11:33 | 2021-03-27 ავტორი: Prime Time

საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს – თენგიზ ცერცვაძის ინიციატივა

საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს – თენგიზ ცერცვაძის ინიციატივა

საქართველო, შესაძლოა, პირველი ქვეყანა იყოს, სადაც მოსახლეობისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება არა ნებაყოფლობითი, არამედ სავალდებულო გახდეს.

 

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობამ ვაქცინის მიმართ პასიურობა გააგრძელა, სახელმწიფოს მათ მიმართ იძულების გარკვეული ფორმების გამოყენება მოუწევს.

 

„თუ გაგრძელდა პასიურობა, რომელიც შეინიშნება ვაქცინაციის პროცესში, სახელმწიფომ რაღაც უნდა გააკეთოს, ეს რაღაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს დარწმუნების კამპანია, მაგრამ თუ ამან შედეგი ვერ გამოიღო, შეიძლება, რა თქმა უნდა, შეიძლება, დადგეს ესეთი საკითხი, რომ იძულების რაღაც ფორმები გატარდეს“,- განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში ცერცვაძემ.

 

იმის გასარკვევად, კონკრეტულად რას გულისხმობს ცერცვაძე იძულების ფორმებში „პრაიმტაიმი“ ინფექციონისტთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. 

 

რას ამბობდა თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ვაქცინაციის შემოტანამდე?

 

„ჩემი რეკომენდაციაა, წელს ვაქცინა სავალდებულო უნდა იყოს, ანუ დღევანდელ პირობებში კოვიდის ვაქინაცია სავალდებულო უნდა იყოს ყველა რისკის ჯგუფისთვის. თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტური იქნება ვაქცინა“,- განაცხადა ცერცვაძემ ვაქცინის შემოტანამდე „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

ვაქცინის სავალდებულო სახით გამოყენებას არ ემხრობა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე. როგორც მან „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, პარლამენტში აღნიშნული საკითხი არ განხილულა.

 

„თენგიზის მოწოდება ისეთი დიდი გულისტკივილია, ის მთელი ცხოვრება ემსახურება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას. მე ვფიქრობ, რომ ვაქცინაცია სავალდებულოზე არ გადავა, რადგან ეს ნებაყოფლობითია და ამ პრინციპს არ უნდ ვუღალატოთ. დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობას ეყოფა გონიერება, რომ ვაქცინაციია პროცესი არ ჩავარდეს“,- განაცხადა კახაძემ.

 

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია, რასაც ინფექციონისტები კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების  მიზეზად ასახელებენ.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ავტორი: Prime Time


X