11:44 | 2020-03-31 ავტორი: თამთა თორდია

საქართველოში ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დროებით იხურება

დღეიდან, 31 მარტიდან საქართველოში დროებით წყდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა. შეზღუდვები უწესდება კიდევ ათამდე სუბიექტს.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ მიიღო COVID-19-ის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით.

 

„ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტების მუშაობა.

 

კერძოდ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საკრედიტო კავშირების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, ასევე, აქტივების მმართველი კომპანიების, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის მუშაობა.

 

ასევე დროებით შეჩერდება საფონდო ბირჟის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მუშაობა.

 

ამ სუბიექტებს საქმიანობა (გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა), შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისებში მიუსვლელად, მხოლოდ დისტანციური არხების მეშვეობით შეეძლებათ.

 

ამასთან, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას კვლავ განაგრძობს კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

 

უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურების მიმწოდებლები.

 

ამ შეზღუდვის პირობებშიც, მოსახლეობას ფინანსური სერვისების უწყვეტად მიღების შესაძლებლობა აქვს. მათ შორის, გრძელდება ნაღდი ფულის შეუფერხებლად მიწოდება, ნებისმიერი ტიპის გადახდების განხორციელება, სასესხო და სადეპოზიტო მომსახურება და ვალუტის გადაცვლის სერვისების მიწოდება, ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.

 

იმისათვის, რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები. კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე – [email protected]

 

ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას“, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 108 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 21 ადამიანი განიკურნა.

 

საქართველოში კორონავირუსისგან 21-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა
2020-03-31საქართველოში კორონავირუსისგან 21-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები