11:29 | 2021-09-12 ავტორი: Prime Time

საქართველოში მოკლული უცხოელები – ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმეები

საქართველოში მოკლული უცხოელები – ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმეები

მიმდინარე წლის 30 ივლისს თბილისში ავსტრალიის მოქალაქე შანაე ბრუკი მოკლეს. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. ქალის მკვლელობის ბრალდებით 7 სექტემბერს რაფაელ მურსაკულოვი დააპატიმრეს. მას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით უკვე შეუფარდა პატიმრობა.

 

რაფაელ მურსაკულოვი ბრალს არ აღიარებს და ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებულის ბებიის განცხადებით მის შვილიშვილს ადამიანის მოკვლა არ შეეძლო, რადგან მიცვალებულის ეშინია.

 

შანაი ბრუკის მკვლელობამ ქართულ საზოგადოებას ბოლო დროის კიდევ ორი გახმაურებული და რეზონანსული საქმე გაახსენა. ორივე საქმე უცხოელების მკვლელობას უკავშირდება.

 

სმითების საქმე

 

4 ივლისს 2 წელი შესრულდა ხადას ხეობაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობიდან, რომელსაც საქართველოში მცხოვრები ამერიკელი წყვილის რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის, ქელების სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ამ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მწყემსს მალხაზ კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

2018 წლის 3 ივლისს, საქართველოში მცხოვრები ამერიკელი სმითების ოჯახი დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში სალაშქროდ წავიდა.

 

3 ივლისს ოჯახმა ღამე ხეობაში, მდელოზე გაათია სოფელთან ახლოს, 4 ივლისს კი ხეობის დათვალიერება დაიწყეს.

 

6 ივლისს 112-ში სმითების ახლობლისგან შეტყობინება შევიდა – სმითების ოჯახი გაუჩინარებასთან დაკავშირებით. 5 ივლისს თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე რაიან და ლორა სმითები არ მივიდნენ. ისინი არც ტელეფონს პასუხობდნენ.

 

ძებნა დაიწყო, მაგრამ ახლობლებს მკვლელობის ვერსია არ დაუშვიათ, სანამ რაიან სმითის გვამზე ნატყვიარი არ ნახეს და ექსპერტიზით არ დადასტურდა, რომ ის მოკლული იყო.

 

მკვლელობისთვის მსჯავრდებული მალხაზ კობაური ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

 

 

ყაზახი გოგოს მკვლელობის საქმე

 

26 წლის ყაზახი ქალი, ასსელ აიტპაევა საქართველოში 27 აპრილს, სამუშაოდ ჩამოვიდა. ერთ კვირაში 5 მაისს ის თბილისში კედიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრების ქვეშ გარდაცვლილი იპოვეს.

 

პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად, 5 მაისს თბილისში 56 წლის ბესიკ თორდუამ ქალი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა, რის შემდეგაც ასსელ აიტპაევა მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სამართალდამცველებმა ბესიკ თორდუა 6 მაისს დააკავეს, დაკავებული ბრალს არ აღიარებდა.

 

მოგვიანებით დაკავებული ბესიკ თოდუა ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. თოდუას ადვოკატისთვის  განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

 

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X