20:50 | 2021-10-11 ავტორი: თამარ გონგაძე

საშინელებას ვუყურეთ, გარდაცვლილი ბავშვების გამოყვანას… ის, რაც მოხდა ბათუმში, მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის… მძიმე პერიოდი გვიდგას” – მერაბ კოკოჩაშვილი

საშინელებას ვუყურეთ, გარდაცვლილი ბავშვების გამოყვანას… ის, რაც მოხდა ბათუმში, მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის… მძიმე პერიოდი გვიდგას” – მერაბ კოკოჩაშვილი

ტრაგედიები და მით უფრო, 8 ოქტომბრის ბათუმის ტრაგედიის მასშტაბის, რაღაც თავისი მისიის მატარებელია. არასწორი ცხოვრებისთვის, ზღვარგადასული და ზნედაკარგული სტილისთვის, გონს უნდა მოვეგოთ.

 

უნდა დავფიქრდეთ, რისთვის მოგვევლინა ამხელა განსაცდელი.

 

საცხოვრებელი სახლის ნგრევას ბავშვები შეეწირნენ! ფაქტი აუცილებლად ჩასაღრმავებელია. უზენაესი არასწორი ცხოვრების გამო გვსჯის.

 

რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ბათუმის ტრაგედიას ეხმიანება. ხელოვანს მიაჩნია, რომ ამ მძიმე დროებაში ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდეთ.

 

 

მერაბ კოკოჩაშვილი: – კანონი რომ შეესრულებინათ, მისულიყვნენ, სადაც საჭიროა, სპეციალისტი მიეყვანათ, ხომ არ მოხდებოდა ეს უბედურება, რომელსაც ორი დღეა 24 საათი ვუყურებდით. საშინელებას ვუყურეთ – გარდაცვლილი ბავშვების გამოყვანას. ბავშვის, რომელიც კომპიუტერით ესწრებოდა გაკვეთილს იმიტომ, რომ დღეს ასეთი სიტუაციაა მთელ მსოფლიოში. სკოლაში რომ ყოფილიყო, ცოცხალი იქნებოდა.

 

მომხდარი ფაქტის შემდეგ, ქართველები იმდენ რამეს არ ვითვალისწინებთ, რომ ეს ყველაფერი კარგად ჩანს უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის მართვა ჩვენ თვითონ დავიწყეთ. ვერა და ვერ გავიგეთ, რომ კანონი არსებობს, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ. თუ ეს კანონი არ მოგვწონს, უნდა დავსხდეთ და გადავაკეთოთ, შევცვალოთ, ქუჩა-ქუჩა კი არ უნდა ვირბინოთ.

 

დამოუკიდებელი, ცივილიზებული, დემოკრატიული, განათლებული ქვეყნის მართვა ასე ხდება. როგორც ჩანს, ჩვენ არც პოლიტიკური და საზოგადოებრივი მართვის განათლება გვაქვს მიღებული და ჩვენი ზედმეტად ინდივიდუალისტური ბუნებაც ხელს გვიშლის პრობლემების გადაწყვეტაში.

 

ტრაგედიის წინასწარმეტყველი, ბათუმში დაღუპული 12 წლის დათას ისტორია -
2021-10-11ტრაგედიის წინასწარმეტყველი, ბათუმში დაღუპული 12 წლის დათას ისტორია - "მის ნახატებში ყოველთვის ზურგით არიან ორნი"

 

ფიქრია ყველაფერზე საჭირო. საჭიროა განსხვავებული მიდგომა. ყველა ეპოქას თავისი დახასიათება აქვს. ეს კომუნიკაციების ეპოქაა, ოღონდ ინტერნეტკომუნიკაციის. სტუმარი სახლში ვერ მისულა. მოკლებულნი ვართ ადამიანურ ურთიერთობებს. თითქოს შევიცვალეთ ადამიანები.

 

ძალიან მძიმე პერიოდია. თუ კაცობრიობა არ დაუფიქრდება, საით მივდივართ და ბოლოს და ბოლოს, ვისი მართვის ქვეშ ვიქნებით, არაფერი გამოვა. არ ვიცი, ვერ ვხვდები, რა როგორ იქნება სამომავლოდ.

 

ცალკეული ქვეყნების ინდივიდუალური სახე იკარგება, ეს ენასაც ეხება და კულტურასაც. მაწუხებს ის, რომ საქართველო, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ჩათვლით, მოსახლეობის რაოდენობით იზრდებოდა, დღეს მცირდება. სადამდე მივა შემცირება, არ ვიცი და საკუთარი კულტურის დამცველი, 50 წლის შემდეგ, ვინ იქნება, არც ეს ვიცი. ეცოდინება მას ქართული ენა, ისტორია, სიმღერა?

 

ეს ყველაფერი ასაღელვებელია და ის, რაც მოხდა ბათუმში, მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის, რომ გავიგოთ, მოდით, რა, ვიცხოვროთ ჩვენი კანონით. შევეცადოთ ჩვენი კულტურა არ დავკარგოთ. საქმე არა ერთმანეთის ჭყლეტვით და მოშორებით, არამედ პატივისცემით ვაკეთოთ…

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!