09:59 | 2020-03-21 ავტორი: ანეტი მიქელაძე

საქართველოს თავდაცვის ძალები დღეიდან ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

საქართველოს თავდაცვის ძალები დღეიდან ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალები 21 მარტიდან ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს.

 

როგორც მინისტრი ამბობს, ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება.

 

„ჩემი, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის უპირველესი პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცების და მათი ოჯახის წევრების დაცვაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და 21 მარტიდან კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის.

 

ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება. ეს პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით.

 

აღნიშნულ მდგომარეობაზე გადასვლა მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას.

 

12 მარტს გამოცემული ჩემი ბრძანების მიხედვით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. ამავე ბრძანების მიხედვით, სამსახურში გამოცხადება აეკრძალა გარკვეულ პირთა კატეგორიას.

 

საქართველოში დაბრუნებიდან ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ უნდა გამოცხადდეს თავდაცვის უწყების თანამშრომელი, იმ შემთხვევაში თუ: თავად ან მისი ოჯახის წევრები ამ ბრძანების გამოცემამდე ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ; მასთან კონტაქტი ჰქონდა უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირს; პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ჰქონდა, როგორც პირადად, ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით იმ პირთან, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში ან დაუდასტურდა კორონავირუსი.

 

ასევე შემდგომ განკარგულებამდე სამსახურში გამოცხადება ეკრძალება: გრიპისმაგვარი დაავადების ან მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირს; ორსულ ქალს; ქრონიკული დაავადების მქონე/სხვადასხვა სახის იმუნოდეფიციტის მქონე პირს.

 

აღნიშნული თანამშრომლები ვალდებულნი არიან მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას და ინფორმაცია მიაწოდონ უშუალო ხელმძღვანელს.

 

ვირუსის მაქსიმალური პრევენციის მიზნით უწყების თითოეული თანამშრომელი ვალდებულია, შეავსოს სპეციალური კითხვარები. თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს კი, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს. თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. უწყებაში საგანგებო თათბირები სამინისტროს მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით იმართება. სპეციალური ჯგუფების მიერ მოწმდება სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურა. შენობებში ხელმისაწვდომია შესაბამისი სადეზინფექციო და ჰიგიენის საშუალებები“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები