11:29 | 2020-05-07 ავტორი: თამარ გონგაძე

“შიმშილით სული რომ არ ამოგვძრომოდა, ჩემი ქალიშვილი გერმანიაში წავიდა” – რას იხსნებს გივი სიხარულიძე


მსახიობი და წერალი გივი სიხარულიძე სოციალურ ქსელში იხსენებს პატარა ამბავს, რომელსაც 90-იან წლებში ფოსტაში შეესწრო.

 

ისტორიის გმირი პატარა ბიჭია, რომლის მამაც აფხაზეთის ომში, ტამიშთან გმირულად დაეცა.

 

დედას, რომ ოჯახი შიმშილისგან ეხსნა, სამუშაოდ გერმანიაში წავიდა, ფოსტაში მისული ბებია და შვილიშვილი კი მას ვიდეოკასეტებს უგზავნიდნენ…

 

გივი სიხარულიძე: – პლეხანოვის გამზირზე მთავარ ფოსტასთან მანქანა გავაჩერე და ის იყო შესვლას ვაპირებდი, რომ ჩემი ყურადღება პატარა ბიჭუნამ მიიპყრო, რომელიც ბებიას რაღაცას უხსნიდა.

 

მერე კაი ვაჟკაცივით, თითქოსდა დიდგორის ბრძოლაში 100 ოსმალოს სისხლი მაინც ჰქონდა დაღვრილი, ფოსტაში შევიდა. მის კაცურ მიხვრა-მოხვრაზე გამეცინა და ჩემთვის ჩავილაპარაკე, რა იქნება ახლანდელ ახალგაზრდებს ასეთი შემართება რომ ჰქონდეთ-მეთქი.

 

დარბაზში შევედი, რიგში ჩავდექი. ამერიკიდან შვილის მიერ გამოგზავნილი ამამანათი უნდა მიმეღო. ისე მოხდა, რომ ამ პატარა რაინდის უკან მომიწია დგომა.

 

ბიჭი ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა: ხან იატაკზე გასრიალდა, ხან მოძველებულ სავარძელზე თავით დაერჭო და ყირა გაჭიმა. მერე ესეც არ იკმარა, იატაკზე დაჯდა და მუშტებით ისეთი კუთხე გააკეთა, ყოფილ მრავალგზის ჩემპიონს აზარიანსაც შეშურდებოდა.

 

შევატყვე, რომ ნელ-ნელა ყველას დაავიწყდა, რისთვისაც იყვნენ ფოსტაში მოსულები და გამალებით ადევნებდნენ თვალ-ყურს ბიჭის მოძრაობებს. ბებომ იფიქრა, ხალხს აწუხებსო, რიგიდან გამოენთო, შეშინება დაუპირა. ახლავე აქ მოდი, თორემ პოლიცია წაგიყვანსო.

 

ბიჭმა ჭკვიანური თვალებით შეხედა ბებიას და უპასუხა: პოლიციამ ის წაიყვანოს, ვინც წასაყვანია!

 

მთელი ფოსტა სიცილისაგან ჩაბჟირდა. მე საღეჭი რეზინების მთელი დასტა ჩავუდე ხელში, თან ლოყაზე მოვეფერე.

 

მერე შევეკითხე: რომ გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდე? – არც კი დაფიქრებულა, ისე მიპასუხა: გიორგი სააკაძე, ჰერაკლე და მელ გიბსონიო.

 

თვალზე ცრემლი მომადგა. ვიფიქრე, – საქართველოში ძლიერი ქართული გენი კიდევ შემორჩენილა-მეთქი; თორემ ჩემი მეზობელი თემუკას შემხედვარეს საკაცეთი შემძულდა. რიგი ნელ-ნელა მიიწევდა წინ.

 

– რა გვარისა ხარ და რა გქვია?

 

– გურიელი, ჯუბა მქვიაო, – მიპასუხა სხაპასხუპით. ვიფიქრე, ნანატრ გვარს მეუბნება-თქო და ბიჭის ბებიას ვკითხე მოკრძალებით, მართალს მეუბნება?
მომიტრიალდა ქალბატონი და ოდნავ ნაწყენი ტონით დასძინა:

 

– რავა, არა ჰგავს გურიელს, თუ რაშია თქვენი საქმეო. მერე კეთილად ჩაიცინა და მითხრა: – ნეტავ ჯღამაძე ყოფილიყო შვილო და მამა ჰყოლოდაო. გულმა რეჩხი მიყო, ქალს ბოდიში მოვუხადე.

 

– არაფერს შვილო, შენ რა გაქვს საბოდიშო, ჩვენს მთავრობას დავასხი თავს ლაფი! ამდენი ბავშვის სიცოცხლე რომ შეიწირეს ძმათამკვლელ ომში.ყველაფერს მივუხვდი და ფრთხილად ვკითხე – თქვენი შვილი იყო?

 

– სიძე იყო ის უბედური. არწივივით ბიჭი. პირველსავე ბრძოლებში დაეცა ტამიშის მისადგომებთან. დავრჩით მე, ჩემი ქალიშვილი და ეს ანგელოზი, ამას ენაცვალოს ბებო. შიმშილით სული რომ არ ამოგვძრომოდა, ჩემი გოგო გერმანიაში წავიდა: ერთ ოჯახში ბავშვს უვლის. იქიდან გვარჩენს.

 

ფიქრებით სადღაც წავედი, მომაგონდა სამამულო ომის შემდგომი წლები. გადასახლებული მამა, შეურაცხყოფილი სული, ზედმეტი შრომისგან ნირწამხდარი დედა, ყოველთვის სევდიანი ბებიის თვალები და ლამის ტირილი დავიწყე.

 

როცა მათი რიგი მოვიდა, ბებიამ ხელჩანთიდან ვიდეო კასეტები ამოიღო, გასაგზავნ ყუთში ჩადო, ბერლინის მისამართი დააწერა, მერე შვილიშვილს მიმიუბრუნდა და უთხრა: – აი, დედაშენი მიიღებს ამ კასეტებს და გაიხარებსო.

 

ის იყო ქალი კასეტების ჩაბარებას აპირებდა, რომ ბიჭმა მუდარით მიმართა, – ბებო, გეხვეწები, კასეტები შენ დაიტოვე, ამ ყუთით კი მე გამაფრინე!

 

თითქოს მეხი გავარდაო, ისე იმოქმედა ამ სიტყვებმა. მთელ დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა.

 

… ჩვენ ხომ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც გაღატაკებული ხალხი დალასლასებს, ხოლო ყუთები დაფრინავენ… ბებოს ცრემლები ღაპაღუპით წამოუვიდა. შვილიშვილი ხელში აიტაცა და გულში მაგრად ჩაიკრა.

 

ბიჭი გაოცებული შესცქეროდა ატირებულ ქალს და თუთიყუშივით იმეორებდა – გამაფრინე ბებო, გამაფრინე ბებო რა!..

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X