23:44 | 2020-05-24 ავტორი: თამარ ბუჩუკური

შვილებს ვყიდი, სხვა გზა არ მაქვს – დედის მძიმე ისტორია

შვილებს ვყიდი, სხვა გზა არ მაქვს – დედის მძიმე ისტორია

„ჩემს სამ პატარა შვილს კვერცხუჯრედის დონორობით ვარჩენ. ამისთვის კლინიკაში მისვლა იცით რა განცდაა?

 

თითქოს შენს კრისტალის ხელა შვილებს საკუთარი სხეულიდან ყიდი, მაგრამ როცა სხვა გზა არ ჩანს, ტკივილი უნდა ავიტანო“ – ასე დაიწყო საუბარი „პრაიმტაიმთან“ ახალგაზრდა ქალმა.

 

მის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო არ ვწერთ. პირობითად, მარი 28 წლისაა. ის სამი შვილის მარტოხელა დედაა. 9 წლის გიო, 6 წლის ნიცა და 3 წლის კესანე გაფართოებული თვალებით დედას ხშირად ელოდებიან.

 

როცა მარი კლინიკაში კვერცხუჯრედის დონორად მიდის, იციან, რომ ის სამსახურშია და უკან ტკბილეულით დაბრუნდება.

 

მარი ამბობს, რომ სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულებას ან შეჭირვებული ნათესავების შეწუხებას ერიდება და ამიტომ, იმას აკეთებს, რასაც ნაკლები დრო სჭირდება და სოლიდური ანაზღაურება აქვს.

 

ამბობს, რომ მისთვის ეს მტკივნეული თემაა, მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ ნახა…

 

„მეუღლესთან განქორწინებული ვარ. 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ნაქირავები სახლიდან წავიდა და სხვა ქალთან გადავიდა. დამიტოვა დიდი ტკივილი, სამი გასაზრდელი ბავშვი და გადასახდელი ქირა.

 

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასე მიგვატოვებდა. მსგავს ისტორიებს რომ ისმენდა, კაცებს კიცხავდა. კარგი ურთერთობა გვქონდა, ბავშვობიდან ერთმანეთი გვიყვარდა. ალბათ, ყველაფერი ხდება…

 

მისი წასვლიდან ერთი კვირა ფეხზე ვერ ვდგებოდი. ბავშვებს მეზობლები უვლიდნენ. მერე მოვიკრიბე ძალა და მაცივარი რომ გავაღე, ორი კვერცხი იყო…

 

ფული კი 3.25 ლარი მქონდა. იმ საღამოს პური და ნახევარი კგ. წიწიბურა ვუყიდე. მეორე დილის გათენება მეშინოდა.

 

მეუღლე ფინანსურ თანადგომაზე უარს ამბობდა, აქაც ბავშვები ცხოვრობენ, ჩემი საყვარელი ქალის შვილები და მათ მშივრებს ვერ დავტოვებო, გამომიცხადა.

 

ბავშვებთან კონტაქტი ავუკრძალე და სამუდამოდ დავემშვიდობე. ბინის მეპატრონემაც ქირაზე მომაკითხა, კომუნალური გადასახადებიც დაირიცხა და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.

 

მაშინ, ახლობლები დამეხმარნენ. მრცხვენოდა მათი და ჩემი უმწეო მდგომარეობის… მერე მეგობარმა მითხრა, კვერცხუჯრედის დონორად დავრეგისტრირდი და ანაზღაურებას ვიღებო.

 

მეც გავყევი და ამ გზას დავადექი. ბავშვის დამტოვებელი რომ მყოლოდა, არც კი ვიფიქრებდი. სხვა რამეს მოვიფიქრებდი, მაგრამ არჩევანი არ მქონდა.

 

ახლა, დაუბადებელ შვილებს ვყიდი, სხვა გზა არ მაქვს და დაბადებულებს ვარჩენ…“ – ამბობს მარი.

 

დონაციის პროგრამის დროს მომავალ დედას კვერცხუჯრედს ახალგაზრდა დონორი აძლევს.

 

კვერცხუჯრედის დონაცია უშვილო წყვილებისთვის მაშინაა მიზანშეწონილი, როდესაც ქალის ორგანიზმში კვერცხუჯრედების მომწიფება არ ხდება; ან მათი ხარისხი ორსულობის შესაძლებლობას არ იძლევა.

 

დონორის კომპენსაცია 2000-დან 3000 ლარის ფარგლებში მერყეობს.

 

დონორი გრძნობს მხოლოდ ერთი ნემსის ჩხვლეტას - ყოფილი პაციენტებისგან პლაზმის აღების პროცედურა
2020-05-13დონორი გრძნობს მხოლოდ ერთი ნემსის ჩხვლეტას - ყოფილი პაციენტებისგან პლაზმის აღების პროცედურა
ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X