23:37 | 2020-05-15 ავტორი: თამარ გონგაძე

“შენ არასოდეს დაგითმია ტვინის ის უბანი, რითიც გიყვარდით” – რატი სამყურაშვილის გარდაცვალებიდან მე-40 დღე

“შენ არასოდეს დაგითმია ტვინის ის უბანი, რითიც გიყვარდით” – რატი სამყურაშვილის გარდაცვალებიდან მე-40 დღე

ყოფილი დეპუტატის, რატი სამყურაშვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. გლიობლასტომასთან (ტვინის სიმსივნე) ორწლიანი ბრძოლის შემდეგ რატი 6 აპრილს გარდაიცვალა.

 

რატის მეუღლე, მწერალი და ტელეწამყვანი, ეკატერინე ტოგონიძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეუღლეს დიდ, ემოციურ პოსტს უძღვნის. გთავაზობთ ამონარიდს.

 

ეკატერინე ტოგონიძე: – ძალიან გრძელი 40 დღე-ღამის წინ დამთავრდა ომი. დავრჩი იარაღასხმული, მოჭიმული, მომართული, დაგეშილი და შენს ფარად ქცეული, გაშეშებული. არც კი ვიცი იქ, ზემოთ როდის გამოაცხადეს ეს ომი დამთავრებულად, შეწყვეტილად თუ წაგებულად?! საერთოდ ჩვენ იმთავითვე წაგებულ ბრძოლაში გაგვიწვიეს და ეტყობა, გამარჯვებაც სხვა რამეში უნდა გვეპოვა…

 

Ekateriné Togonidze-ს ფოტო.

 

ვდგავარ და ვგრძნობ, რომ იარაღები ისევ მომართულია, გადატენილი, მჭიდები სავსეა: ჩამრჩა ულევი ინფორმაცია, ცოდნა, ახალი მეთოდები, წამლები, გეგმები, სასწაულები, მაგალითები, კავშირები, ურთიერთობები, ექიმები, სახელები, გვარები, ტელეფონის ნომრები, იმეილები, ლოცვები, ფსალმუნები, ისევ წამლები, რომელი რომელთან/რამდენი რამდენზე, ზარები, წერილები, თხოვნები, ვედრებები და იმედები.

 

ასხმული მაქვს ეს არტილერია და აგერ უკვე 40 დღეა ვცდილობ ჩამოვიხსნა, უნდა ჩამოვიფრცქვნა, ჩამოვითალო, არადა შემისისხლხორცდა, ვირღვევი თითოეულ ჩამოგლეჯილ ნაწილთან ერთად და ვეღარ ვხვდები, რა რჩება ჩემგან.

 

Ekateriné Togonidze-ს ფოტო.

 

ომიდან გამოწვეული ჯარისკაცივით ვეღარ ვიგებ, სად წავიღო ჩვევად ქცეული ნადირობა სიკვდილზე, ყოველ დილით ან თუნდაც ღამით ხელახლა დარაზმვა და მის ხახაში შევარდნა, შიშების გამუდმებული მოთვინიერება, მათთვის თვალებში ყურება და მყარად დგომა. სიცოცხლისთვის თითოეული წუთის გამოგლეჯვის სიტკბო. შენ იღებდი მთავარ გადაწყვეტილებებს. როდის დაგეთმო, როდის დაგესვენა, როდის მოგეკრიბა არარსებული რესურსი და დადუმებული ენისთვის, რომელიც ისევე ვეღარ ამეტყველდებოდა, როგორც უსულო საგანი, მიგეცა ბოლო ბრძანება, წარმოეთქვა უკანასკნელი სიტყვები, სულ 5 მარცვალი: შე ნი ჭი რი მე.

 

რადგან ასე უნდა მიგემართა შენი შვილისთვის, სხვანაირად არ შეგეძლო. ასე უნდა შეგებებოდი თუთას, რომელიც სულ უფრო იშვიათად გაწუხებდა, იშვიათად იჭყიტებოდა ჩვენს შეცვლილ, რეანიმაციად ქცეულ ოთახში, მაგრამ იცოდა, რომ თუ შემოვიდოდა, უმეტყველო და დაუძლურებული მამა მის დანახვაზე მაინც სასწაულს მოახდენდა და იტყოდა: შენი ჭირიმე!ეს ორი სიტყვა იყო მკაფიო, მტკიცე, შეუცდომელი და ექიმები, რეანიმატოლოგები, ექთნები რჩებოდნენ სახტად. იმეორებდნენ, რომ ეს შეუძლებელია, ენას დამბლა აქვს, ეს შეუძლებელია.

 

 

შენ წყვეტდი ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელ ტერიტორიას შელეოდი და რომელი შეგენარჩუნებინა სიცოცხლის ფასად. ტვინის რომელი უბანი არ დაგეთმო და ბოლომდე ყოფილიყავი რატი, ცნობიერების აბსოლუტური სისაღითა და სიწმინდით.

 

შენ გააკეთე არჩევანი, რისი წაღების უფლება მიგეცა დაუპატიჟებელი სტუმრისთვის და რისი – არა. მთელი ის ინფორმაცია, რაც გლიობლასტომის ჯგუფებში ასობით ადამიანებზე წავიკითხე, შენზე არ გავრცელდა.

 

შენ არასდროს დაგითმია ტვინის ის უბნები, რითიც გვიცნობდი და გეყვარებოდით. ამ დაავადების სტადარტული განვითარება, რომ ვეღარ ამოგეცნო ახლობლები, გამხდარიყავი აგრესიული და სიყვარული სიბრაზით ჩანაცვლებულიყო, გამხდარიყავი უგონო და მცენარესავით გეარსება, შენ არ დაუშვი.

 

შენ არც ერთხელ არ გაბრაზდი! არავისზე, არც ჩემზე, არც ჩვენზე, არც ცხოვრებაზე, არც ბედზე. შენ ადექი და იმხელა გზა გაიარე ღირსეულად, რამხელაც მოგეცა, ძალიან რთული, ყველაზე რთული გზა, რომელიც ადამიანებს ყველაზე მთავარს, ადამიანობას ართმევს და მათ ამაზე ვერასდროს მოსთხოვ პასუხს.

 

უბრალოდ შენ დაავადებასაც აჯობე და დაიტოვე შენი თავი, გაიმარჯვე იქ, სადაც წაგებას სიკვდილი გერჩივნა. შენ არ დათმე ადამიანის სიცოცხლის მთავარი ორგანოს მთავარი უბანი, სადაც სიყვარული ცხოვრობს. და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ წავაგეთ? გამარჯვება რაღა ყოფილა?

 

Ekateriné Togonidze-ს ფოტო.

 

ასე უცნაურად დასრულდა ომი და მე დავრჩი დანაღმულ ველზე. ნაღმია შენი ყველა ნივთი, ნივთმტკიცებულება რომ იყავი, როგორიც იყავი, ესთეტი, დახვეწილი, სიცოცხლის და სილამაზის მოყვარული, ნაღმიაშენი ფოტოები, ვიდეოები, ჩვენი მიმოწერა, ჩვენი ძველი, ფურცელზე დაწერილი წერილები, შენი ძველი კომენტარები ფეისბუქზე.

 

სასტიკი ნაღმია შენს ხასიათზე ზუსტად მორგებული სუნამო, რომელიც დაუნდობლად მიკეტავს სასუნთქ გზებს და ვიხრჩობი. ნაღმია ვენიდან ჩამოტნილი წამალი, რომელსაც ვითვლიდი და ვდარდობდი, თუ გვეყოფოდა (კორონას გამო ფრენებიც გაუქმდა და ვეღარ გამოგვიგზავნიდნენ). ნეტა კი აღარ გვყოფნოდა, დამდგარიყო ის მომენტი, როცა ეს წამალიც გათავდებოდა…

 

გავინძრევი და ვფეთქდები ყოველდღე ნაღმებზე და ხელახლა ვაკოწიწებ ჩემივე დანაწევრებულ თავს, რომ შენი დაბრალებული ძლიერება როგორმე გავამართლო და შენთვისვე შევძლო. შევძლო თუთასთვის“.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X