fbpx
21:19 | 2020-10-07 ავტორი: Prime Time

საქართველო:ბელარუსი – რა უნდა ვიცოდეთ მეტოქის შესახებ

საქართველო:ბელარუსი – რა უნდა ვიცოდეთ მეტოქის შესახებ

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ეროვნულ ნაკრებს არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჩასატარებელი. ქართველ ფეხბურთელებს ისტორიული შანსი აქვთ, რომ ყველა გულშემატკივარის ოცნებაა აასრულონ და ევროპირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვონ.

 

აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანია როგორც ქართველი, ასევე ბელარუსი ფეხბურთელებისთვისაც, რადგან მათაც, ჩვენს მსგავსად პირველად აქვთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის რეალური შანსი.

 

ალბათ არ იქნებოდა ურიგო, თუ ჩვენი მეტოქის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს გავიგებთ.

 

ჩვენი მეტოქის გუნდი ძირითადად ბელარუსის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ასევე გვხვდებიან ფეხბურთელები, რომლებიც რუსეთის პრემიერ ლიგაში და ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატშიც თამაშობენ. ამჟამად, ბელარუსის ნაკრები ფიფას რეიტინგში 87-ე საფეხურზე იმყოფება და საქართველოს ნაკრებს 2 საფეხურით უსწრებს. შეტევაში გუნდის ლიდერი „ბატე ბორისოვის“ 32 წლის თავდამსხმელი, პაველ ნეხაჯჩიკია, რომელიც მოახლოებულ შეხვედრას კორონავირუსით ინფიცირების გამო გამოტოვებს.

 

ერთა ლიგის მეოთხე დივიზიონში ბელარუსებმა საკუთარ ქვე-ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მათი მონაგარი D დივიზიონის მეორე ჯგუფში ასე გამოიყურება.

 

მოლდოვა 0-0 ბელარუსი

 

ბელარუსი 1-0 ლუქსემბურგი

 

ბელარუსი 0-0 მოლდოვა

 

ლუქსემბურგი 0-2 ბელარუსი

 

სან მარინო 0-2 ბელარუსი

 

როგორც ვხედავთ, 5 მატჩში ჩვენი მეტოქის ფეხბურთელებს გოლი საერთოდ არ გაუშვიათ და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ნაკრების ამოცანა შედარებით გართულდება.

 

ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 54 წლის მიხაილ მარხილია. მისი სამუშაო გამოცდილება მხოლოდ ადგილობრივ ჩემპიონატში მუშაობით შემოიფარგლება. სხვადასხვა წლებში მარხილი ბელარუსის ასაკობრივ ნაკრებებს წვრთნიდა, 2019 წლის სექტემბრიდან კი მან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩაიბარა. ბელარუსებმა სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწიეს წარმატებას ერთა ლიგის D დივიზიონში.

 

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქამდე საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებები ერთმანეთს 3-ჯერ შეხვდნენ. პირველად, 2012 წლის 7 სექტემბერს საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს. ამავე წლის 16 ოქტომბერს კი ბელარუსებმა საკუთარ მოედანზე ქართველები 2:0 დაამარცხეს. მესამედ გუნდები ერთმანეთს 2017 წლის 13 ნოემბერს, ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა.

 

ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე ჩრდ. მაკედონიასა და კოსოვოს ეროვნულ გუნდებს შორის გამარჯვებული იქნება. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X