fbpx
10:18 | 2020-10-22 ავტორი: თამარ ბუჩუკური

სასულიერო პირების “პოლიტიკური ამბიონი” – კანონიკურად, რამდენად აქვთ მათ აგიტაციის პროცესში ჩართვის უფლება

სასულიერო პირების “პოლიტიკური ამბიონი” – კანონიკურად, რამდენად აქვთ მათ აგიტაციის პროცესში ჩართვის უფლება

წინასაარჩევნო კამპანია, ხელისუფლება და ოპოზიცია, მომხრეები და მოწინააღმდეგეები, საარჩევნო ციებ-ცხელება და გადამწყვეტი დღე – არჩევნები. ეს ის საკითხებია, რომლის ირგვლივ სხვადასხვა მოსაზრებები ხშირად ისმის, მათ შორის, ამბიონიდანაც… სასულიერო პირები, რომლებიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ ან სხვადასხვა პარტიულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს ესწრებიან, საზოგადოებაში განხილვის და ხშირად, დავის თემაა.

 

„ამბიონიდან“ გაჟღერებული ფავორიტი პოლიტიკოსისა და პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის მოწოდება, რელიგიური კანონი და თეოლოგი 

 

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ვარდების რევოლუციის გზით, შევარდნაძის მთავრობა ხელისუფლებიდან გადამდგარი არ იყო, მიტინგებში აქტიურობდნენ იმ დროისთვის ჯერ კიდევ დეკანოზი, ბასილ კობახიძე და დეკანოზი ზაზა თევზაძე. მან სიტყვით მიმართა მომიტინგეებს. მამა ზაზა დღესაც ხშირად საუბრობს სხვადასხვა ეთერით მოქალაქობრივ პასუხისმგებლობასა და დასავლურ ღირებულებებზე.

 

ის რევოლუციის შემდეგ აცხადებდა: „საზოგადოებაში სასულიერო პირს ხშირად აღიქვამენ რაღაც ეგზოტიკურ, ტრანსცენდენტულ, წარსულის გადმონაშთად, სამუზეუმო ექსპონატად, რომელსაც ხელში მხოლოდ საცეცხლური ან ჯვარი უნდა ეჭიროს. ბევრისათვის ძნელი წარმოსადგენია სოციალურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული მღვდელი. სასულიერო პირი ყველაზე მეტი გამომხატველი და დამცველი უნდა იყოს ეკლესიის ღირსებისა, რადგან სწორედ ეკლესიაა ის ორგანიზმი, რომელიც საზოგადოების მორალური სულის ამაღლებაზე უნდა ზრუნავდეს. ჩვენ მხოლოდ დისტანციიდან არ უნდა ვქადაგებდეთ”. (გაზ. “24 საათი” #296, 14 დეკემბერი, 2004).

 

მას შემდეგ, რაც 2012 წლის საპარლამენტო საარჩევნო კამპანია ცხელ ფაზაში გადავიდა, ასევე აქტიურობდნენ სასულიერო პირები. ამ მხრივ გამოირჩეოდნენ მამა ბართლომე ფირცხალაიშვილი, მეუფე იობი (აქიაშვილი). ამ აქტიურობის პარალელურად, 2012 წლის 5 ივლისს წმ. სინოდი იღებს დადგენილებას სასულიერო პირების მიერ პოლიტიკური ნეიტრალობის შენარჩუნების ვალდებულებასთან დაკავშირებით. თუმცა ამას არ ემორჩილებიან სასულიერო პირები.

 

2012 წლის 15 ივლისს, „ქართული ოცნების“ გორის აქციაზე კიდევ უფრო მეტი სასულიერო პირი მივიდა. არც მეუფე იობს შეუნელებია სინოდის განჩინების შემდგომ თავისი ანტი-სახელიწუფლებო რიტორიკა. უფრო მეტიც, ასპარეზზე გამოჩნდა  სხვა გულმხურვალე მხარდამჭერი – დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი, რომელსაც, როგორც ამბობენ, თავად პატრიარქი აბარებს აღსარებას.  მან განაცხადა, რომ სინოდის გადაწყვეტილება პოლიტიკურ აქციებზე არდასწრებასთან დაკავშირებით ნამდვილად არ იყო პატრიარქის ნება.

 

2012 წლის 22 ივლისს საკათედრო ტაძარში ქადაგებისას პატრიარქმა განაცხადა: „ხშირად ვკითხულობ, რა თქვეს და როგორ თქვეს მეუფე იობმა, მამა ტარიელმა. მათ თავისი აზრი გამოთქვეს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მტრები არიან. ისინი ისეთივე შვილები არიან ღვთისა და სამშობლოსი, როგორიც ყველა… არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენი მისვლით ჩვენ თითქოს მხარს ვუჭერთ რომელიმე მხარეს და ხდება დაპირისპირება. ვისაც არ უნდა ვუჭერდეთ მხარს, საქართველოს ეკლესიისთვის ყველა სულიერი შვილებია, მთავრობაა თუ ოპოზიცია”.

 

ასევე 2012-ში იყო სასულიერო პირის ცნობილი მოწოდება „დაგმე მიშა“…

 

ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჯგუშია ადგილობრივი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 2014 წელს, ,,ქართული ოცნების” საარჩევნო კლიპებში მონაწილეობდა. ვიდეორგოლში დეკანოზი ამომრჩეველს კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის ირაკლი გოგოხიას მხარდაჭერისაკენ მოუწოდებდა.

 

შემდეგი ხმაურიანი არჩევნები 2018 წელი იყო, როცა სალომე ზურაბიშვილს სასულიერო პირების ნაწილი დაუპირისპირდა მისი ცნობილი ფრაზის შემდეგ: „მივხედავ სასულიერო პირებს“.

 

 

ბოლო პერიოდში საქართველო მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებებს ესწრებიან. ერთ-ერთ ღონისძიებას იმერეთში, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს, ესწრებოდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანემეუფის მტკიცებით, მისი იქ ყოფნა მხარდაჭერას არ ნიშნავს და ის “ხელისუფლებას მიაგებს პატივს”. მსგავს ღონისძიებას ესწრებოდა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონიც.

არიან ოპოზიციის მხარდამჭერი სასულიერო პირები, მათ შორის აქტიურობით გამორჩეული მამა ნექტარიოზ მჭელიძე, რომელიც სოციალურ ქსელში პოლიტიკურ განცხადებებს ხშირად აქვეყნებს.

 

რამდენად აქვთ სასულიერო პირებს კანონიკური უფლება საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია? – ამაზე სასაუბროდ თეოლოგს დავუკავშირდით. გიორგი ტიგინაშვილი ვრცლად საუბრობს, სასულიერო პირების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის არალეგიტიმურობისა და კანონდამრღვევი, ურჩი მღვდელმთავრების დაუსჯელობაზე.

 

„როგორც წესი, წინასაარჩევნო პროცესებში საქართველოს ეკლესია საბაზრო საქონლად განიხილავს მრევლს და ვაჭრობის საგნად აქცევს ხოლმე. მისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი სუბსიდიები და ფინანსური რესურსი, მით უფრო მაშინ, როცა ხელისუფლება არის ბანკროტი, გაკოტრებული და დელიგიტიმირებული, რომელიც ცდილობს შეეხიდოს და სარგებელი მიიღოს.

 

ამასთან, რა თქმა უნდა, მოციქულთა კანონების მიხედვით, მღვდელმთავარს ეკრძალება საერო საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობა. არსებობს სინოდური განჩინებაც, რომელიც ასევე კრძალავს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, რადგან ეკლესია უნდა იყოს მომრიგებლური და კონსოლიდაციის წყარო, და არა – საზოგადოებრივი დაპირისპირების წამხალისებელი. ეკლესია პოზიციონირებს იმგვარად, რომ გვევლინება დომინანტი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერად, ეს იმთავითვე არამართლზომიერია.

 

საარჩევნო ტრადიციად გვექცა, რომ ეკლესიას ეძლევა დამატებითი მიწები, ინფრასტრუქტურული ნაგებობები, სამთავრობო ფონდებიდან ფინანსები. ეს როგორც მორალური, ისე საეკლესიო კუთხით, სამართლებრივი დარღვევა. იგნორირებულია წმინდანთა “დიდის სჯულის კანონი” და მღვდელმთავრები მოქმედებენ თვითნებურად. ეკლესიის როლს, დანიშნულებას აკნინებს.

 

სასულიერო პირები არიან მოქალაქეები, რომლებმაც თავიანთი სამოქალაქო პოზიცია არჩევნების დღეს, ფარული ხმის მიცემით უნდა დააფიქსირონ, ხოლო  აგიტაცია-პროპაგანდა და პარტიულ ყრილობებზე დასწრება ზემოქმედებს ამომრჩეველზე; ეს თავაზიანი მხარდაჭერაა, რომელიც ოპოზიციური მხარდამჭერი მრევლისთვის შესაძლოა, იყოს დამაბრკოლებელი. ეკლესია ასეთ დროს მხარე არ უნდა იყოს, მაგრამ კონიუნქტურა ძლიერია და ცდუნებას ვერ უძლებენ, რადგან მათი უმრავლესობა არის კომპრომიტირებული, თავისუფლების ხარისხი მათში შესაბამისად ნაკლებია, ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან აქვთ გარკვეული ვალდებულებები და ასევე, არსებობს ბიზნესსექტორი, რომლებთანაც კარტერულ გარიგებებში არიან მთავრობასთან და მათთანაც აქვთ მღვდელმთავრებს ვალდებულებები.

 

ეკლესია პოზიციონირებს ისე, რომ ესაა სახელმწიფო სახელმწიფოში და არის შეუვალი კასტა, რომელიც თავს უფლებას აძლევს, პარლამენტში კანონპროექტების მიღების პროცესზე იქონიოს გავლენა. რაც საქართველოს საპატრიარქოს გასდის, ეს ტრიუმფალიზმია, რადგან რუსულ ორბიტაზეა და რუსული გამოცდილებაა ამგვარი – ისინი ხელისუფლებასთან უნისონში მოქმედებენ.

 

სასულიერო პირები თავიანთ მოვალეობას, მოციქულებრივ მართლკვეთელობასა და მოწოდებას ვერ აცნობიერებენ. მართალია, მოციქული ამბობს, რომ “არ არსებობს ხელმწიფება ღვთის ნებისა” და “კეისარს უნდა მიეცეს კეისრისა, ღვთისა- ღმერთისა”, მაგრამ ხშრად, ღვთისთვის მისაცემსაც ხელისუფლებას აძლევენ…

 

–  სინოდური დადგენილებით აკრძალული ქმედების, ამ შემთხვევაში, სასულიერო პირების მხრიდან პოლიტიკური აქტიურობა არის თუ არა დასჯადი?

 

– ეს დადგენილება წმინდა სინოდმა 2011 წელს მიიღო, როცა პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, მაგრამ როგორც ვნახეთ, თვითნებურად მაინც მოქმედებდნენ მღვდელმთავრები.  ჩვენს პრაქტიკაში, ეს განჩინებები არის ფიქტიური და ფორმალური. მხოლოდ ის დადგენილებებია ქმედითი, რომელიც ვინმეს დასჯას ემსახურება. თუ საპატრიარქოს სამდივნოს ვინმეს ინტერესი აქვს, მაშინ აცოცხლებენ ამ კანონებს და შერჩევითი მიდგომის საფუძველზე მოქმედებენ სრული სიხისტით.

 

საქართველოს ეკლესიას აქვს კიდევ ერთი პარადოქსი – საეკლესიო სასამართლო არ არსებობს. ყველა ავტოკეფალიურ ეკლესიას აქვს ეს ორგანო, სადაც ზნეობრივი, დოგმატური თუ სამოქალაქო დავები განიხილება. ჩვენთან ეს ფუნქცია აქვს სინოდს, მაგრამ სინოდი ვერ სინოდობს და ეს ფუნქცია მიტაცებული აქვს საპატრიარქოს სამდივნოს, ამიტომ ვინ უნდა განსაჯონ – საკუთარი თავი? განსასჯელის სკამზე საკუთარ თავებს ვერ დასვამენ. შესაბამისად, კანონი ყოველთვის უმოქმედო იქნება”, – ამბობს გიორგი ტიგინაშვილი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X