჩვენგან 50 მეტრში დაეცა.

 

უგზოუკვლოდ დაკარგული 19 ქართველი, რომლებიც ამ დრომდე ინტერპოლმაც ვერ იპოვა - ფოტოები
2020-07-31უგზოუკვლოდ დაკარგული 19 ქართველი, რომლებიც ამ დრომდე ინტერპოლმაც ვერ იპოვა - ფოტოები
ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვს. სისხლის ღვარში ვყოფილვარ და ვიღაცისთვის ტელეფონი მიმიცია, მითქვამს, ჩემები რომ დარეკავენ, უთხარი კარგად არის–თქო. აზრზე ორმოცდახუთი დღის შემდეგ მოვედი. იმ დღეს ხუთი ადამიანი დაიღუპა: სამი რეზერვისტი, ერთი ჩემი თანამებრძოლი ედნარ დიასამიძე და მძღოლი. მე, დავით ბერულავა და ერთი რეზერვისტი გადავრჩით. სახლში  სამი თვის შემდეგ დავბრუნდი.“

 

გიორგი პარალიზებული იყო, ვერც ფეხზე დგებოდა და სავარძელში ჩაჯდომაც არ შეეძლო. სარეაბილიტაციო ცენტრში ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ, გიორგიმ ფეხზე დადგომა შეძლო. „ფეხზე დამაყენეს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც დღემდე გავდივარ სარეაბილიტაციო კურსს. მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. იმ დონემდე მიმიყვანეს, რომ კიბეზე ჩემით ჩასვლა–ამოსვლა შემიძლია.“

 

გიორგი მიქელაძეს სახელმწიფო მუდმივად გვერდით უდგას და ყველა შესაბამისს სერვისს სთავაზობს. გიორგის თბილისის სამხედრო დასახლებაში ბინა გადასცეს, ხოლო თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ხელფასი 800 ლარით გაეზარდა. გიორგი მიქელაძეს ყურადღება არც რეგიონის მთავრობს მხრიდან აკლია.

 

„მადლობა აჭარის მთავრობას, მის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, ჯანდაცვის მინისტრს ზაალ მიქელაძეს, ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს. ყოველ 8 აგვისტოს 3000 ლარს გვჩუქნიან, არ მტოვებენ არც ერთ დღესასწაულზე, არ ავიწყდებათ დაბადების დღის მოლოცვა, ყველა ღონისძიებაზე მიწვევენ და დიდი ყურადღებისა და მზრუნველობის ქვეშ ვარ.“

 

სანამ გიორგი შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნდება, როგორც სრულფასოვანი ჯარისკაცი, მანამდე ის თავის მოქალაქეობრივ ვალს სხვაგვარად იხდის. ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა აქვს, ჯარისკაცი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს აკითხავს და თავისი დანაზოგით საჩუქრები მიაქვს, თან სამშობლოს სიყვარულზე ესაუბრება. ასწავლის, რომ საქართველოს ორი ძირძველი ტერიტორია ოკუპირებულია და რომ რუსეთი ოკუპანტია.

 

„ვიბრძოლებ, სანამ არ დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. რუსეთი არის ოკუპანტი. მე დღესაც ვთვლი და მწამს, რომ ჯარისკაცი ვარ, დღესაც მაცვია ფორმა და მზად ვარ საქართველოს თავი შევწირო.“

 

საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარისკაცი, უმცროსი სერჟანტი გიორგი მიქელაძე დაჯილდოებულია მედლებით: „საბრძოლო იარისთვის“, „საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისთვის“, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და არაერთი მადლობის სიგელით.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X