
დღეიდან საქართველოს საბაჟო საზღვარზე არსებული ყველა საერთაშორისო მიმოსვლის გამშვები პუნქტი ფიზიკური და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის დახურული იქნება. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვა ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება (მათ შორის სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო და სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვები) 24-საათიან რეჟიმში, სპეციალურად შემუშავებული პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს.
ამავე დროს გაცნობებთ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან შემოღებული ახალი დროებითი რეგულაციების თანახმად, დღეიდან ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე არსებული ყველა საერთაშორისო მიმოსვლის გამშვები პუნქტი – ,,წითელი ხიდი“, ,,ლაგოდეხი“, ,,სამთაწყარო“ და „მტკვარი“ ფიზიკური პირებისა (როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის) და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის დახურული იქნება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
31 მარტიდან კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. გამოცხადდა კომენდანტის საათი
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.