fbpx
19:23 | 2020-10-08 ავტორი: Prime Time

შიმშილი ისევე კლავს, როგორც კოვიდი – აჭარის მთავრობის სახლთან ორი მოქალაქე შიმშილობს

შიმშილი ისევე კლავს, როგორც კოვიდი – აჭარის მთავრობის სახლთან ორი მოქალაქე შიმშილობს

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციები ამ ეტაპზე დროებით შეჩერებულია. ამ დროისთვის აქციის ორი მონაწილე შიმშილობას.

 

აქციის მონაწილეები მცირე ბიზნესის მფლობელები და დასაქმებულები არიან, რომლებიც პანდემიამ დააზარალა.

 

როგორც ერთ-ერთმა მოშიმშილემ გიორგი გირგილაძემპრაიმტაიმთან“ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. პასუხს ხვალ საღამომდე ელოდებიან და შაბათიდან შიმშილობის პარალელურად პერმანენტულ აქციებს განაახლებენ.

 

„ვაგრძელებთ შიმშილობას. ველოდებით დაზუსტებულ პასუხებს. ვნახავთ რა შედეგები დაიდება. თუ დამაკმაყოფილებელი პასუხი იქნება, შევწყვეტთ შიმშილობას. თუ არ დაკმაყოფილდა აქციის ყველა მონაწილეს მოთხოვნა, გავაგრძელებთ შიმშილობასაც და აქციებსაც შაბათს.

 

იქნება კიდევ ერთი გამაფრთხილებელი აქცია. თუ ესეც არ იქნება საკმარისი, გადავალთ პერმანენტულ აქციებზე. უნდა მოგვცენ არსებობის საშუალება, სანამ შევძლებთ მუშაობას.

 

მე მაგალითად შემიძლია სხვა სამსახური ვიშოვო, მაგრამ რა აზრი აქვს. როგორც კი დამერიცხება ხელფასი, ბანკებს მიაქვთ მთლიანად. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნები და ეს მოთხოვნები უნდა შესრულდეს. ლუკმაპურის ფული არ გვაქვს. და ამ დახმარებაზე უარის თქმა, არის დანაშაული. თუ სახელმწიფო არ ასრულებს ჩვენს მოთხოვნებს, მაშინ უნდა მიიღონ მტკივნეული, მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილება, გახსნას საზღვრები. ჩვენს ოჯახებს შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ. შიმშილი ისევე კლავს, როგორც კოვიდი.

 

როგორც აღმოჩნდა, კოვიდისგან შესაძლოა ადამიანების განკურნება, შიმშილით სიკვდილს არაფერი შველის. უნდა დაგვეხმარონ, თუ ვერ გვეხმარებიან, მაშინ უნდა მოგვცენ საშუალება ვიმუშაოთ და ვიშოვით ლუკმაპური ოჯახების გადასარჩენად.

 

ჩვენი მოთხოვნები სამართლიანია.

 

არ არსებობს ოპოზიციური ძალა, რომელიც იტყოდა, რომ უნდა ჩვენს დახმარებას გეგმავენ და სავალდებულოა. პირიქით, წინასაარჩევნო მოსყიდვად აფასებენ ამას. და მაგენი დაგვეხმარებიან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ?

 

აქ გამოსული ვართ ადამიანები, რომლებიც არც კი ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ გაჭირვებამ გამოგვიყვანა და შევძელით ხალხის გამოყვანა. გამოვედით პოლიტიკოსების გარეშე. ყოველგვარი პოლიტიკური განცხადებების გარეშე.

 

ერთს ვიტყვი, მე პირადად არჩევნებზე ყველა კანდიდატის გადახაზვას ვაპირებ, რადგან ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანეს.

 

მეორე მოშიმშილე ახლა წასულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში, რამაზ ჯინჭარაძეს ხვდება, მინისტრის მოადგილეს. მეც ვიყავი მისული, მონაცემები ჩაიწერეს. ყველას მონაცემს იწერენ და ველოდებით ხვალ პასუხს. შაბათიდან განვაახლებთ აქციებს“, –  განაცხადა გიორგი გორგილაძემ.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X