fbpx
22:01 | 2020-09-08 ავტორი: რუსა ღვანიძე

„შეხედე ცხოვრებას გურულის თვალებით!“ – „მარტოკაცი“ საკუთარ თავს ეძებს

„შეხედე ცხოვრებას გურულის თვალებით!“ – „მარტოკაცი“ საკუთარ თავს ეძებს

„თუ გინდა მხარი დამიჭირო, სითბო, სიყვარული, ჩახუტება და ამბავი გამოხატო, მოიწონე და გააზიარე ვიდეო, დაწერე კომენტარი, ან სურვილის შემთხვევაში, გააკეთე შემოწირულობა“…

 

გაიცანით 23 წლის ახალგაზრდა მომღერალი დამიანე გორდელაძე -“მარტოკაცი”, რომელმაც თანამედროვე და ხალხური სიმღერები გააერთიანა და ქართული ხასიათის პოპულარიზაციაში, პირველი მერცხალი გახდა.

 

ნიჭიერი მუსიკოსის ექსპერიმენტმა გაამართლა და დაახლოებით ორ კვირაში, სოციალურ ქსელის ფეისბუქ-ვარსკვლავად იქცა. „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ პროექტის იდეა, პანდემიის დროს დაებადა. „მარტოკაცმა“ აქტიურობა, რამდენიმე თვის წინ, საკუთარ „ინსტაგრამის“ გვერდზე დაიწყო.

 

„მარტოკაცი“ – „ერთი მსახიობის თეატრი“…

 

ძირითადად, ეგრე გამოდის! ეს პროექტი, თვითიზოლაციამ მოიტანა. პანდემიის პერიოდში მომღერლებს, განსაკუთრებით გაგვიჭირდა. ფეისბუქ-გვერდი „მარტოკაცი“, სოციალურ ქსელში, დაახლოებით, ორი თვის წინ გამოჩნდა, მაგრამ იდეა, პანდემიის დროს დაიბადა.

 

ყოველ დღე და ყოველ წუთს ვმღერი, სიმღერის გარეშე არ შემიძლია. მძიმე პერიოდი დაგვიდგა მომღერლებს, მე განსაკუთრებით, რადგან ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო, სიმღერით ვსაზრდოობ.

 

თვითიზოლაციაში მყოფს, არ მყავდა გვერდზე მომღერალი, რომელიც ჩემთან ერთად იმღერებდა, ამიტომ ტექნიკის საშუალებით, ჩემი თავის „გამრავლება“ მომიწია.

 

 

– პროექტის იდეის ავტორი, ნამდვილად პირველი ხარ, მაგრამ ამ პროგრამას ბევრი იყენებს…

 

პროგრამა, რომელსაც ვიყენებ, რომ საკუთარი თავი გავამრავლო, ძალიან დიდი ხნისაა, მაგრამ ქართულ-ხალხურ მუსიკას, ამ კუთხით არ ჰყავს ბევრი მომხმარებელი. ძირითადად, ანსამბლები მღერიან ყველა ხმას და ეს ჟანრი, ჩვენში დიდად განვითარებული არ არის.

 

ანუ, ყველა ხმას მღერი…

 

ამ ჟანრს, მიმდევრები, უფრო პოპ-მუსიკაში ჰყავს. ქართულ-ხალხურ მუსიკაში, ბევრი იყო ჩემამდე, მაგრამ ამ კუთხით, სადაც იუმორი, ქართული ხასიათი, ქარული მრავალხმიანობა არის ერთად, ჩემი გვერდი „მარტოკაცი“, ერთ-ერთი პირველია.

 

„ქართულ ხალხურ სიმღერას, არ ჭირდება გამდიდრება, ისედაც მაღალ მწვერვალზეა!“ -  მიშო ჯავახიშვილი და ეთნოჯაზბენდ „ირიაოს
2020-07-14„ქართულ ხალხურ სიმღერას, არ ჭირდება გამდიდრება, ისედაც მაღალ მწვერვალზეა!“ - მიშო ჯავახიშვილი და ეთნოჯაზბენდ „ირიაოს" უნიკალური რეპერტუარი

 

როგორ მიიღეს გურულებმა შენი პროექტი… თითქმის ყველა გურულს, საოცარი იუმორი გააჩნია…

 

ამ საკითხზე, ბევრჯერ მიხუმრია. უნივერსიტეტში გურული დიალექტის იუმორზე, პრეზენტაცია მქონდა და მაშინ მომივიდა აზრი – ისევე როგორც ყველა ჩინელი კარგად ვერ ჩხუბობს, ასევე, ყველა გურული ვერ არის ენამოსწრებული, თუმცა გურულები ენაკვიმატობით გამოვირჩევით.

 

განსხვავებული დიალექტი და მიმიკები გახასიათებთ გურულებს, როცა საუბრობთ, რომც არ იყოს სახუმარო, მაინც გაგეცინება…

 

კი ბატონო, გეთანხმებით! ისევე როგორც გურული სიმღერა იძლევა იმპროვიზაციის განმსაზღვერელ შესაძლებლობას, გურული დიალექტი გაძლევს საშუალებას, ნებისმიერი სიტყვა მოიპოვო და მეორე მსმენელისთვის გასაგები გახადო. არადა, შენ შექმენი ეს სიტყვა!

 

მაგალითად, სიტყვა მახინჯს, ან დაგრეხილს შეიძლება მოუძებნო, დაახლოებით, 30 სინონიმი. თითოეულ სიტყვას, მართლაც წაროუდგენლად ბევრი სინონიმი აქვს.

 

სხვა კუთხეების დიალექტზე რას ფიქრობ?

 

რა თქმა უნდა, სხვა კუთხეებშიც ბევრი გამიგია, უბრალოდ, გურულ დიალექტში, უფრო დიდი მასშტაბებია. გამორჩეული ენაკვიმატობის და ენამოსწრებულობის გამო, გურულს შეუძლია წარმოუდგენელი სისწრაფით და მასშტაბებით მოიფიქროს ახალი სიტყვები და ფრაზები, ისე, რომ გასაგები იყოს მსმენელისთვის. გამოდის, რომ ყოველი გურული, ყოველდღიურად ამდიდრებს გურულ დიალექტს.

 

 

რომელიც სავარაუდოდ, არასდროს დასრულდება…

 

ამაშია საქმე, ერთი და იგივე სიტყვის, უამრავი სინონიმი არსებობს. მაგალითად, ჩემ კლასელთან ვსაუბრობდი და ერთი ისეთი სიტყვა ახსენა, რაც აქამდე არ მსმენია, მაგრამ როგორც ჩანს, ის დიდი ხანია იყენებდა და ჩემთვისაც გასაგები გახდა.

 

და, რა სიტყვა იყო?

 

მობრძენკილი – თუ არ ვცდები შემოხეულ, დაფლეთილს ნიშნავს. უამრავი ძალიან რთულად გამოსათქმელი და მოსაქარგი სიტყვებია, რომლებსაც ვიყენებთ. ბევრი, ენის გასატეხია.

 

ანეკდოტზე რა აზრის ხარ?

 

ძალიან არ მიყვარს ანეკდოტები და ვფიქრობ, იუმორის ყველაზე სუსტი მიმდინარეობაა, მაგრამ ერთს მოგიყვებით – თბილისელი შვილიშვილი ურეკავს გურულ ბებიას – ბებო, გურიაში მოვდივარ და სახლში WIFI ხომ გაქვს? – ვაი, ბევრი გვაქ ნენა და ფაი, ქი წამეიღე შენო.

 

სამომავლო გეგმები...

 

ჯერჯერობით, აქტიურად ვარ ფეისბუქზე, სხვა ციფრულ არხებსაც ვიყენებ. Facebook-ისა და Instagram-ის გარდა, გვერდები მაქვს Youtube-ზე, Soundcloud-სა და Telegram-ზე, მაგრამ ნაკლებად ვაქტიურობ, გამომდინარე იქედან, რომ სახლში პატარა მყავს. ეს ახალი პროექტია, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

იმედია, გაგრძელდება და საკუთარ თავს იპოვნის „მარტოკაცი“. კონტურები და ოპტიმალური ფორმატიც გამოიკვეთება, რაც მაქსიმალურად გამოხატავს „მარტოკაცის“ პერსონაჟს. პირადად მე, თავისუფლად ვიგრძნობ თავს და ამ მიმართულებით გავაგრძელებ.

 

 

რამდენიმე მიმართულებაა ჩემი ვიდეოების. მაგალითად, გურულ დიალექტზე გახმოვანებული, სპორტის ერთ-ერთი სახეობა – სუმო, ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი და სხვა….

 

სუმოს აქტიურად ვადევნებ თვალს, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ქართველი სპორტსმენები ლევან გორგაძე და თეიმურაზ ჯუღელი ასპარეზობენ.

 

სულ მინდოდა რეპორტაჟი, გურული დიალექტით წაეყვანა ვინმეს და ავიხდინე კიდეც ოცნება. არის კიდევ – გურული ტრამპი, რომელიც თავის ხასიათით, ახლოს დგას გურულთან (იცინის).

 

რა პროფესიის ხარ?

 

ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ისტორიული მიმართულებით, თუმცა, ჩემი ცხოვრება მუსიკას, ძირითადად, ფოლკლორულ მუსიკას უკავშირდება. რაც ჩემი ცნობიერი ჩამოყალიბდა, მას მერე ქართულ მუსიკასთან ვარ დაკავშირებული.

 

პროფესიონალი მუსიკოსი ხარ?

 

მართალია მუსიკალური სკოლა დავამთავრე ოზურგეთში, მაგრამ მას შემდეგ, შეიძლება ითქვას, მე თვითონ ვცდილობ საკუთარი თავის განვითარებას. არ მივიჩნევ თავს, პროფესიონალ მუსიკოსად.

 

 

სად ცხოვრობ ამ ეტაპზე?

 

რამდენიმე წლის წინ, თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად, თან ოჯახიც შევქმენი. სტუდენტობის დროს მომიწია თბილისში გადმოსვლა. ოზურგეთში დავიბადე და საშუალო სკოლაც იქ დავამთავრე. თვეში რამდენჯერმე მიწევს გურიაში ჩასვლა, რადგან იქ მყავს მშობლები და და-ძმა – რვა დედმამიშვილი ვართ.

 

და ყველა მღერის?

 

რა თქმა უნდა, ჩვენი საოჯახო ანსამბლიც კი გვაქვს – გორდელაძეები. 2015-16 წლებში, ფოლკლორული ოლიმპიადა ჩატარდა, სადაც ოჯახურ კატეგორიაში, ჩვენმა ანსამბლმა გაიმარჯვა, ფეისბუქზეც გვაქვს ჩვენი გვერდი. დედმამიშვილებში – ოთხი გოგო და ოთხი ბიჭი ვართ, დედაც კარგად მღერის.

 

გამოდის, რომ მამას გარდა, ყველა მღერით…

 

– მამა არ მღერის, სასულიერო პირია, მაგრამ ყველაფერს აკეთებს, სიმღერის გარდა.

 

რომელ ტაძარში წირავს?

 

მამაჩემი – მამა მათე გორდელაძე, სოფელ კვირიკეთის წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძარში აღავლენს წირვა-ლოცვას. ჩემი ოჯახი, ოზურგეთის რაიონ სოფელ ლიხაურში ცხოვრობს, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის სოფელია.

 

 

ბავშვის აღზრდაზე და განვითარებაზე, დიდ გავლენას ახდენს ოჯახური გარემო…

 

რა თქმა უნდა! დედაჩემს, ბევრი საზუნავი ჰქონდა, რვა შვილის აღზრდა, არც ისე იოლია. სწორედ, ოჯახმა მომცა დამოუკიდებლად აზროვნების შესაძლებლობა. ჩვენც ვეხმარებოდით, მხოლოდ ორი წელია ჩვენ შორის სხვაობა და ძირითადად, ერთმანეთზე და საკუთარ თავზე გვიწევდა ზრუნვა.

 

დედამ, დიდი როლი ითამაშა ჩვენ აღზრდაში. კარგად მღერის და როგორც თავად ამბობს, ბავშვობიდან გურულ იავნანას და სხვადასხვა საგალობლებს გვიმღეროდა. როცა წამოვიზარდეთ, მამაჩემის – მამა მათეს ტაძარში დავიწყეთ გალობა. ყველამ გავიარეთ ეს გზა გალობის კუთხით. სხვადასხვა ტაძრებში ვგალობდით, რაც გახდა საბაბი იმისა, რომ ორი წლის განმავლობაში, საინგილოში პედაგოგად ვმუშაობდი.

 

საინგილოში როგორ მოხვდი?

 

საპატრიარქო ეძებდა გალობის მასწავლებელს, რომელიც რეგულარულად, ყოველ შაბათ-კვირას ივლიდა ჰერეთში და ჩამოაყალიბებდა მგალობელთა გუნდს. ეს არის კახის რ-ნში, წმ. გიორგის ტაძარი, სადაც გალობის პედაგოგად მიმიწვიეს. მუსიკის თეორია კარგად მესმის, გალობის გამოცდილებაც მქონდა და დავთანხმდი. სკოლაშიც, რამდენჯერმე მომიწია ადრე, ბავშვებთან მუშაობა.

 

ორი წლის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას საინგილოში დავდიოდი. მე და მამა პეტრემ, რომელიც დედოფლისწყაროდან არის, მგალობელთა გუნდი ჩამოვაყალიბეთ, რომელიც აქტიურად გალობდა წირვა-ლოცვაზე. ეს იყო პირველი გუნდი, რომელმაც ამ ტაძარში, პირველად ააჟღერა ქართული საგალობლები.

 

გამორჩეული ქართველები არიან, იმ კუთხით, რომ მათ შეძლეს, თავიანთი კუთხური დიალექტის შენარჩუნება. ჩვენთან კი, ბევრი ტრადიცია დაიკარგა. ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, კახურ სიმღერებს მღერის.

 

რატომ უნდა უსმინო „მარტოკაცს“?

 

„მარტოკაცი“, ძირითადად ქართული ხასიათის პოპულარიზაციას ემსახურება და არის ერთმანეთის კუთხეების, უკეთ გაცნობის შესაძლებლობა. მას შემდეგ, რაც საქართველოში, საკმაოდ აქტუალური გახდა შიდა ტურიზმი, ერთ-ერთი პირველი მერცხალი ამ საქმეში „მარტოკაცია“, რომელმაც გადაწყვიტა ძირითადად, გურიის, სხვადასხვა კუთხეებისთვის უკეთ გაცნობა.

 

„მარტოკაცის“ გარდა, კიდევ რა პროექტები გაქვს?

 

2016 წელს, თბილისში, მე და ჩემმა ძმამ, ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი „გორდა“, რომლის კონცერტი, პანდემიამდე, რამდენიმე ხნით ადრე გვქონდა დაგეგმილი. ბილეთებიც კი იყო დაჯავშნული, მაგრამ პანდემიის გამო, კონცერტი გაგვიუქმეს.

 

ანსამბლი, ძირითადად, 10 წევრისგან შედგება. „გორდა“, არის სუფთა ძველი ფოლკლორი და თუ „მარტოკაცში“ ინგლისურ-გურული სიმღერების მიქსია, ამ ანსამბლში, ისეთი ძველი ქართული სიმღერებია, რომელსაც ჩვენი წინაპრები მღეროდნენ.

 

მისასალმებელია, რომ ახლგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა, ქართული სიმღერების არქივებიდან მოძიება, დამუშავება და შესწავლა დაიწყეთ…

 

როცა ქართულ სიმღერაზე, ან მუსიკაზე ვსაუბრობთ, საბოლოო ჯამში, პროდუქტი, რასაც ქმნი და რაც შექმნა შენმა წინაპარმა, რაღაცაზე უნდა „დააშენო“. მეც ჩემს პროდუქტს, იმ ცოდნასა და გამოცდილებაზე ვაგებ, რაც ბავშვობიდან აქამდე დავაგროვე.

 

გურულ „კრიმანჭულს“, გურულები უკეთ ასრულებენ?

 

გურული „კრიმანჭული“, ეს არის პიკი – ქართული პოლიფონიის უმაღლესი წერტილი. არის ანსამბლები, რომლებიც გურულ „კრიმანჭულს“ ასრულებენ, მაგრამ ბევრი მოკრიმანჭულე, გურული არ არის. „კრიმანჭული“, გურულ ხასიათთან ახლოს არის და შეუძლია სრული იმიტაცია გააკეთოს, მაგრამ, თუ მალე გეღლება ხმა, არაფერი გამოგივა.

 

კრიმანჭულსაც მღერი?

 

ბუნებრივია, რომ შემიძლია, მაგრამ ზოგჯერ არ მყოფნის ხანგრძლივობა, ძალა, რომ დიდხანს ვიმღერო, ძალიან რთულია გურული კრიმანჭულის ხანგრძლივად მღერა. ხმის კუნთი, განსაკუთრებულად იტვირთება და ამ მოძრაობაში ხმა იღლება. ვისაც გავარჯიშებული აქვს ხმა, შეუძლია ხშირად მღერა.

 

თავში ახსენე, რომ პატარა გყავს…

 

დიახ, ორი წლის წინ შევქმენი ოჯახი და უკვე 6 თვის ვაჟი – იონა გვყავს. მეუღლე ანა კობოზევა, რომელმაც რაც საქართველოში ჩამოვიდა გვარი შეიცვალა და ისიც გორდელაძე გახდა. განათლებით მუსიკოსია, ირლანდიურ არფაზე უკრავს, რაც საქართველოში იშვიათია, კლასიკური არფისგან განსხვავდება.

 

ანა მუსიკის თეორიის სპეციალისტია. ქართული მუსიკა მისთვის ახლობელი აღმოჩნდა, გამომდინარე იქედან, რომ სხვა სიმღერებთან ერთად, ურთულეს გურულ სიმღერას – „ჩვენ მშვიდობა“ ასრულებს.

 

ერთად მღერით?

 

პატარა იონასთან ერთად, ჩაწერილი მაქვს სიმღერები, მაგრამ ანასთან ჯერ არა. ხშირად ვუმღერით ჩვენს შვილს ქართულ მუსიკას, განსაკუთრებით, გურულ სიმღერებს. სულ გვქონდა ჩართული გურული ნანა და დღესაც, როცა ამ სიმღერას ვურთავთ, ხვდება, რომ უკვე ძილისპირული აქვს.

 

 

შეუძლებელია, კარგი იუმორი არ გქონდეს…

 

ჩვენი ოჯახის ყველა წევრი – პერსონაჟია, ყველას თავისებური იუმორი გააჩნია. მაგალითად, ჩემი ძმა საბა, რომელსაც ნებისმიერ ადგილას შეუძლია დაიძინოს. ერთხელ დედაჩემს ბიძაშვილი ესტუმრა, რომელსაც ღამით დარჩენა შეთავაზა. არადა, ძალიან ბევრნი ვცხოვრობთ, დერეფნებში „შუქნიშნები“ გვიდგას.

 

სად დავრჩე, ადგილი ისედაც არ გაქვთო, შემოგვჩივლა სტუმარმა. დედაჩემმა უთხრა, ისეთი ახლობლები ვართ, თოხის ტარზეც კი დავიძინებთო. ჩემმა ძმამ გამოსძახა, მე მართლა ვარ თოხის ტარზე დანაძინებიო. თქვენ წარმოიდგინეთ, მართლა დაეძინა, თან მუშაობის დროს, ფეხზე იდგა და ეძინა (იცინის).

 

იშვიათია გურული, რომელიც დიალექტით არ საუბრობს…

 

თბილისსი რომ ჩამოვედი, მეუბნებოდნენ, რაის გურული, რაჭველი ხარ, ისე ნელა ლაპარაკობო. არადა, რა იცოდნენ, ჩემ თავში რა „კომპიუტერული ოპერაციების“ გადატანა ხდებოდა.

 

19 წელი რომ გურიაში იზრდები და გურულ დიალექტზე საუბრობ, რთულია, მოკლე დროში დაივიწყო. წინადადებები, რომელიც თავში, გურულ დიალექტზე მოდიოდა, თან უნდა „მეთარგმნა“, ამიტომ ვსაუბრებდი ნელა – თავში, სერიოზული ოპერაციები მიმდინარეობდა! (იცინის).

 

კარგად გათვალე, გურული ფოლკლორი, კარგად შეერწყა გურულ იუმორს…

 

ადამიანის მიზანია, როგორ გამოხატოს საკუთარი თავი – „მარტოკაცი“, ალბათ. ერთ-ერთი მიგნება იყო. კარგი იმითაც არის, რომ საზოგადოებაში, დადებითი ემოცია გამოიწვია.

 

ისეთი დრო დადგა, საზოგადოება, პირდაპირ მოითხოვს, უცენზურო სიტყვების ხმარებიდან ამოღებას…

 

კარგი იუმორი, „შავი“ იუმორის გარეშე, იშვიათი გახდა და ამიტომ შეიქმნა ეს პრობლემები. ძირითადად, ვცდილობ ყველა ტიპის და ასაკის ადამიანს მოვერგო. ჩემ პროექტში, არის ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც ინტერნეტდამოკიდებულია, რაც ბევრმა ვერ მიიღო. მინდა, რომ ბევრმა ახალგაზრდამ, „მარტოკაცში“, თავის თავი აღმოაჩინოს.

 

რას ეტყოდით საზოგადოებას…

 

ჩემი მთავარი გზავნილია – შეხედე ცხოვრებას გურულის თვალებით! მაქსიმალურად ეცადეთ, ყოველი დილა, პოზიტიურად დაიწყოთ. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, რამდენად დაღლილი იქნებით, დღის განმავლობაში.

 

მარსელიოზა.(დეტალები აღებულია მუტფილმ "გავარდნილებიდან")გამოიწერე გვერდი! 👆🏼👉🏼 როგორც იცით, მარტოკაცი შემოწირულობებით ფუნქციონირებს. 👉🏼 თუ გინდა, მხარი დამიჭირო, სითბო, სიყვარული, ჩახუტება და ამბაავი გამოხატო- მოიწონე და გააზიარე ვიდეო, დაწერე კომენტარი ან სურვილის შემთხვევაში გააკეთე შემოწირულობა! 😊👉🏼 რეკვიზიტები დაბლა, პირველ კომენტარში. 👇🏻

Posted by მარტოკაცი • Martokatsi on ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2020

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X