fbpx
21:49 | 2020-08-26 ავტორი: თამარ ბუჩუკური

შვილი ან მუცელში უნდა მომეკლა, ან შიმშილით, ამიტომ სხვას მივეცი – მრავალშვილიანი დედა

შვილი ან მუცელში უნდა მომეკლა, ან შიმშილით, ამიტომ სხვას მივეცი – მრავალშვილიანი დედა

32 წლის თამუნა შერმაზანაშვილს ხუთი შვილი ჰყავს, თუმცა ნახევრად აშენებულ სახლში მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ხარაგაულში ცხოვრობს.

 

„როცა ორი შვილი გვყავდა, არც სახლი გვქონდა და არც არაფერი, მეზობელთან ბამბის მპენტავად დავიწყეთ მე და მეუღლემ მუშაობა, კილოში 20 თეთრს გვიხდიდნენ და ჩვენი სარჩო ეს იყო.

 

მცირე თანხით უფროს შვილებს ვარჩენდით, ბინის ქირას ვიხდიდით და დრო ასე გაგვყავდა. არაფერზე ვფიქრობდით იმის გარდა, რა გვეჭმია ბავშვებისთვის“ – ასე დაიწყო „პრაიმტაიმთან“ საუბარი ახალგაზრდა მრავალშვლიანმა დედამ.

 

როგორც თამუნა ამბობს, სწორედ იმ დროს, მეზობელმა უთხრა, რომ მასთან ახლოს სახლს 2500 დოლარად ყიდნენ, დაგეხმარებით და იქნებ იყიდოთო. სოციალურად დაუცველ პირთა შემწეობა ერიცხებოდათ, სამ წლიანი კრედიტი აიღეს, მამამთილმა 18 თვის პენსია გამოიტანა და მისცა. მეზობელმაც დანარჩენი თანხა დაუმატა და ასე გახდნენ სახლის მესაკუთრეები.

 

მაშინ უკიდურესად გვიჭირდა, პურიც კი გვენატრებოდა, ჩვენ არ ვჭამდით რომ ბავშვებს არ მოშიებოდათო, ამბობს. სწორედ მაშინ მესამე შვილზე ორსულობის ამბავი გაიგო, ნაყოფის მოცილება გადაწყვიტა. უფროსი შვილების დატოვება მულს სთხოვა. ექიმთან მივდივარო, უთხრა.

 

მამიდას ცრემლები წამოუვიდა და სთხოვა – შვილს ნუ მოკლავ, 20 წელია უიმედოდ ველი ბავშვის შეძენას, მაგრამ უფალმა არ მაღირსა, გააჩინე და მე გავზრდიო. პატარა ბიჭი გაჩნდა, გაბრიელი დაარქვეს. ის სამშობიაროდან გაწერისთანავე მამიდან წაიყვანა. ორივე ოჯახი ახლოს ცხოვრობდა ერთმანეთთან და ჩვილზე ზრუნვა ერთად დაიწყეს.

 

ახლა, 7 წლის გაბრიელმა იცის, რომ თამუნა და მისი მეუღლე ბიოლოგიური მშობლები არიან, იცის, რომ ჰყავს და-ძმა. ყოველდღე ერთად არიან.

 

თამუნა ამბობს, რომ შვილის წაყვანის შემდეგ ცუდად უნდა იყოს, ერთი რაც მამშვიდებდა ის, იყო, რომ ჩემი მული, ნინო ძალიან კარგი ადამიანია, პედაგოგია და ჩემს შვილს არაფერს გაუჭირვებდა. მართლაც ასეა, მე დედას უნდა მომეკლა, მამიდა კი ზრდის და არაფერს აკლებს…

 

„სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, აზრი დედასაც ვკითხე. მანაც მითხრა, მადლს იზამ. 20 წელი ნინო და მისი მეუღლე შვილს ელოდებიან, შეხმატკბილებული და საოცრად შეყვარებული წყვილია, შენს შვილს სიკვდილისგან დაიცავ და მათი ოჯახისაც მადლიაო. ჩემმა ქმარმა თქვა – ნინო ღირსია დედა გახდესო და ასე გადავარჩინეთ გაბრიელი სიკვდილს.

 

თავს კი ვიმშვიდებდი, რომ მადლი გავაკეთე, შვილი გადავარჩინე, ცოცხალია და არაფერი აკლია-მეთქი, მაგრამ თავს საშინლად ვგრძნობდი, დანაშაულის შეგრძნება არ მასვენებდა. მალევე გავიგე, რომ მეოთხე შვილს ველოდებოდი, გაბრიელზე გამოცდილებით, არც კი მიფიქრია, რომ მომეშორებინა.

„გეყოფა დედობა, ღლის ბავშვს, რაც უფრო მეტად დედა ხარ, მით უფრო ჩაგრავ!“ - შალვა ამონაშვილის „ჰუმანური პედაგოგიკა“
2020-07-31„გეყოფა დედობა, ღლის ბავშვს, რაც უფრო მეტად დედა ხარ, მით უფრო ჩაგრავ!“ - შალვა ამონაშვილის „ჰუმანური პედაგოგიკა“

 

მაშინვე ვთქვი, რომ ეს ბავშვი უნდა დაბადებულიყო და გაჩნდა სალომე, ამის მერე კი პატარა ირაკლის მშობლები გავხდით. ახლა ის 3 წლისაა და წელს საბავშვო ბაღში მიდის. გაბრიელის დარდი არ მაქვს, მას არაფერი აკლია, მაგრამ ჩემთან მცხოვრები შვილები ძალიან მეცოდებიან – მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვცდილობთ, არაფერი გამოგვდის.

 

არ ვამბობ არაფერს რემონტზე, ავეჯსა და პირველად ნივთებზე. ჩემს შვილებს საცვალიც კი არ აქვთ. არადა მალე სკოლა დაიწყება, მათ ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები საოცნებოდ აქვთ, ჩვენ კი ამ ოცნების ასრულებაც კი არ შეგვიძლია. სალომე სკოლაში მიდის, სწორედ ახლა უნდა შეექმნას პირველი შთაბეჭდილებები, ახლა უნდა გაიგოს, რა არის გზა განათლებისკენ და ჩანთასაც კი ვერ ვყიდულობთ.

 

არა იმიტომ, რომ ზარმაცები ვართ. არა იმიტომ, რომ შრომა არ ვიცით, უბრალოდ ჩვენთვის სამსახურები ვერ გამოინახა, ვინ არ შევაწუხეთ და ვის არ ვთხოვეთ, მაგრამ… ჩემი ქმარი რომ შავ მუშად დასაქმდეს და მე დამლაგებლად, ამასაც კონკურსები სჭირდება თურმე. არ ვხუმრობ, მართლა კონკურსში მიიღე მონაწილეობა, თუ ბიბლიოთეკის დამლაგებლობა გინდაო, მითხრა ბიბლიოთეკის დირექტორმა.

 

აბა ცოცხს და ტილოს კონკურსი სჭირდება? დღიურად თუ რამე გამოჩნდება ხოლმე, აუცილებლად მუშაობს ჩემი ქმარი, მაგრამ ესეც იშვიათია. ასეთი გაჭირვების, შიმშილის, უტანსაცმლობის, ფაქტობრივად შავ კარკასში ცხოვრების პირობებში ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი გამოსავალი ჩემი გაბრიელის მამიდასთვის მიცემა იყო. ის მაინც ვიცი, რომ საჭმელი და სამოსი აქვს, ჩემს სახლში მცხოვრები სხვა შვილებისგან განსხვავებით…

 

მადლობა ღმერთს, რომ ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი გაბრიელი მუცელში არ მოვკალი, ან მერე – შიმშილით… ღმერთო, რა ძნელია ჭამიდან ჭამამდე ცხოვრება… რა ძნელია მუდამ ორ მუჭა პროდუქტს ანაწილებდე დღეებზე… რა ძნელია როცა ვლოცულობ. უფალს იცით რას ვთხოვ? ღმერთო ჩემი შვილებისთვის ერთი კილოგრამი ხორცი შემაძლებინე და მაყიდინე-მეთქი

 

ახლა, სკოლის დაწყების მოახლოება მაშინებს, უტანსაცმლოდ და უნივთებოდ არიან. გათენების მეშინია, რომ რა ვაჭამო არ ვიცი… დაღამების მეშინია, ბავშვებს არ შესცივდეთ ნახევრად აშენებულ სახლში-მეთქი.

 

შემოდგომის წვიმების და მერე ზამთრის სუსხის მეშინია. შეშაც კი უაზროდ დაიწვება, ჩვენს სახლს ვერაფერი გაათბობს, რადგან ჭერი და გალესილი კედლები არ გვაქვს. ჩვენთვის ეს ყველაფერი ფუფუნებაა.

 

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით, სახლის გადახურვა შევძელით, თუმცა თუნუქის ქვეშ ჭერის გაკეთების საშუალება არ გვაქვს და ამიტომ, ფართო ღრიჭოებიდან ცა მოჩანს. კედლები კი გაულესავია.

 

ყველაფერი ვცადეთ, ამ გაჩერებულ და დაპაუზებულ ხარაგაულში მუშაც არ სჭირდებათ, რომ ქმარი დასაქმდეს. მე კი მატარებლის სადგურზე იქამდე ვიმუშავე, სანამ ორსულს მუცელში რვა თვის ტყუპები არ დამეღუპა. 9 საათიდან ღამის 1 საათამდე, 250 ლარიან ხელფასზე ბოდიში და თითოეული მგზავრის განავალს ვხეხავდი… მერე გავცივდი და საშინელება დამემართა…

 

სამწუხაროდ, ერთი გოჯი მიწაც არ გვაქვს, რომ მწვანილი მაინც მოვიყვანო… ეზოც კი არ არის. რა ვქნა, თუ კეთილი ადამიანები არ დამეხმარებიან, რა გავაკეთო, თუ საზოგადოება თანადგომას არ გამოიჩენს, როგორ მოვიქცე…

 

გამგეობას ვეღარ მივმართავ, იცით რაიონში ჩემნაირი გაჭირვებული რამდენია? მე სახურავისთვის თანხა უკვე ჩამირიცხეს, როგორ და რა სინდისით მივადგე ისევ?“ – ამბობს თამუნა შერმაზანაშვილი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X