fbpx
21:10 | 2020-03-20 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სინოდის გადაწყვეტილებით, ზიარების წესი არ შეიცვლება

სინოდის გადაწყვეტილებით, ზიარების წესი არ შეიცვლება

საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია სინოდის განჩინებაში, რომელიც დღევანდელი სხდომის მდივანმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ საქართველოს საპატრიარქოში წაიკითხა. მისი ინფორმაციით, სხდომაზე წარდგენილი იყო რამდენიმე ტექსტი, მოსაყდრე შიოს, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგორისა და თავად მეუფე ანდრიას მიერ.

 

სინოდის გადაწყვეტილებით, ზიარების წესი არ შეიცვლება და ერთჯერადი ჭურჭლით მხოლოდ ზიარების შემდგომ დასაყოლებელი სასმლის მიღება იქნება ნებადართული.

 

„წმინდა სინოდმა განაჩინა: დღევანდელი მსოფლიო მრავალი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დგას. ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. პირველ რიგში, გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები. მთავარი მიზეზი კი თანამდროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, თა უფრო მეტად შეიცნონ საკუთარი თავი. სინანულისა და ეკლესიური ცხოვრების საშუალებით აღმოფხვრას ცოდვები, რომელიც ანადგურებს პიროვნების ფიზიკურ და სულიერ ცხოვრებას. ჩვენ, ეკლესიის წევრები არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლებით და ვეძიებთ მისი დაძლევის გზებს.

 

ასეთ დროს მორწმუნეები და განსაკუთრებით კი, წმინდა დიდი მარხვის პერიოდში აძლიერებენ მარხვას და ლოცვას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, თუ რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც განავრცობს და მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარყოფს ადამიანს. ადგილი სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებისა არის ტაძარი. ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი, ევქარისტიული კავშირი გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან. წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება, ამიტომაც ეკლესიის წევრებისთვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია“, – აღნიშულია სინოდის განჩინებაში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X