15:28 | 2020-03-25 ავტორი: Prime Time

შოთა გულბანი: ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების გაჩერება დაუშვებელია, დასაქმებულებმა პრობლემები არ უნდა შექმნან

შოთა გულბანი: ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების გაჩერება დაუშვებელია, დასაქმებულებმა პრობლემები არ უნდა შექმნან

„თუ გვინდა, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოვიდეს და ლარის კურსის დასტაბილურება მოხერხდეს, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების გაჩერება დაუშვებელია“, – აცხადებს ეკონომისტი შოთა გულბანი.

 

მისი თქმით, ისეთი კომპანიები როგორებიცაა: „საქნახშირი“, RMG Gold-ი, „აზოტი“, ასევე „ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოები, მათ შორის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატია, საქართველოს საექსპორტო პოტენციალს განსაზღვრავენ და ქვეყანაში ვალუტის შემოდინებაც დიდწილად მათზეა დამოკიდებული.

გულბანის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ საწარმოების ფუნქციონირებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, აუცილებელია, რომ იქ დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

 

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების პირობებში კომპანიები ვალდებულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს ყველა მითითება ზედმიწევნით შეასრულონ. გულბანის განცხადებით, დამსაქმებლების მხრიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის შესრულების შემთხვევაში, დასაქმებულებმაც უნდა აიღონ ვალდებულება და სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობით კომპანიის ფუნქციონირებას პრობლემები არ შეუქმნან. გულბანის მოსაზრებით, შექმნილ ვითარებაში ნებისმიერი საწარმოს გაჩერება ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულად ასუსტებს და აზიანებს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X