23:23 | 2020-07-31 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შსს-ს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე ტექნიკური საშუალებები გადმოეცა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე ტექნიკური საშუალებები გადმოეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, ოთხმოცი ფოტო-ხაფანგი, ასევე, სასაზღვრო პოლიციის კავშირგაბმულობის სისტემებისა და ანძების მომსახურების საშუალებები გადმოეცა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

 

„აღჭურვილობის განახლება „საქართველოში საზღვრისა და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. პროექტი, კავშირგაბმულობის სისტემებისა და ანძების მომსახურების მიზნით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების გადამზადებასაც მოიცავდა.

 

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ ტექნიკური საშუალებები პირადად დაათვალიერა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, საქართველოს მისიის ხელმძღვანელ სანია ჩელებიც ლუკოვაკს და პროგრამის მენეჯერ მარკ ჰულსტს, სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თემურ კუპატაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი ეკატერინე მაჭავარიანი დაესწრნენ.

 

საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, საზღვრის მართვის განვითარებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X