17:15 | 2021-07-28 ავტორი: სალომე ნეფარიძე

შეთანხმება ანულირებულია! ვინ მიდის და ვინ რჩება პარლამენტში – რა გეგმები აქვს ოპოზიციას

შეთანხმება ანულირებულია! ვინ მიდის და ვინ რჩება პარლამენტში – რა გეგმები აქვს ოპოზიციას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მისივე თქმით ხელმოწერილმა დოკუმენტმა თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.

 


„დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვონ.

 

მზად ვართ, ჩვენი კეთილი ნებით, რიგგარეშე არჩევნები არათუ ხმების 43%-ის, არამედ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც კი დავნიშნოთ, თუკი ოპოზიციური პარტიების ქცევიდან ამოვიკითხავთ, რომ ჩვენი სისტემა ეფექტიანია კოალიციური მმართველობისთვის და სახელმწიფოს მართვის ამგვარი რეჟიმი მის ინტერესებს არ დააზიანებს.

 

ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება ჩვენი კეთილი ნებით, იმ კონსტიტუციური პრაქტიკის შესაბამისად, რომელიც განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არის დამკვიდრებული“, – თქვა პარტიის თავმჯდომარემ. 

 

ირაკლი კობახიძის განცხადებას, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.

 

„გირჩი მეტი თავისუფლება“

 

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე პირველი იყო, ვინც განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს. მან განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

 

ჯაფარიძე ფიქრობს , რომ „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილებაა ერთი მიზეზითაა განპირობებული – „დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ“.

 

„მე ვტოვებ პარლამენტს – პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება.

 

არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება. იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს. თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ რა ხდება – ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად“ – დაწერა ჯაფარიძემ. 

 

„გირჩი“

 

რაც შეეხება პარტია „გირჩს“, იაგო ხვიჩია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯერ სიტუაციას დააკვირდებიან და საკუთარ პოზიციას დღის ბოლოს გააჟღერებენ.

 

„მოსაფიქრებელი გვაქვს და დასალაპარაკებელია ჩვენს კოლეგებთან. ახლახანს გავიგეთ ამ გადაწყვეტილების შესახებ, უნდა მოვიფიქროთ, რა გითხრათ მზამზარეულად. დღის ბოლომდე პოზიცია გვექნება. ხუთ წუთში პასუხი ვერ გვექნება, ჯერ უნდა გავარკვიოთ, დავაკვირდეთ სიტუაციას რა მოხდა, აქვს თუ არა ამ ყველაფერს ევროპელების და ამერიკელების მხარდაჭერა, არის თუ არა მათთან ეს შეთანხმებული“, – ამბობს იაგო ხვიჩია „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

 

„ლელო“

 

ირაკლი კობახიძის განცხადებას, საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურნენ „ლელოს“ ლიდერებიც.

 

მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადება არის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება იმ ძალისა, რომელიც ცალმხრივად ტოვებს შარლ მიშელის დოკუმენტს.

 

„ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა საქართველოში, ეს არის ჩვები საზოგადოების რადიკალიზმისკენ მიმართვა და აქვე მინდა გითხრათ, რომ “ლელო” გაააკეთებს ყველაფერს, რომ რადიკალიზაციას არ მისცეს ამ ქვეყანაში გასაქანი.

 

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, „ქართულმა ოცნებამ” ძალიან კარგად იცის მისი რეიტინგი, სწორედ ამიტომ გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან, რადგან იციან ისინი 43%-ს ვერ დააგროვებდნენ ამ არჩევნებში. აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ საზოგადოებას და ჩვენს ოპოზიციურ პარტნიორებს, დავიწყოთ სასწრაფოდ კონსულტაციები. ჩვენ უკვე გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადეს „ლელოს“ ლიდერებმა.

 

ამასთან ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტსაც არ გამორიცხავს.

 

„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ის შეთანხმება გააუქმა, რომლიც საფუძველზეც მივიღეთ ჩვენ გადაწყვეტილება პარლამენტში საქმიანობის თაობაზე, ამიტომ ამაზე რეაგირება ექნება ჩვენს ფრაქციას, თქვენ მოისმინეთ მათ შორის „ლელოს ბრიფინგი, რომ ვაპირებთ უახლოეს მომავალში ვიმსჯელოთ ამაზე და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც იქნება სწორი არსებულ ვითარებაში.

 

„ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადების შემდეგ საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არჩევნებში აზრი აქვს თუ არა ოპოზიციის მონაწილეობას. ჩემი აზრით თუ არაფერი არ შეიცვლება, ოპოზიციამ ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს საერთოდ არჩევნებს“, – გვითხრა სამადაშვილმა.

 

„რესპუბლიკელები“

 

პარტნიორებზე უარის თქმას და „დემოკრატიის განადგურებას“ უწოდებ მმართველი გუნდის დღევანდელ განცხადებას რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე.

 

„შანსი არ ჰქონდათ 43%-ის! 5 ივლისის მერე ამას ცდილობენ, ამოწმებენ, ამძაფრებენ დაპირისპირებას, საპატრიარქო ჩართეს, რადიკალებიც და ანტიეკლესიურობის რიტორიკა, ნაცადი მტრის ხატის კამპანია ისევ გამოცადეს, პლაკატების აკრეს – არაფერმა არ უშველა.

 

მერე საბაბზეც იფიქრეს, მეტი ჭკუა არ ყოფნით, ისევ ოპოზიციას დავაბრალოთო და გადაწყვიტეს. ეს არის უარის თქმა ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ჩვენს პარტნიორზე, თითოეულ ადამიანზე ამ ქვეყანაში, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა მბჟუტავი იმედი რაიმე ცვლილების! ესა მათი მიზანიც – სრული ნიჰილიზმი, სრული კონტროლი, სრული განადგურება დემოკრატიის! არავის არ გასვლია ეს ამ ქვეყანაში! ეს ნუ დაგვავიწყდება, ვერ შეძლებენ!“, – დაწერა სამნიძემ სოციალურ ქსელში.

 

„სტრატეგია აღმაშენებელი“

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვება ადასტურებს, რომ ოპოზიციის ნაწილმა ხელისუფლებას ძალით მოაწერინა მიშელის შეთანხმებაზე ხელი და მმართველ პარტიის ინტერესში არ შედის 43%-იანი ბარიერის არსებობა.

 

„ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ქვეყანა სათამაშოა მის ხელში. მე ამ განცხადების შემდგომ მაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია. ახლა ის დროა, როცა უნდა დავიწყოთ იმ აღსრულების მექანიზმების ფართომასშტაბიან ამოქმედებაზე მუშაობა, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობას უნდა მოჰყვეს. ეს შეიძლება იყოს ბევრი რამ, მათ შორის სანქციებზე ვლაპარაკობდით და ალბათ უფრო დაჩქარდება პერსონალური სანქციების საკითხი.

 

რასაც ვისმენთ, ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე მართლა ძალით მოვაწერინეთ ხელი. მათ არ აწყობთ 43%-იანი ბარიერი, იმიტომ, რომ ეშინიათ ამის და ამიტომაც ჩააგდეს ეს დოკუმენტი. ამიტომ, ოპოზიციურ ფლანგს მინდა მივმართო. იმედია, ახლა მაინც არ დაიწყებთ გარჩევას, რა იყო კარგი და რა ცუდი. ჩვენ ცივი გონებით უნდა განვსაჯოთ და პირველ რიგში მოქალაქეებს ვკითხოთ“, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

 

მისივე თქმით, ოპოზიციამ გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ უნდა მიიღოს და მისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია როგორც დასავლელი პარტნიორების, ასევე მხარდამჭერების მოსაზრება.

 

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის პარტიას მოქალაქეებს. ჩვენ ვცადეთ მოგვესმინა პარტიის ლიდერების პოზიცია. ლევან იოსელიანმა გვითხრა, რომ ისინი ჯერჯერობით განცხადებაზე მუშაობენ, რომელსაც უახლოეს მომავალში გაავრცელებენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X

error: Content is protected !!