20:09 | 2020-06-20 ავტორი: Prime Time

„შენ კაცი იყავი და მოცეკვავედ მე დაგაყენებო“ – ბაბუას სიტყვებს ხშირად ვიმეორებ“ – ნინო სუხიშვილი

„შენ კაცი იყავი და მოცეკვავედ მე დაგაყენებო“ – ბაბუას სიტყვებს ხშირად ვიმეორებ“ – ნინო სუხიშვილი

ქართული ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ გარშემო მუდმივად დიდი ინტერესია. „როკვით განფენილი გენია“ თავის სახელს მუდმივად იცავს.

 

იქ არის, სადაც ქართველი ერია. ოკუპანტის დაკრულზე არ ცეკვავს, მისი მაჯის ცემა – ეროვნულობაა. ძნელია, გააგრძელო ტრადიცია და უშეცდომოდ იარო.

 

ნინო სუხიშვილმა „პრაიმტაიმს“ (ჟურნალისტს ავთო ჩიტიძეს) წლების წინ მიცემულ ინტერვიუში ამ ტრადიციებზე გაგრძელებულ ცხოვრებაზე უამბო…

 

ნინო სუხიშვილი: – ბებიას ძალიან მოეწონებოდა დღევანდელი ანსამბლი, რადგან ზუსტად ამ პრინციპით მუშაობდნენ ნინო და ილიკო.

 

ყველანაირი ტრადიცია და კანონი დაცულია არა მარტო ცეკვაში, არამედ მართვაშიც და ურთიერთობებშიც. უბრალოდ, გული მწყდება, რომ დღეს ისინი ჩვენს გვერდით არ არიან, რომ იამაყონ.

 

ჩვენი ანსამბლი სახელმწიფო მოდელივითაა – თავისი კანონებითა და ტრადიციებით, ოჯახური ფასეულობებით. ყველას თავი გვაქვს გადადებული ამ საქმისთვის, სწორედ იმის გამო, რომ, პირველ რიგში, დიდი ილიკოსა და ნინოს სახელები უკვდავვყოთ.

 

– რა მთავარი წესები და ტრადიციები შეინარჩუნეთ?

 

– ყველაფერი. პირველ რიგში, სიახლის ძიება. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. თავის დროზე ნინო სუხიშვილი და ილიკო რამიშვილი ნოვატორები იყვნენ და მოდერნისტურ ცეკვებს დგამდნენ, რომელიც დღეს უკვე კლასიკაა. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება.

 

მართალია, ყოველ ახალ წამოწყებას მოჰყვება წინააღმდეგობა და კრიტიკა, მაგრამ ამას მიჩვეულები ვართ.

 

სამწუხაროდ, ყოველთვის სხვაგან უფრო გაღიარებენ, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში. ყველაზე მეტად მიყვარს ბაბუას სიტყვები და ხშირად ვიმეორებ – „შენ კაცი იყავი და მოცეკვავედ მე დაგაყენებო.“

 

– რთულია სუხიშვილების იმპერიის მართვა?

 

– მარტივ ცხოვრებას ვერ შევძლებდი. იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში მარტივი არაფერი ყოფილა, იოლად არაფრისთვის მიმიღწევია.

 

 

ცხოვრება, და თანაც ჩვენს ანსამბლში, ისეთი ტემპით მიდის, რომ მოდუნება წარმოუდგენელია. მეც და ილიკოსაც შეწირული გვაქვს ამ საქმისთვის თავი.

 

– თუმცა თავიდან გქონდათ მცდელობა, რომ ანსამბლისგან შორს ყოფილიყავით და ამიტომაც აირჩიეთ პროფესიად კერამიკის მხატვრობა.

 

– მეც და ილიკოსაც გვქონდა მცდელობა, ჩვენი ოჯახური ტრადიციების გარდა, საკუთარი პროფესიებიც აგვერჩია. მე სამხატვრო აკადემიისკენ წავედი, ილიკო მოსკოვის თეატრალურ აკადემიაში სასცენო ქორეოგრაფიაზე სწავლობდა.

 

საკუთარი თავი მოსინჯა თეატრშიც, კინოშიც, ოპერაშიც და მუსიკაშიც. ჩემი პროფესიაც მეხმარება დღევანდელ საქმიანობაში, ვქმნი კოსტიუმებს ანსამბლის ახალი პროგრამისთვის.

 

 

2 წელი ვიმუშავე სოლიკო ვირსალაძის ასისტენტად, რომელიც ჩემთვის მეოცე საუკუნის მოვლენად ითვლება.

 

ჩემთვის ანსამბლის მართვა პირდაპირ არავის ჩაუბარებია. კოსტიუმების მხატვრის ასისტენტობიდან დავიწყე და ყველა ეტაპი გავიარე, სანამ ანსამბლის გენერალური დირექტორი გავხდებოდი. არ მეგონა, თუ ოდესმე საქმიან ქალად ჩამოვყალიბდებოდი.

 

– თუმცა დღეს ხშირად გადარებენ ბებიას სიმკაცრით და ბაბუას მართვის სტილით.

 

– ბაბუას საქმეს მოვკიდე ხელი და უფრო მას მადარებენ. ილიკოს კი ბებიას საქმე აქვს აღებული. ნინო ჩემთვის მხოლოდ ბებია არ ყოფილა. ყველანაირად ვცდილობდი, მას დავმსგავსებოდი. ძალიან ბრძენი ქალი იყო. მისი წასვლით ისეთი სიცარიელე დარჩა ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ვერაფერი შეავსებს.

 

– სუხიშვილების დინასტიაში ქალები უფრო ძლიერები არიან თუ მამაკაცები?

 

– ალბათ, უფრო მამაკაცები, როგორც ყველგან. მიმაჩნია, რომ ბაბუა საუკუნის კაცი იყო. მან დროს ბევრად გაუსწრო. 30-40-იან წლებში ისეთი დონის ბიზნესმენი იყო, დღეს რომ ეცხოვრა, ალბათ, ყველაზე ცნობილი პროდიუსერი და იმპრესარიო იქნებოდა.

 

დღესაც მაკვირვებს დიდი ილიკოს საქმიანი ხედვა. დღესაც მისგან ვსწავლობ ბევრ რამეს. ხშირად ვამბობ, ილიკო ასე აკეთებდა და მეც ასე გავაკეთებ. ჩვენი მრჩეველები ბიზნესშიც და ხელოვნებაშიც ისევ ილიკო და ნინო არიან. ნინო ყოველთვის დიდ იმედებს ამყარებდა პატარა ილიკოზე.

 

ბებიას 90 წლის იუბილეზე ილიკომ საჩუქრად დაუდგა ცეკვა „ზეკარი“, რომელიც უკანასკნელი საჩუქარი იყო ბებიასთვის. მან ცეკვა მოიწონა, მუსიკაში კი შენიშვნები მისცა. დღეს ეს ცეკვა იმ სახით არის წარმოდგენილი, როგორც ბებიას უნდოდა.

– სად მთავრდება საქმიანი და სად იწყება ოჯახური ურთიერთობები?

– ოჯახური ურთიერთობები – სახლში, საქმიანი – ოფისში. ილიკოს ძალიან არ უყვარს, როდესაც სახლში საქმეზე ველაპარაკები. არც მამას უყვარდა. ვცდილობთ, ოჯახი და საქმე ერთმანეთში არ ავურიოთ.

 

– ილიკოსთვის როგორი და ხართ და როგორი საქმიანი პარტნიორი?

 

– მგონი, კარგი. ერთმანეთს კარგად ვუგებთ და ერთსულოვნები ვართ საქმეში. სერიოზული გადაწყვეტილების მიღების დროს ყოველთვის ერთი აზრი გვაქვს. როცა აზრები იყოფა, მაშინ არგუმენტებით ვსაუბრობთ და ამ დროს ხან ერთი ვიცვლით აზრს, ხან – მეორე.

 

– ბევრი მიიჩნევს, რომ ილიკო რთული ადამიანია.

 

– და ადვილი ვინ არის? ადვილი ადამიანი ჩემთვის სულელი ადამიანია.

 

– თქვენი მეუღლე, ბიზნესმენი ზურაბ ლეჟავა, სუხიშვილების დინასტიამ როგორ მიიღო? ჩაერთო ისიც თქვენს საქმეში?

– ჩემი მეუღლე ჩართული იმდენადაა, რამდენადაც მხარს მიჭერს ამ საქმეში. მაძლევს საშუალებას, რომ მაქსიმალურად მეტი დრო დავხარჯო ანსამბლში.

 

ნებისმიერი ქმრისთვის რთულია ისეთი საქმიანი ცოლი, როგორიც მე ვარ. თვეობით გასტროლებზე სიარული. ამის ატანა კაცისთვის გმირობის ტოლფასია.

 

ზურა ხშირად მეხმარება თავისი ბიზნეს-რჩევებით, მაგრამ ჩვენი საქმე იმდენად სპეციფიკურია, რომ იქ მხოლოდ ბიზნესის წესებით ვერ იხელმძღვანელებ.

 

– ძალიან მკაცრი ხართ, მოცეკვავეები და მუსიკოსები ცოტა შიშით გიყურებენ.

– ეს, ალბათ, შიშზე მეტად პატივისცემა და მორიდებაა უფროსის მიმართ. რომ არა ასეთი დამოკიდებულება, ძალიან ძნელი იქნება ამხელა გუნდის გასტროლებზე წაყვანა და მათი მართვა.

 

– ხართ თუ არა ბედნიერი ქალი?

– ძალიან რთული შეკითხვაა. სრულყოფილი ბედნიერება სხვა გაგებაა და მე ნამდვილად არ ვარ სრულყოფილად ბედნიერი. ჯერ ერთი, მარტო იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მინდოდა, რომ მთელი ცხოვრება გვერდით მყოლოდნენ, ჩემს გვერდით არ არიან.

 

ამიტომ სრულყოფილი ბედნიერების შეგრძნება აღარასდროს მექნება. ცხოვრებაში კიდევ მინდოდა რაღაცები, რომელიც ღმერთმა არ მომცა. მიუხედავად ამისა, მაინც ბედნიერი ქალი ვარ.

 

საკმაოდ გვიან შევქმენი ოჯახი. არ ვიცი, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ადრეულ ასაკში რომ შემექმნა ოჯახი. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება შედგა.

 

სტატია მომზადებულია „პრაიმტაიმის“ არქივიდან

(ავტორი: თამარ გონგაძე)

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები